ქმრისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულის, მაგდა პაპიძის და, ლანა პაპიძე არ ადასტურებს მისი ჩვენებების ნაწილს, რომელიც მან გამოძიებას თავდაპირველად მისცა.
პროკურორმა ელენე ჩხეიძემ მას გაახსენა დაკითხვის დღე. როგორც ჩხეიძემ აღნიშნა, მან სიტყვა-სიტყვით წაუკითხა ჩვენება ლანა პაპიძეს და მან მხოლოდ ორი სიტყვის შეცვლა სთხოვა. ლანა პაპიძემ პროკურორისგან დასახელებული აღნიშნული ფაქტიც უარყო.
ასევე, ბრალდებულმა მაგდა პაპიძემ მოითხოვა, რომ როცა სასამართლოზე საუბარი იქნება მასთან დაკავშირებულ ინტიმურ დეტალებზე, სხდომა დაიხუროს. ბრალდებულის ამ მოთხოვნაზე მოსამართლემ უპასუხა, რომ მან თავად აირჩია საქმე ნაფიცმსაჯულებს განეხილათ, ამიტომ სხდომა ვერ დაიხურება. მოსამართლემ განუმარტა, რომ თუ მას სურს სხდომა დაიხუროს, დასაბუთებული შუამდგომლობა უნდა დააყენოს.
ამ წუთებში კვლავ მიმდინარეობს ბრალდებულის დის, ლანა პაპიძის მოწმის სახით დაკითხვა.
დღეს ქმრისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძის მეუღლის ძმაც დაიკითხა.