ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

„ჩანაწერების მერე მივხვდი, მართლა ჰყავდა საყვარელი“: მოკლულის ძმამ მაგდა პაპიძის პროცესზე დეტალები გაიხსენა

ქმრისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძის სასამართლო პროცესი განახლდა. სხდომაზე დაიკითხნენ ბრალდებულის და, ლანა პაპიძე და მოკლული ომარ ქაფიაშვილის ძმა, მახო ქაფიაშვილი.

როგორც მახო ქაფიაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, მაგდა პაპიძე „წესიერი“ დედა იყო:

”წესიერი დედა იყო, როგორც ჩანდა. იყო შემთხვევები, რომელიც ყველა დედას ჰქონია. ყვირილი და ა.შ.  განსაკუთრებული შემთხვევაც იყო. როცა მაგდამ მაკრატელი ჩაარტყა ბავშვს, ეს ამბავი დედაჩემისგან ვიცი. ომარიმაც იცოდა”- განაცხადა მახო ქაფიაშვილმა.

ქაფიაშვილის განცხადებით, მკვლელობის დღეს, 19 დეკემბერს თურქეთში იმყოფებოდა.

საზღვარგარეთ ყოფნის პერიოდში მას რძალთან, მაგდა პაპიძესთან  კონტაქტი ჰქონდა:

”თავიდან უფრო  მიწერ-მოწერა მქონდა ჩემ რძალთან. ბოლო ხანებში მოკლე პასუხებს მწერდა ხოლმე.“ – აღნიშნა ქაფიაშვილმა.

მან გაიხსენა მოკლული ომარი ქაფიაშვილის ავტოავარიებიც:

“პირველი ავარია, რომ მოუვიდა, ერთად ვიმყოფებოდით. მოუცურდა მანქანა და ავტოფარეხს დავეჯახეთ. დაველაპარაკე პატრონს, რომ ყველაფარი გაკეთდებოდა. სამ დღეში გავაკეთეთ.

მეორე ავარიის შესახებ თვითონ მითხრა, მაშინ თურქეთში ვიყავი. რომ მივწერე, მიპასუხა, კარგად ვარო. ფული თუ გინდა გამოგიგზავნი – მეთქი. არა, ყველაფერს მივხედავო. მერე ისევ გვქონდა კონტაქტი და მითხრა,  თუ გინდა ისე გამომიგზავნე ფულიო.”- აღნიშნა მოკლულის ძმამ.

მახო ქაფიაშვილმა მოკლული ძმა, ომარ ქაფიაშვილი დაახასიათა:

“პათოლოგი რომ ყოფილიყო, ასეთ სამსახურში არ იქნებოდა, არავინ გააჩერებდა. თუ ვინმეს რამე აქვს შემჩნეული, იტყოდა. ბოლო ხანებში არც დაულევია.” – აღნიშნა ქაფიაშვილმა.

მახო ქაფიაშვილმა უბანში მომხდარი კონფლიქტიც გაიხსენა:

“2013 წელს, უბანში, ჩხუბიც არ იყო, კამათი იყო. მშვიდობიანად დამთავრდა. მეც იქ ვიმყოფებოდი.

19 დეკემბერს ბოლო კონტაქტი ომარისთან საღამოს 7-ის ნახევარზე მქონდა. რაც მოხდა, 20 დეკემბერს, საღამოს, გავიგე. სამსახურში ვიყავი, მესიჯები რომ  მომივიდა: ”საღამოს რომ ნახავ მესიჯს, ჩაალაგე ბარგი და წამოდი”.  შემდეგ მეგობარმა დამირეკა, ომარი  ავარიაში მოჰყვა, რეანიმაციაშია და აქ უნდა იყო,  სჭირდებიო. მივხვდი, რომ რაღაც მოხდა და არ მეუბნებოდნენ.  შემდეგ ინტერნეტში ვნახე სტატია, რომ მაგდა პაპიძემ  თავის ქმარი და შვილი მოკლა.

მეორე დღეს ვერ წამოვედი, 22 დეკემბერს  ჩამოვედი. შემთხვევის ადგილზე მხვდებიან დახოცილები – ჩემი ძმა და ძმის შვილი. ჩემი რძალი დაჭერილი. ამის შემდეგ დავიწყე გარკვევა.

მერე გავიგე, რომ   ლანა და დედამისი დადიოდნენ და ყველაზე ხშირად,  მაგდას წიგნების შესახებ კითხულობდნენ. ეს ყველას უკვირდა. რის მერეც წიგნების ძებნა დავიწყე. რაღაც ცელოფანი იყო, იმისთვის ყურადღება არ მიმიქცევია. შემდეგ აღმოვაჩინე ჩანაწერი. კარადა იყო ჩაკეტილი წიგნების. მოვძებნე გასაღები, კარადაში ვნახე მაგდას ჩანაწერი  მონადირეზე- დავიძინე მასთანო, დილით რომ წამოვედი, გირჩები ავკრიფეო,- ეწერა ჩანაწერში. მერე ცელოფანი, რომ გავხსენი, გირჩები იყო. გამოძიებას გადავეცი ეს ყველაფერი.”-განაცხადა ქაფიაშვილმა ჩვენებაზე.

