ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

GRASS: „საზოგადოება 2030“-ის ფორუმზე დასწრების საშუალება არ მოგვეცა“

“საქართველოს რეფორმების ასოციაცია”, ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილი მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას პასუხობს. ორგანიზაციის ინფორმაციით, ეკონომიკურ ფორუმზე დასწრების საშუალება მრავალი მცდელობის მიუხედავად არ მიეცათ.

“გვსურს გამოვეხმაუროთ ბიძინა ივანიშვილის მიერ „საზოგადოება 2030“-ის ორგანიზებით გამართულ ეკონომიკური ფორუმის შეხვედრაზე დღეს გაკეთებულ განცხადებას. ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა სამწუხაროდ იცრუა, როდესაც განცხადა, რომ „მისი დაჟინებული თხოვნის მიუხედავად“, შეხვედრაში სხვადასხვა „ოპოზიციურად განწყობილმა ექსპერტებმა” მონაწილეობა არ მიიღეს.

მიმდინარე წლის 14 ივნისს, მედიასთან გამართული შეხვედრის დროს, ბიძინა ივანიშვილმა ფაქტ-მეტრის („საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ მედია პროექტი) წარმომადგენლის ზაზა აბაშიძის შეკითხვები, რომლებიც საქართველოს ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებს შეეხებოდა, უპასუხოდ დატოვა. თუმცა, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა შეკითხვებში გაჟღერებულ თემებზე სასაუბროდ „საქართველოს რეფორმების ასოციაცია“ 20 ივნისს დაგეგმილ ეკონომიკური ფორუმის მორიგ შეხვედრაზე მიიწვია და ამ მიზნით, მან „ქართუ ჯგუფის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსთან, გიორგი უძილაურთან დაკავშირება გვირჩია. ჩვენი არაერთი მცდელობის მიუხედავად, სამწუხაროდ, აღნიშნულ ღონისძიებაზე დასწრების შესაძლებლობა არ მოგვეცა. გასული კვირის განმავლობაში ჩვენ არაერთხელ დავუკავშირდით გიორგი უძილაურს, თუმცა, ჩვენი ორგანიზაციის კონფერენციაში მონაწილეობის უზრუნველყოფა ვერ მოხერხდა.

„საქართველოს რეფორმების ასოციაცია“ მიმართავს ბიძინა ივანიშვილს, რომ მომავალში მნიშვნელოვანი ეკონომიკური საკითხების განხილვა ყველა დაინტერესებული მხარისთვის საჯარო გახადოს. მით უფრო იმ ფონზე, როცა ის თვითონაა დაინტერესებული მისი ავტორობით გავრცელებულ წერილში დასმულ საკითხებზე დისკუსიის გამართვით. „საქართველოს რეფორმების ასოციაცია“ მუდმივად აკვირდება საქართველოს ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებს და გამოთქვამს მზადყოფნას, მონაწილეობა მიიღოს როგორც სხვადასხვა ეკონომიკური ფორუმებსა თუ პრესკონფერენციებში, ასევე მზად არის, ტრადიციულ მრგვალ მაგიდის ფორმატის დისკუსიაში თავისთან მიიწვიოს ბიძინა ივანიშვილი, „საზოგადოება 2030“-ის არაოპოზიციურად განწყობილ ექსპერტებთან ერთად”, – ნათქვამია განცხადებაში.

იტვირთბა....