ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“მაგდამ დახოცა?”: რატომ ატირდა პროცესზე მაგდა პაპიძე დის ჩვენების მოსმენისას

 

ქმრისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძის სასამართლო პროცესზე მისი და, ლანა პაპიძე იკითხება.

ლანა პაპიძემ დეტალურად გაიხსენა მკვლელობის დღე, ასევე, დაახასიათა სიძე, მოკლული ომარ ქაფიაშვილი:

„ომარი ხშირად სვამდა, არაადექვატურად ხშირად. ძაღლს ყელი გამოჭრა ერთ-ერთ სიმთვრალეში. ხშირად ჩხუბობდა, თუმცა პათოლოგი არ იყო.

ჩემი და იდეალური ცოლი და დედა იყო” – განაცხადა მოწმის სახით დაკითხვისას მაგდა პაპიძის დამ, ლანა პაპიძემ.

მან დეტალურად გაიხსენა მკვლელობის დილა, როცა ის შემთხვევის ადგილზე მივიდა. ლანა პაპიძემ უარყო ის ბრალდებები, რაც მეზობლებმა  მისი მისამართით თქვეს- პანაშვიდზე ლანას მიერ ნათქვამი რეპლიკები: ”ეს ის არის, რასაც მე ვფიქრობ? მაგდამ დახოცა?”.

ამ კითხვების გაგონებაზე მაგდა პაპიძემ ტირილი დაიწყო.

ლანა პაპიძე იხსენებს, რომ მან პირველად  დარეჯან მინდიკაური, მაგდა პაპიძის დედამთილი ნახა. მოწმის თქმით,  გაუჩნდა კითხვა, რატომ არ იყო შემთხვევის ადგილი დალუქული:

“ოთახის დაცლა მახსოვს სრულად. პირველ რიგში გაიტანეს საწოლი. მეზობლები ეხმარებოდნენ მაგდას ტანსაცმლის ცელოფანში ჩალაგებაში. დივანს რაც შეეხება, დავიფიცები, რომ დივანს ძვრა ვერ უყვეს. როცა დივანი ახადეს, იქ იყო თეთრეული და ჭურჭელი. იქ რომ სისხლი ყოფილიყო,  ომარის ნათესავები, რომლებიც იქ იყვნენ და ამბობდნენ, შურს ვიძიებთო, მე ხომ მეტყოდნენ, რა არის ესო. ასეთი არაფერი ყოფილა”-განაცხადა ლანა პაპიძემ.

ქმრისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულის დამ ისაუბრა იმ საეჭვო გარემოებების შესახებ, რაც საქმის მასალებში დევს. ლანა პაპიძის თქმით, მეზობლის ნათქვამის გადამოწმება სცადა, რომლის მიხედვითაც, მკვლელობის ღამეს, მაგდას მიერ ჩართული სარეცხი მანქანიდან ქაფი გადმოვიდა და ეს გაუკვირდათ. ლანა პაპიძის მტკიცებით, იმ სარეცხ მანქანაზე ექსპერიმენტი ჩაატარა, ანალოგიური საბნები გარეცხა და ქაფი არ გადმოსულა.

ამავდროულად, მოწმემ გაიხსენა, რომ მეზობელი მას უყვებოდა, თუ როგორ ესმოდათ მაგდას კივილი იმ ღამეს:

“რომ მივედი, მზიამ, მეზობელმა გამიყვანა გვერდით და მითხრა, მაგდას კივილი ცას ესმოდაო. ანალოგიური დამიდასტურა მეორე მეზობელმა, ნათიამ”- განაცხადა პაპიძემ.

ლანა პაპიძემ გაიხსენა, რომ შემთხვევამდე ერთი კვირით ადრე სიძემ, ომარ ქაფიაშვილმა, მაგდა და თორნიკე მასთან მიიყვანა:

“ერთი კვირით ადრე ომარიმ მაგდა და ბავშვი მომიყვანა და არეული სახე ჰქონდა”-აღნიშნა ლანა პაპიძემ.

მოწმის ინფორმაციით, მან იცოდა, რომ მაგდა პაპიძე ორსულად იყო:

“დაკავებამდე მაგდამ მითხრა, რომ ორსულად იყო. მე ეს ვიცოდი” – აღნიშნა ლანა პაპიძემ.

 

ლანა პაპიძეს პროკურორმა გაახსენა „ნანუკას შოუში“ მიცემული ინტერვიუ, სადაც ის ამბობდა, რომ ექსპერტიზის დასკვნით ბავშვს დაზიანებები ჰქონდა მიყენებული. პროკურორმა თქვა, რომ ექსპერტიზის დასკვნაში ეს არ ეწერა. ლანა პაპიძემ განაცხადა, რომ ინფორმაცია დედამისისგან ჰქონდა.

აღსანიშნავია, რომ ლანა პაპიძემ დაკითხვისას გამოძიებისთვის თავდაპირველად მიცემული ჩვენებების შინაარსის ნაწილი უარყო.

ქმრისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძის სასამართლო გრძელდება. მოწმეებად ბრალდებულის და, ლანა პაპიძე,  მოკლული ომარ ქაფიაშვილის ძმა, მახო ქაფიაშვილი, მეზობლები და ომარ ქაფიაშვილის თანამშრომლები იკითხებიან.

იტვირთბა....