რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი ყოფილი პრემიერის ვანო მერაბიშვილზე გამოძიების დაწყების საკითხის ეხმაურება და აცხადებს, რომ მერაბიშვილი სიცოცხლის ბოლომდე ციხეში უნდა იჯდეს.
“როგორ გგონიათ, ინფრასტრუქტურის მინისტრი იმით უნდა იყოს დაკავებული, რომ იფიქროს, მერაბიშვილზე გამოძიება დაიწყება თუ არა? როგორც მინისტრი, ისე არ ვამბობ, მაგრამ ვანო მერაბიშვილი სიცოცხლის ბოლომდე ციხეში უნდა იჯდეს. ის ციხეში იქნება თუ არა, ეს არც არაფორმალურ მმართველობაზე მიუთითებს და არც ადამიანის უფლებების დარღვევაზე. ” – განაცხადა ჯავახიშვილმა.
შეგახსენებთ, დღეს პროკურატურამ მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის საკითხთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.
“ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაიწყო გამოძიება ცალკეულ საჯარო მოხელეთა მიერ სამსახურეობრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.“ – ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.