ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში უსაფრთხოების საერთაშორისო ფორუმები გამრავლდა“

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი სასტუმრო ”Rooms Hotel”-ში კავკასია-ცენტრალური აზია-ავღანეთი-მონღოლეთის (CAMCA) რეგიონულ ფორუმს დაესწრო. ორდღიანი ფორუმი დონალდ რამსფელდის ფონდის, ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ცენტრალური აზია–კავკასიის ინსტიტუტისა და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) ორგანიზებით იმართება.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბოლო პერიოდში საქართველოში გამრავლდა უსაფრთხოების საერთაშორისო ფორუმები. სულ რამდენიმე კვირის წინ თავდაცვის სამინისტროს ეგიდით, თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია ჩატარდა. ვარშავისკენ მიმავალ გზაზე ასეთი ფორუმების სიმრავლე, ასეთი მაღალი რანგის სტუმრების ქვეყანაში ყოფნა, ბუნებრივია, მხოლოდ ეხმარება და წინ წაადგება პროცესს, რომელმაც საქართველოს წარმატება უნდა უზრუნველყოს. მინდა, ყველას მადლობა ვუთხრა, რომ ეს მიწვევა მიიღეს, განსაკუთრებით კი აშშ-ის თავდაცვის ყოფილ მდივანს დონალდ რამსფელდს. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ისინი საქართველოდან ზუსტად იმ ემოციებით წავლენ, რომელიც ჩვენი ქვეყნის წარმატებას შეუწყობს ხელს“, – განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

მსოფლიოს 18 ქვეყნის 150-ზე მეტი წარმომადგენელი ორი დღის განმავლობაში ისეთ თემებზე იმსჯელებენ, როგორიცაა: კავკასია–ცენტრალური აზია–ავღანეთი–მონღოლეთის (CAMCA) ცვალებადი გეოპოლიტიკური ლანდშაფტი: ახალი მოთამაშეები, ალიანსები და სტრატეგიული ალტერნატივები; მიმდინარე გლობალური ეკონომიკური ტენდენციები: გავლენა კავკასია–ცენტრალური აზია–ავღანეთი–მონღოლეთის რეგიონზე; იდეები და გავლენები: CAMCA რეგიონის გამოწვევები და შესაძლებლობები; ინვესტიციების წახალისება CAMCA რეგიონში: შესაძლებლობების გაცნობიერება და CAMCA და აღმოსავლეთ-დასავლეთის სატრანსპორტო და სატრანზიტო კორიდორი.

2016 წლის CAMCA-ს რეგიონულ ფორუმში მონაწილეობას მიიღებს არაერთი გამორჩეული ლიდერი და ექსპერტი, რომელიც ფორუმის მონაწილეებს საკუთარ გამოცდილებას და ხედვებს გაუზიარებს. ფორუმში მონაწილებას ასევე მიიღებენ რამსფელდის ფონდის ცენტრალური აზია-კავკასიის პროგრამის სტიპენდიანტები და კურსდამთავრებულები.

იტვირთბა....