მან გამოძიების ვერსიით მაგდა პაპიძის მეგობარ მამაკაცზეც ისაუბრა. მახო ქაფიაშვილის თქმით, ჩანაწერებით მიხვდა, რომ რძალს მეგობარი მამაკაცი ჰყავდა:

“მითხრეს ვინ იყო. მე ჩანაწერებიც აღმოვაჩინე მონადირეზე. მაგ ჩანაწერების მერე მივხვდი მართლა ჰყავდა საყვარელი, რომელიც მეც მიცნობს და ჩემს ძმასაც იცნობდა.

თავიდანვე არ უყვარდა მაგდას ომარი. თავის შვილიც არ უყვარდა. ამის მერე ბოლომდე დავრწმუნდი, ერთი პროცენტითაც არ მქონია ეჭვი, რომ ამან (მაგდამ) არ გააკეთა ეს.

მერე დედაჩემმა მომიყვა იმ საღამოს ამბებს. განზრახ აქვს ჩადენილი, ჩანაწერიც ვნახე.

მეზობელს ჰყავს დანახული, რომ მაგდა გარეთ გავიდა. მაგდაში არ ჯდებოდა ის, რომ შევიდა დედაჩემთან და ეუბნებოდა, გარეთ ყრია გვამებიო. მაგდა პაპიძე ისეთი ქალი იყო, რომ ყველაფერს დაამხობდა, ეგენი მართლა დახოცილი რომ ენახა. მაგდას რეაქცია არ ქონია, როგორც მითხრეს. ესეთ ქალს, რომელსაც მე ვიცნობდი, თანგადაყოლილ დედას, მაგდა პაპიძეს ეს არ შეეფერება” – განაცხადა ქაფიაშვილმა.

მახო  ქაფიაშვილის თქმით, მას შეხვდა ძმის მეგობარი და უთხრა, რომ ომარის  აინეტერესებდა, სად შეიძლებოდა ამოეღო ტელეფონიდან ზარების და შეტყობინებების ჩანაწერები:

“მითხრა, ომარიმ დამირეკაო, სად შეიძლება გავაკეთო სმს-ების და ტელეფონის ზარების ამონაწერიო. ე.ი. ომარი რაღაცას ეჭვობდა, რომ მაგდა ვიღაცასთან დადიოდა. სანამ ომარი გაიგებდა, იქამდე გააკეთა ეს ყველაფერი. ეშინოდა, რომ ომარი ცუდ რაღაცას იზამდა. ლანამაც თქვა პანაშვიდებზე, რომ ომარიმ იცოდა და დაასწროო.

მაგდაზე რომ ამბობენ, ფიზიკურად ძლიერი არააო, მეზობელთან კონფლიქტი რომ მოუვიდა, წყლის ჩამოშვების გამო, იქიდან ვერ გამომყავდა.

დივანზე სისხლი ვნახე. თეფშების ამოსაღებად ვიყავით. მე და დედაჩემმა ავხადეთ დივანს და სისხლი იყო შიგნიდან. ჭურჭელზეც იყო დაქცეული. ამის შემდეგ მივმართეთ გამოძიებას.

მყავდა შეყვარებული. რასაც ამბობენ, რომ მაგდას ემუქრებოდაო, არაა მართალი.

ომარის რომ გაეგო, მაგდას ვინმე ჰყავდა, ისეთი პიროვნება იყო არავის გააგებინებდა, თავად მოაგვარებდა. „-განაცხადა ქაფიაშვილმა.

ბრალდებულმა მაგდა პაპიძემ მოწმე მახო ქაფიაშვილის შესახებ განაცხადა, რომ მას თორნიკეზე (შვილზე) დიდი ამაგი ჰქონდა:

მაგდა პაპიძე: „ხმამაღლა მინდა ვთქვა, ამ ადამიანს (მახოს), რომ ჩემ შვილზე ამაგი აქვს, ვერ დავუკარგავ. დედაშენთან მომიწია ხმამაღლა ლაპარაკი და ამას განვიცდი.“

მაგდას ამ განცხადებას დარბაზში ერთ-ერთი დამსწრესგან ხმამაღალი გინება მოჰყვა. ის მანდატურებმა გაიყვანეს.

ბრალდებულმა მოწმეს კითხვებით მიმართა:

მაგდა: შენ გახსოვს, ომარის ოდესმე ჩემზე ხელი აეღო?

მახო: შენ ომარი იმ დონემდე გენდობოდა და უყვარდი, რომ იმ ღამეს სახლში დაიძინა.

მაგდა: ომარის რომ გაეგო, რომ მე სხვა მყოლოდა, შეძლებდა რომ მე მოვეკალი?

მახო: არ ვიცი რა მოხდებოდა. ცუდი შედეგი მოჰყვებოდა.

მაგდა: შენ ამბობ, რომ მაგდას ომარი არ ყვარებიაო. გახსოვს ის ლამაზი დღეები ერთად რომ დავდიოდით?

მაგდას ამ კითხვას დარბაზში დამსწრეთაგან ერთ-ერთისგან რეპლიკა მოჰყვა: „19 დეკემბერიც გვახსოვს, შე, უჯიშო“-მანდატურებმა დარბაზიდან ისიც გაიყვანეს.

 

ქმრისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძის სასამართლო გრძელდება. მოწმეებად ბრალდებულის და, ლანა პაპიძე,  მოკლული ომარ ქაფიაშვილის ძმა, მახო ქაფიაშვილი, მეზობლები და ომარ ქაფიაშვილის თანამშრომლები იკითხებიან.

იტვირთბა....