ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

„ბადრი ჯავახიშვილი 7-ჯერ პასუხისგებაში მიცემული პირია“: მანანა კობახიძის ძმა განცხადებას ავრცელებს

თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე თედო კობახიძე საკრებულოს თავმჯდომარეს წერილით მიმართავს. კობახიძე წერს, რომ საკრებულოს ყოფილი თანამშრომელი ბადრი ჯავახიშვილი შვიდგზის სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემული პირია, რომელიც კობახიძის შეფასებით, წარმოადგენს წინასაარჩევნო პერიოდში მისი და მისი ოჯახის მიმართ წამოწყებული ”ბინძური პოლიტიკური პროვოკაციის მთავარ მოქმედ პირს”.

”ბატონო გიორგი, რამდენადაც ჩემთვის გახდა ცნობილი, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის სამდივნოს ყოფილი თანამშრომელი – ბადრი ჯავახიშვილი (პ/ნ 01008007292), რომელიც 2015 წლის 16 ივლისიდან ამავე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე არამუდმივ ამოცანათა შესასრულებლად საჯარო სამსახურში მსახურობდა როგორც შტატგარეშე მოსამსახურე, არის 7 (შვიდი) გზის სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემული პირი, მათ შორის ბოლოს 2012 წელს, როგორც ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარებისა და გასაღების, ასევე, სხვისი ნივთის დაზიანების ფაქტების თაობაზე.

შეგახსენებთ, რომ იგი წარმოადგენს ბოლო, წინასაარჩევნო პერიოდში ჩემი და ჩემი ოჯახის მიმართ წამოწყებული ბინძური პოლიტიკური პროვოკაციის მთავარ მოქმედ პირს, რომელმაც წინასწარ განზრახულად პოლიტიკური პარტიისა „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოსათვის“ და მმართველი ძალის მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების მიმართ განახორციელა საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების უხეში დარღვევა და შელახა ჩვენი პატივი, ღირსება და საქმიანი რეპუტაცია.

საყურადღებოა ასევე ის გარემოება, რომ, როგორც ჩემთვის ცნობილია, მოქალაქე ბადრი ჯავახიშვილი იყო პირობითი მსჯავრის მქონე პირი, ე.წ. პრობაციონერი და იგი მძიმე ნარკოდამოკიდებულების გამო მონაწილეობას იღებდა და შეიძლება ამჟამადაც მონაწილეობს „ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამაში“ – ე.წ. „მეტადონის“ პროგრამაში.

იმის გათვალისწინებით, რომ ხსენებული პირი თითქმის 6 (ექვსი) თვის განმავლობაში დასაქმებული იყო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში და შესაბამისად, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის თანახმად ვალდებული იყო წარმოედგინა სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობა, გთხოვთ, დედაქალაქის საკრებულოს აპარატის უფროსს ქალბატონ ელენე დუმბაძეს, რომელიც პასუხისმგებელია აპარატის განმგებლობას მიკუთვნებული საკითხების გადაწყვეტის, აპარატის სტრუქტურული ერთეულების მიერ თავიანთი მოვალეობის ჯეროვნად შესრულებისა და აპარატის საჯარო მოსამსახურეებზე სამსახურეობრივი ზედამხედველობის განხორციელებაზე, დაავალოთ, რომ უმჭიდროვეს საათებში უზრუნველყოს ჩემთვის ამავე საკრებულოს აპარატის ყოფილი თანამშრომლის – ბადრი ჯავახიშვილის პირად საქმეში არსებული სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობის საფუძველზე მის ხელთ არსებული ინფორმაცია.

ასევე გთხოვთ, ამავე საკრებულოს აპატარის უფროსს დაავალოთ, რომ დროის უმოკლეს ვადებში უზრუნველყოს ჩემთვის ზემოხსენებული ცნობების ასლების მოწოდება”, – ნათქვამია თედო კობახიძის წერილში.

შეგახსენებთ, ბადრი ჯავახიშვილმა განაცხადა, რომ მისი კლასელი თედო კობახიძე აიძულებდა ხელფასიდან გარკვეული თანხა კობახიძისთვის მიეცა, ნაწილი კი “ქართული ოცნების” ანგარიშზე ჩაერიცხა. ჯავახიშვილის ინფორმაციით, კობახიძეს აღნიშნულ თანხას საკრებულოში დასაქმების სანაცვლოდ უხდიდა.

იტვირთბა....