ნაფიც მსაჯულთა პროფესიული წრე შესაძლოა გაიზარდოს. მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით, ნაფიც მსაჯულად შეიძლება შეირჩეს გამომძიებელი, პოლიციელი, იურისტი, ფსიქოლოგი და ფსიქიატრიც. ცვლილებებს მხარს არ უჭერენ “რესპუბლიკური პარტიის” წევრები.
კანონპროექტი ოპოზიციისთვისაც მიუღებელია. “ნაციონალური მოძრაობის” წევრის, სერგი კაპანაძის განცხადებით, პარტიას არ მიაჩნია მიზანშეწონილად წრის გაფართოება და პროფესიების დამატება.
მათი შეფასებით, ამ ადამიანებმა თანამდებობრივი სტატუსით და ცოდნით შესაძლოა გავლენა მოახდინონ სხვა მსაჯულების გადაწყვეტილებაზე, რაც საბოლოოდ, ვერდიქტზეც აისახება.
უმრავლესობაში კი მიიჩნევენ, რომ პროფესიის მიუხედავად, ამ ადამიანებსაც უნდა მიეცეთ ნაფიც მსაჯულად ყოფნის უფლება.
„არ უნდა მოხდეს მოქალაქეებისთვის პროფესიის მიხედვით, იმ უფლებების შეჩერება, რაც ზოგადად მისაღებია ყველასთვის,“ – განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა.