ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის დაწესებას ერთხმად დაუჭირეს მხარი. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ჩვენ განვიხილეთ ვიზალიბერალიზაციის დაწესების საკითხი. ევროკავშირის ყველა წევრმა ქვეყანამ დაადასტურა, რომ საქართველომ შეასრულა ყველა პირობა“, – აღნიშნა მოგერინიმ.
მისი თქმით, ახლა ნიდერლანდებმა, როგორც თავმჯდომარე ქვეყანამ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის დაწესების საკითხი უნდა შეიტანოს ევროკავშირის მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტის (COREPER) უახლოესი სხდომის დღის წესრიგში.
„საქართველომ დაწესებული სამუშაო შეასრულა და ეს რაც შეიძლება მალე უნდა დაფასდეს“, – განაცხადა მოგერინიმ.