ბავშვები და მოზარდები, რომლებიც გუშინ წვეულებაზე მოიწამლნენ, ექიმების დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან.
შემთხვევა ხელვაჩაურში მოხდა. 24 სტუმარი, მათ შორის 9 თვიდან 16 წლამდე ბავშვები სოფელ სატეხიაში, დაბადების დღის წვეულებაზე მოიწამლნენ. ყველა სტუმარი, გარდა ჩინეთის მოქალაქისა, სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. ჩინეთის მოქალაქეს მოწამვლა არ აღენიშნება და მან უარი განაცხადა გამოკვლევაზე.
ბათუმის დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრის ექიმმა პედიატრმა ხათუნა კაკაბაძემ ხელვაჩაურში მოწამლულებთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მიმდინარეობს მოკვლელვა, თუ რამ გამოიწვია მოწამვლაა. ამ ეტაპზე პაციენტები საავადმყოფოში გადიან მკურნალობის კურსს:
“11 პაციენტი შემოვიდა ზოგადი სისუსტით, გულისრევის შეგრძნებით და ძილიანობისკენ მიდრეკილებით. 9 თვიდან 16 წლამდე პაციენტები იმყოფებიან მონიტორის ქვეშ, საჭიროებენ დინამიკაში დაკვირვებას და მკურნალობას. ტარდება შესაბამისი კვლევა და კვლევის რეზულტატიდან გამომდინარე გაკეთდება დასკვნა”, -აღნიშნა ხათუნა კაკაბაძემ.
ექიმი არ აკონკრეტებს, რა მასალა არის აღებული კვლევისთვის და რამ გამოიწვია ინტოქსიკაცია. თუმცა, წინასწარი ვერსიით, ეს საკვებით მოწამვლა არ არის.
24 ადამიანი, მათ შორის 11 ბავშვი სამ სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული. სამედიცინო დაწესებულებების მიერ გამოტანილი დიაგნოზი არის „დაუზუსტებელი სუბსტანციების ტოქსიური ეფექტი“.