ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

„ვის ურეკავდა მკვლელობის ღამეს მაგდა პაპიძე: ახალი დეტალები სასამართლოდან

 

ქმრისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძის სასამართლო პროცესზე ოჯახის ახლობლებისა და მეზობლების მოწმეებად დაკითხვა მიმდინარეობს.

ერთ-ერთი მოწმის ინფორმაციით, სანამ მაგდა ომარ ქაფიაშვილთან დაქორწინდებოდა, მას  სხვა მამაკაცთან ჰქონდა ურთიერთობა. მისივე ინფორმაციით, “მაგდა პაპიძეს ომარ ქაფიაშვილი არ უყვარდა”:

“მაგდა ამ ბიჭს სკაიპში ემესიჯებოდა. ხშირად რჩებოდა მას სკაიპი ჩართული და ლანა ნახულობდა მიმოწერებს. ლანა ეუბნებოდა: აირჩიე, ან ომარი, ან სხვაო. ამ ბიჭს ქორწილამდე ერთი კვირით ადრე მე და ლანა შევხვდით, აღმოჩნდა რომ უთხრა – ომარის მივყვებიო და ჩვენ გვითხრა, მე მათ ურთიერთობაში ვერ ჩავერევიო”, – განაცხადა მოწმემ.

მოწმემ ასევე მკვლელობის ღამე,  2015 წლის 19 დეკემბერი გაიხსენა, როცა სასწრაფოს და სამართალდამცველების მოსვლის შემდეგ მაგდა პაპიძემ ტელეფონზე ორჯერ სცადა დარეკვა:

„ერთხელ რომ დარეკა თქვა – ამას სულ გათიშული როგორ უნდა ჰქონდეს ტელეფონიო. მეორედ რომ დარეკა გავიგონე სახელი ოთო, თუმცა მერე ცოტა მოშორებით გავიდა და საუბარი აღარ გამიგია”, – განაცხადა მოწმემ.

მოწმის ჩვენებით,  მაგდა პაპიძე მეზობელ ბიჭს სთხოვდა დახმარებას სასწრაფო დახმარების მოსვლამდე რათა ბავშვი მანქანით აეყვანათ საავადმყოფოში, რადგან მას მართვის მოწმობა არ ჰქონდა და პატრულის ეშინოდა. თუმცა, მოწმემ  ასევე აღნიშნა, რომ მაგდა პაპიძე ხშირად იჯდა საჭესთან.

მოწმის თქმით, მაგდა პაპიძეს მისთვის და მისი დისთვის შეურაცხყოფა აქვს მიყენებული:

“2015 წლის ზაფხულში ბინა მქონდა გაქირავებული, რომელიც მაგდას და ომარის ოთახის თავზე მდებარეობს. მათ სახლში ჩემგან წყალი ჩავიდა. მოვიდა ჩემთან და ჩემს დასთან მაგდა პაპიძე და მომთხოვა გაკეთება, რა დროსაც მომაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. ანუ შეგვაგინა მე და ჩემს დას, ასევე სცადა ფიზიკური შეურაცხყოფის მოყენებაც, თუმცა შუაში იდგა მეზობელი და მაგდას მოქნეული ხელი მას მოხვდა”, – განაცხადა მოწმემ.

რიგით მესამე მოწმემ, მაგდა პაპიძის მეზობელმა აღნიშნა, რომ მაგდა პაპიძე ძალიან მძიმე ხასიათის გოგოა. მისი თქმით, მას გაუგია, როგორ უყვიროდა ხოლმე მაგდა ქმარს. ქმარი კი მიმართავდა, რომ გაჩერებულიყო.

ბავშვის, თორნიკე ქაფიაშვილის გახსენებისას მოწმე ატირდა. მან აღნიშნა, რომ პაპიძე კარგი დედა იყო, თუმცა ეგოისტურად ზრდიდა შვილს. მისი თქმით, ის შვილს ხშირად უყვიროდა.

მოწმემ გაიხსენა მკვლელობის ღამეც. მისი თქმით, როცა დაინახა ომარ ქაფიაშვილი ძირს დაგდებული, მას ყურები მოუსრისა და ნახა, რომ ერთი მხარე მას ”ჩამპალი” ჰქონდა, რაც იმით განმარტა, რომ მოკლულს სისხლიანი ჰქონდა თავის ერთი მხარე.

მან აღნიშნა, რომ ბავშვი ცოცხალი ეგონა და მას ჩაუტარა ხელოვნური სუნთქვა, რა დროსაც ბავშვმა ამოიხრიალა. მოწმემ განაცხადა, რომ როცა ის ბავშვს შეეხო, ცივი იყო.

მისი თქმით, რაც ის შემთხვევის ადგილზე იყო, მაგდა გვამებს არ მიკარებია.

მოწმის თქმით, მან როცა მაგდასა და ომარის ოთახში შეიხედა, დაინახა სისხლი კარის ჩარჩოზე. ასევე, პანაშვიდების დროს მან ოთახში კედელზე შენიშნა სისხლი. ოთახის შპალერი წითელი ფერის იყო.

მოწმემ განაცხადა, რომ მაგდა პაპიძის და, ლანა პაპიძე პანაშვიდებზე ამბობდა, რომ მაგდა ამის გამკეთებელი იყო და იმეორებდა, რომ ის მე და ჩემს შვილსაც მოგვკლავდაო.

სასამართლომ გამოაცხადა შესვენება 1 საათით. პროცესი გაგრძელდება კვლავ მოწმეთა დაკითხვით.

შეგახსენებთ, რომ მაგდა პაპიძე ბრალდებულია ქმრისა და შვილის მკვლელობაში. პაპიძე ბრალდებას უარყოფს.

 

 

 

იტვირთბა....