განახლდა შვილისა და ქმრის მკვლელობაში ბრალდებულის, მაგდა პაპიძის საქმის არსებითი განხილვა, რომელშიც ნაფიცი მსაჯულები მონაწილეობენ. დღეს მოწმის სახით იკითხებიან მოკლული ომარ ქაფიაშვილის თანამშრომლები და პაატა ნოზაძე, პოლიციის დეპარტამენტის დეტექტიური სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელი.
გამომძიებლის თქმით, ის 20 დეკემბერს გამოცხადდა შემთხვევის ადგილზე. ექსპერტებთან ერთად დაათვალიერა შემთხვევის ადგილი, კერძოდ, კინოლოგიის სამსახურის ექსპერტებთან, ექსპერტ კრიმინალისტებთან და სამედიცონო ექსპერტთან ერთად.
შემთხვევის ადგილის და ავტომანქანის დათვალიერება მოხდა მესაკუთრის, დარეჯან მინდიკაურის თანხმობით.
დარბაზში მსხდომებს შემთხვევის ადგილის სურათები წარმოუდგინეს.
გამომძიებელმა აღნიშნა, რომ როცა გვამების დათვალიერება მოხდა, ჰაერის ტემპერატურა იყო – 3 გრადუსი. ახლოდან, სხვადასხვა რაკურსით აჩვენეს მოკლულების გვამები, რაც ემოციური აღმოჩნდა მოკლულის ახლობლებისთვის. ამ მომენტში ბრალდებული მაგდა პაპიძე თავით იყო დამხობილი. მოკლულმა ომარ ქაფიაშვილის დედამ მიმართა მას: ” აწიე თავი, დეგენერატო, დაინახე”.
გამომძიებლის თქმით, ომარ ქაფიაშვილის ფეხსაცმელები მანქანაში იყო. მანქანაში ნახეს ასევე იარაღი და ავტომანქანის გასაღები. მისივე ინფორმაციით, სისველე მაქანაში არ ყოფილა. სისხლის ლაქაა აღმოჩენილი მანქანის გარეთ. შიგნით, მანქანის სავარძელზე აღმოჩენილია ლაქა, გამომძიებლის თქმით, ძველი იყო. წინა მარცხენა სავარძელზე აღმოჩენილია ბავშვის ფეხსაცმელი. მანქანის წინა სავარძელი უკან იყო გადაწეული. მანქანის მარჯვენა საბურავზე ასევე აღმოჩენილია სისხლის ლაქა.
ოთახში, სადაც გარდაცვლილი ცხოვრობდა, იქ მდგომი მაგიდის ქვეშ აღმოჩენილია მოკლული ომარ ქაფიაშვილის სისხლი. გამომძიებლის თქმით, როგორც ჩანს, მოწმენდის შედეგად სისხლი ზოლად დარჩა მაგიდის ქვეშ. აღნიშნული მაგიდა იდგა დივნის წინ. სისხლის ლაქა აღმოჩენილი იქნა მაგიდის ქვედა თაროზეც.
გამომძიებლის განცხადებით, საწოლზე თეთრეული ახალი გამოცვლილი იყო.
ბრალდებული მაგდა პაპიძე შეუძლოდ გახდა, რის გამოც სასამართლომ 45 წუთიანი შესვენება გამოაცხადა.
პროცესი გაგრძელდება ისევ გამომძიებლის დაკითხვით.
შეგახსენებთ, მაგდა პაპიძეს ბრალად ქმრისა და შვილის მკვლელობა ედება. პაპიძე ბრალს არ აღიარებს. სამართალდამცავებმა 5 წლის შვილისა და ქმრის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძე 2015 წლის 20 დეკემბერს დააკავეს.