გრძელდება ქმრისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულის, მაგდა პაპიძის საქმის არსებითი განხილვა, რომელსაც ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ.
მოწმის სახით დაიკითხა საქმის ერთ-ერთი გამომძიებელი ნუგზარ ნათელაშვილი. მისი თქმით, ოთახში აღმოჩენილია მოწმენდილი სისხლის კვალი.
სპეციალური დანათებით გამოძიებამ აღნიშნული სისხლის კვალი აღმოაჩინა. გამომძიებლის განცხადებით, ექსპერტიზამ დაადგინა, რომ სისხლი მოკლულ ომარ ქაფიაშვილს ეკუთვნოდა. როდესაც მაგდა პაპიძე დაკითხეს და დაინტერესდნენ, საიდან გაჩნდა ოთახში სისხლის კვალი, მისი თქმით მაგდა პაპიძემ აღნიშნული სურათისგან აბსოლუტურად განსხვავებული ვერსია წარმოადგინა, რამაც გამოძიებას გაუმყარა ეჭვი რომ დანაშაული სწორედ მისი ჩადენილი იყო.
ნივთმტკიცებად ამოღებულია ურო. გამოძიების ვერსიით, სწორედ აღნიშნული ნივთით მოხდა ქმრის მკვლელობა. გამომძიებლის თქმით, უროს თავზე აღმოჩნდა ომარ ქაფიაშვილის სისხლის კვალი.
გამომძიებელმა ასევე აღნიშნა, რომ ბრალდებულის დედამთილის დაკითხვის შემდეგ კიდევ უფრო გამყარდა ვერსია, რომ დანაშაული მაგდა პაპიძემ ჩაიდინა.
ნათელაშვილის თქმით, 22 დეკემბერს მას დაუკავშირდა მაგდა პაპიძის და, ლანა პაპიძე და მოიკითხა საქმის დეტალები, ასევე ოქროულობა. ამის გაგონებაზე ლანა პაპიძემ ნებაყოფლობით დატოვა დარბაზი.
გარეთ გამოსულმა ლანა პაპიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სხდომა გამომძიებლის ტყუილის გამო დატოვა. როგორც ლანამ განაცხადა, გამომძიებელს ის არ დაკავშირებია, მეტიც, არც იცოდა ვინ იძიებდა ამ საქმეს.
“რა ოქროულობა, ვის ეცალა ოქროულობისთვის? ეს დიდი ტყუილია, ტალახია. გამომძიებელმა პანაშვიდიდან წაგვიყვანეს მე და დედაჩემი”- განაცხადა ლანა პაპიძემ.
მან მის მიერ გამოძიებლისთვის მიცემულ ჩვენებებზეც ისაუბრა. როგორც ლანა პაპიძემ აღნიშნა, იმ ჩვენებებში მისი ნათქვამი გავრცობილია და ჩამატებულია ბევრი დეტალი.
“როგორ ფიქრობთ, მე და დედაჩემმა თავად მივეცით ჩემი დის წინააღმდეგ ჩვენებები, ხალხო? მე დავდუმდები, მაგრამ რა ხდება საერთოდ, რამდენი ტალახია”. – განაცხადა პაპიძემ.
გამომძიებელმა ასევე ისაუბრა გამოძიების ვერსიით ბრალდებულის მაგდა პაპიძის მეგობარ მამაკაცზე, ოთარ ბერძენიშვილზე. მისი თქმით, ის არ ყოფილა შემთხვევის ადგილზე მკვლელობის მომენტში.
შეგახსენებთ, სამართალდამცავებმა 5 წლის შვილისა და ქმრის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძე 2015 წლის 20 დეკემბერს დააკავეს. მაგდა პაპიძე ბრალს არ აღიარებს.