ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

პარლამენტმა უფასო სარეკლამო დროის გადანაწილებასთან დაკავშირებული ინიციატივა დაამტკიცა

პარტიებს შორის უფასო სარეკლამო დროის გადანაწილებასთან დაკავშირებული ”საარჩევნო კოდექსში” შესატანი ცვლილებები, პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა. კანონპროექტი 80 ხმით მიიღეს.

კანონპროექტის თანახმად, უფასო სარეკლამო დროით ისარგებლებს არა მარტო ის პარტია, რომელიც კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის (ბლოკის) პირველი ნომერი იყო, ან რომელმაც ბოლო საპარლამენტო არჩევნებში ხმების 4% ან მეტი მიიღო, არამედ ყველა პარტია, რომელიც საბიუჯეტო დაფინანსებას იღებს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მაუწყებლის მიერ გამოსაყოფი უფასო სარეკლამო დროის ხანგრძლივობა არ იზრდება.

საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად შეიძლება აირჩეს/დაინიშნოს ქმედუნარიანი მოქალაქე 18 წლის ასაკიდან, რომელიც დადგენილ მოთხოვნებს აკმაყოფილებს. კანონს ემატება რეგულაცია, რომელიც განსაზღვრავს ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციას. კერძოდ, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი შედგება არანაკლებ 5 წევრისგან. ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წევრი არ შეიძლება იმავდროულად იყოს სხვა საინიციატივო ჯგუფის წევრი. ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს უფლება აქვს წარადგინოს მხოლოდ ერთი კანდიდატი.
დაზუსტდა არჩევნების შედეგების შეჯამება ცესკოში, გაიწერა ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციის, რეგისტრაციაზე უარის თქმისა და რეგისტრაციის გაუქმების წესები და საფუძვლები.

”საარჩევნო კოდექსს” დაემატა მუხლი, რომლითაც განისაზღვრება საქართველოს პარლამენტის 2016 წლის არჩევნებში იმ ამომრჩევლის მონაწილეობის წესი, რომელიც მოიხსნა საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციიდან, ან რომლის რეგისტრაციაც ძალადაკარგულად გამოცხადდა სააგენტოს გადაწყვეტილებით ან რომელიც რეგისტრირებულია მისამართის მითითების გარეშე.

დაზუსტდა ახალარჩეული პარლამენტის პირველი შეკრების და პირველი სხდომის ჩატარების დეტალები. კერძოდ, ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა იმართება საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნების შემდეგ, პარლამენტის არჩევნების დღიდან 20 დღის განმავლობაში, თუ არჩევნების მეორე ტური არ დაინიშნა, ხოლო თუ მეორე ტური დაინიშნა, – მეორე ტურის კენჭისყრის დღიდან 20 დღის განმავლობაში.

იტვირთბა....