ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

გიორგი კანდელაკი: გამოძიების დაწყება აღიარებითი ჩვენებაა

სტრასბურგში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საზაფხულო სესიის ფარგლებში ქართული დელეგაცია ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ხვდება. წინასწარი ინფორმაციით, საუბარი შეეხება არა მხოლოდ ორმხრივ ურთიერთობებს, არამედ სტრასბურგის სასამართლოს მიერ, საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით გამოტანილ გადაწყვეტილებას.

შეკითხვები აღნიშნულ საკითხზე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზაფხულის სესიაზე, გუშინ თავისუფალი დებატების ფორმატშიც დაისვა.

ყოფილი პრემიერის ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის ფაქტზე პროკურატურის მიერ დაწყებულ გამოძიებაზე კომენტარები გააკეთეს ქართული დელეგაციის წევრებმა.

„გამოძიების დაწყებით საქართველოს პროკურატურამ ფაქტობრივად დაადასტურა, რომ ყველაფერი რაც წერია ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს გადაწყვეტილებაში მერაბიშვილის საქმეზე, სიმართლეა. ეს არის ერთგვარი აღიარებითი ჩვენება. რანაირი შელამაზებითაც არ უნდა დაკავდეს მთავრობა, მთავრობას, ბიძინა ივანიშვილს არაფერი არ ეშველება,“ – ასეთი განაცხადება “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა გიორგი კანდელაკმა გააკეთა.

პროკურატურის გადაწყვეტილებას გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით, დადებითად აფასებენ მმართველი გუნდის წევრები.

„ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება არის ყველა ქვეყნისთვის სავალდებულო და ჩვენ ვართ ის ქვეყანა, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ სასამართლოს გადაწყვეტილებას. მით უფრო იმ ფონზე, რაც სულ ახლახანს პარლამენტში, სწორედ ჩვენმა კომიტეტმა ინიცირება მოახდინა, რომ პარლამენტმა გააძლიეროს კონტროლი ევროსასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებაზე. გამოძიებას ნუ დავასწრებთ, გამოძიება სწორედ იმიტომ ტარდება, რომ მან გასცეს პასუხი კითხვებს რასთან გვქონდა საქმე, მოხდა თუ არა საერთოდ ეს ფაქტი.“ – განაცხადა პარლამენტის წევრმა ეკა ბესელიამ.

შეგახსენებთ, დღეს პროკურატურამ მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის საკითხთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

“ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაიწყო გამოძიება ცალკეულ საჯარო მოხელეთა მიერ სამსახურეობრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.“ – ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

იტვირთბა....