შვილისა და ქმრის მკვლელობაში ბრალდებულ მაგდა პაპიძის სასამართლო პროცესი განახლდა. მოწმის სახით დაიკითხა ოჯახის ახლობელი. მოწმის თქმით, მოკლული ომარ ქაფიაშვილი ხშირად არ სვამდა.
მოწმე მაგდა პაპიძეს ახასიათებს როგორც ცვალებადი ხასიათის ადამიანს, რაც იმაში გამოიხატებოდა, რომ ზოგიერთ მომენტში მასთან ძალიან ახლოს იყო, ზოგჯერ კი მას მაგდა გამარჯობასაც არ ეუბნებოდა.
მისი თქმით, მაგდა პაპიძის დედამთილი მას ხშირად აბარებდა მოკლულ 5 წლის თორნიკე ქაფიაშვილს. მან აღნიშნა, რომ ხშირად გამოჰყავდა თორნიკე ბაღიდან.
მოწმემ ასევე განაცხადა, რომ მაგდას ამისთვის მას მადლობა არასოდეს გადაუხდია.
პროკურორის კითხვაზე, იყო თუ არა მაგდა პაპიძე ქედმაღალი ადამიანი, მან განაცხადა, რომ კი, მას ეს ხშირად უგრძვნია. მან ასევე გაიხსენა მომენტი, როდესაც საკუთარი ყურით მოისმინა, როგორ უყვიროდა მაგდა შვილს. მისი თქმით, როგორც მოგვიანებით გაიგო, ყვირილის მიზეზი იყო ის, რომ თორნიკე არ იძინებდა.
მან გაიხსენა მკვლელობის ღამეც, როდესაც ის მეზობლებთან ერთად იმყოფებოდა დარეჯან მინდიკაურთან. გაიხსენა, როგორ შეიტანა სამზარეულოში მაგდამ სარეცხი და სარეცხ მანქანაში გარეცხა.
როგორც მოწმე ამბობს, მაგდამ გარეცხა დივნის გადასაფარებელიც. მისთვის უცნაურია ის ფაქტი, რომ იმ საღამოს მაგდამ მისი ჭიქიდან წყალი დალია, რადგან მაგდასთან ასე ახლოს არასოდეს ყოფილა.
რაც შეეხება სარეცხს, მან დაინახა სარეცხ მანქანაში მოვარდისფრო-მოწითალო შეფერილობის წყალი და ის ფაქტიც გაიხსენა, თუ როგორ აღნიშნა დარეჯან მინდიკაურმა, რომ გადასაფარებელს აქამდე ასეთი შეფერილობის წყალი გარეცხვისას არ გასვლია.
მისი თქმით, მკვლელობის დღეს, დაინახა დერეფანში სისხლის კვალი, რომელიც მაგდა პაპიძის ოთახის კარიდან გაუყვებოდა დერეფანს და ასევე სისხლი იყო მთავარ შესასვლელთანაც.
მისი თქმით, მაგდა ყვიროდა, „გადაარჩინეთ, გადაარჩინეთო“, თუმცა არ იცის ვისზე ამბობდა ამას.
პანაშვიდებზე მოწმის თქმით მხოლოდ მაგდას და, ლანა პაპიძე დადიოდა. როგორც მოწმე ამბობს, ლანა პაპიძემ სისხლის კვალი დაინახა და დარეჯან მინდიკაურს ჰკითხა, ეს ის არის რასაც მე ვფიქრობო?
მოწმე თავად მაგდა პაპიძემაც დაკითხა.
მაგდას თქმით, ის და მოწმე ერთად დადიოდნენ ქართულ ცეკვებზე და ის ფიქრობს, რომ მასთან ნორმალური ურთიერთობა ჰქონდა. მაგდამ მოწმეს გაახსენა, ის მომენტები, როდესაც მას ერთად სადმე წასვლა სთხოვა.
მაგდას თქმით, მას არ დაუნახავს, ვისი ჭიქა იდგა სამზარეულოში იმ დროს, როდესაც ჭიქიდან წყალი დალია.
მაგდამ მოწმეს მიმართა, თუ მას მის მიმართ წყენა ჰქონდა, რატომ არ ეუბნებოდა მას ამას.
მოწმე დაკითხა ადვოკატმა მარიკა ფხალაძემაც. მისი თქმით, პირველ ჩვენებაზე აღნიშნულ მოწმეს არ უხსენებია სარეცხ მანქანაში მოვარდისფრო შეფერილობის წყალი და ის, რომ მისი ჭიქიდან მაგდამ წყალი დალია.
ადვოკატი დაინტერესდა, საიდან გაახსენდა მას ეს ფაქტი და რატომ გადაწყვიტა განმეორებით ჩვენებაზე ეთქვა ეს ყველაფერი თუ ასეთი მნიშვნელოვანი იყო. მოწმემ უპასუხა, რომ მას პირველ ჩვენებაზე ნათქვამი აქვს, რომ სარეცხი მანქანიდან გადმოვიდა ქაფიანი წყალი.
მოწმეს ნაფიცმა მსაჯულებმაც დაუსვეს კითხვა. ისინი დაინტერესდნენ, იცოდა თუ არა მოწმემ ოთარ ბერძენიშვილის შესახებ. მოწმემ უპასუხა, რომ არა. ნაფიცები დაინტერესდნენ, აქვს თუ არა მას ეჭვი, რომ მკვლელობა მაგდამ ჩაიდინა. რაზეც მოწმემ უპასუხა, რომ მას სჯერა გამოძიების და იმ ფაქტების, რაც დაინახა.
შეგახსენებთ, რომ მაგდა პაპიძეს ქმრისა და შვილის მკვლელობაში ედება ბრალი.