ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

„ომარიმ უთხრა, თუ ამას დავამტკიცებ, არ გაცოცხლებო და მაგდამ დაასწრო“: პროცესზე  ბავშვობის მეგობარი ყვება

შვილისა და ქმრის მკვლელობაში ბრალდებულის, მაგდა პაპიძის სასამართლო პროცესი გრძელდება. ამჯერად მოწმის სახით წარმოდგენილი იყო მოკლული ომარ ქაფიაშვილის ბავშვობის მეგობარი გოგო. მან აღნიშნა, რომ პანაშვიდებზე მაგდას და, ლანა პაპიძე ამ დანაშაულში მაგდას ადანაშაულებდა.

”ლანამ თქვა, რომ მაგდამ დედაჩემს 100$ გამოაგზავნინა, რომ ეს ყველაფერი გაეკეთებინაო. მან მომიყვა ყველაფერი, რომ მაგდას საყვარელი ჰყავდა, რომ ის ოთარ ბერძენიშვილი იყო. ომარის გაუგია და ასე უთხრა, თუ ამას დავამტკიცებ, არ გაცოცხლებო და ამიტომ მაგდამ დაასწროო” – აღნიშნა მოწმემ პროცესზე.

მისი თქმით, მოგვიანებით ლანამ შეიცვალა დამოკიდებულება.

”ერთ ფაქტს გავიხსენებ, როცა ერთ-ერთი ჩემი მეგობარი თავისი ქმრის შესახებ ყვებოდა, პრობლემები ჰქონდა ქმართან. კარგად მახსოვს, მაგდამ მას უთხრა, ეგეთი ქმარი რომ მყავდეს მძინარეს გამოვჭრიდი ყელსო.” – აღნიშნა მოწმემ, რომელიც მოკლული ომარ ქაფიაშვილის მეგობარია.

შეგახსენებთ, ბრალდებულ მაგდა პაპიძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს მოწმეთა დაკითხვით. იკითხებიან მეზობლები და მეგობრები. ასევე დაიკითხნენ იმ ბენზინგასამართი სადგურის თანამშრომლები, სადაც ბრალდებული მუშაობდა.

შეგახსენებთ, სამართალდამცავებმა 5 წლის შვილისა და ქმრის მკვლელობაში ბრალდებული მ.პ. 2015 წლის 20 დეკემბერს დააკავეს.

პროკურატურის ვერსიით, 2015 წლის 19 დეკემბერს, ღამის საათებში, თბილისში, გ.ფერაძის ქუჩის N6-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის N10 ოთახში მაგდა პაპიძემ თავის არეში მკვრივი, ბლაგვი საგნის – უროს ჩარტყმით მოკლა მეუღლე ომარ ქაფიაშვილი და გაგუდა მცირეწლოვანი შვილი – 2010 წელს დაბადებული თორნიკე ქაფიაშვილი, რის შემდეგაც შეეცადა დანაშაულის კვალის წაშლას.

მაგდა პაპიძე არ ეთანხმება პროკურატურის ვერსიას და მომხდარის განსხვავებულ ვარიანტს ჰყვება. ის ამბობს, რომ ქმარი და შვილი არ მოუკლავს.

 

იტვირთბა....