ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

„მერაბიშვილის მხარდამჭერები შოკში არიან, მაგრამ მათი მხიარულების საბაბს ვერ ვხედავ“

იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა გადაცემა „2030“-ში სტუმრობისას სტრასბურგის სასამართლო დასკვნაზე ისაუბრა, ვანო მერაბიშვილის შესახებ. თეა წულუკიანის თქმით, ვანო მერაბიშვილის მხარდამჭერები ამ დასკვნით შოკში არიან, თუმცა, ის თავად მათი მხიარულების საბაბს ვერ ხედავს:

“სტრასბურგის სასამართლოს დასკვნის გამო, ვანო მერაბიშვილის ადვოკატი და მხარდამჭერები შოკში არიან. მათი მხიარულების საბაბს ვერ ვხედავ. მე,  როგორც მხარე, გადაწყვეტილებას პატივს ვცემ და კმაყოფილი ვარ. მგონია, რომ იმ მცირეშიც, რაც დადგინდა, დასკვნები მხოლოდ მომჩივანის ნალაპარაკებიდანაა გამოტანილი. ამ საქმეს აუცილებლად გავასაჩივრებ, მეჩვენება, რომ მათ ის 4 000 ევროც არ ეკუთვნით და სახელმწიფო ბიუჯეტმა ამაზე თანხა არ უნდა დახარჯოს, რადგან საქმეში რამე ტიპის დარღვევას ვერ ვხედავ.

ეს საქმე შესაძლოა, ერთი წელი ან მეტი გაგრძელდეს. ჩვენ დავას იმ პატარა ნაწილშიც გავაგრძელებთ და მჯერა, რომ საწინააღმდეგო შედეგს დავაყენებთ. მათი დღევანდელი უკმაყოფილება და აქედან გამოწვეული ცრუ აჟიოტაჟი მესმის, მაგრამ მსჯავრდებულს ციხეში, ადვოკატებს კი, თავისუფლებაზე მოუწევთ, საბოლოო გადაწყვეტილებას დაელოდონ. მე, როგორც მხარე, მათ წარმატებას ვუსურვებ

როცა ასანიძემ იჩივლა, მან, როგორც უკანონო პატიმარმა 150 000 ევრო მიიღო და სასამართლომ სარეზოლუციო ნაწილში პირდაპირ მიუთითა, რომ ეს ადამიანი გაეშვათ. შევადაროთ აბა ეს ორი საქმე ერთმანეთს. საერთოდ არ ჰგავს, რადგან ერთ შემთხვევაში კანონიერი პატიმარი ვანო გვყავს და მეორე შემთხვევაში – უკანონო პატიმარი ასანიძე. პატიმარი საკუთარმა ადვოკატმა უნდა დაინდოს და ტყუილსა და ილუზიაში არ უნდა ამყოფოს, რადგან პატიმრობა, კარგი პირობების მიუხედავად, ისედაც მძიმე მდგომარეობაა”, – განაცხადა წულუკიანმა.

მისი თქმით, ევროპული სასამართლოს მოსამართლის, ნონა წოწორიას გვარი იმ 7 მოსამართლეს შორის ფიგურირებს, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო, მაგრამ ამაში არანორმალური არაფერია:

“ნონა წოწორია 2008 წლის თებერვალში ევროპული სასამართლოს მოსამართლედ 9 წლის ვადითაა არჩეული. მისი გვარი ფიგურირებს იმ 7 მოსამართლეს შორის, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო. ამაში არანორმალური არაფერია. მას აქვს უფლება და ევალება კიდეც, საქართველოს წინააღმდეგ საჩივრებზე კოლეგიის წევრი იყოს. არ მაქვს რამე მიზეზი, მას მიკერძოებაში ბრალი დავდო. საზოგადოებას შესაძლოა, აღქმა ჰქონდეს, რომ ადეიშვილის ყოფილმა მოადგილემ ვანოს უერთგულა, მაგრამ ამას გამოვრიცხავ, რადგან ის მოსამართლეა, მანტია აცვია და მისი პატივისცემა ყველას გვევალება”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის საქართველოს წინააღმდეგ შეტანილ სარჩელთან დაკავშირებით დადგენილება გამოაქვეყნა.

სტრასბურგის სასამართლო აღიარებს, რომ 2013 წელის 25 სექტემბერს, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიღებული გადაწყვეტილებით, დაირღვა ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის 5§3 მუხლი, რომლის საფუძველზეც ვანო მერაბიშვილი აცხადებდა, რომ მისთვის წინასწარი პატიმრობის მისჯა გაუგებარ სამართლებრივ ნორმებს ეფუძნებოდა.

სტრასბურგის სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ ვანო მერაბიშვილის საქმეში დაირღვა ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის მე-18 მუხლი, რომლის საფუძველზე ვანო მერაბიშვილი აცხადებდა, რომ დაკავება მისი ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრებიდან მოშორების მიზნით მოხდა, რამაც „ნაციონალური მოძრაობის“ დასუსტება გამოიწვია.

სტრასბურგის სასამართლოს დადგენილებით, მოპასუხე მხარემ მოსარჩელეს სასამართლოს დადგენილების ძალაში შესვლიდან სამი თვეში უნდა გადაუხადოს 4 000 ევრო და 8 000 ევროს ოდენობის კომპენსაცია, ასევე დაფაროს ნებისმიერი გადასახადი, რომელიც მოსარჩელე მხარის საქმეს უკავშირდება.

იტვირთბა....