ახალი ამბები მედია მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

პრესკონფერენციის სტილი უცვლელია: კითხვები რეგიონებიდან, რომელიც ვერ გაჟღერდა

ივანიშვილის პრესცენტრმა „მეტრონომს“ კითხვის დასმის საშუალება არ მისცა

დღეს მედიასთან ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის მორიგი პრესკონფერენცია გაიმართა. ამჯერად ის ადგილობრივი, საერთაშორისო ბეჭდური მედიის, ასევე საინფორმაციო სააგენტოების წარმომადგენლებს შეხვდა. ლოკაციად, როგორც წინა  შემთხვევაში (ტელეჟურნალისტებთან შეხვედრისას) ტექნოპარკი განისაზღვრა.

პრესკონფერენციაზე, რომელსაც დაახლოებით 65 მედიასაშუალების წარმომადგენელი ესწრებოდა, ივანიშვილმა გასულ წელს მომხდარი 13 ივნისის ტრაგიკული მოვლენა გაიხსენა და მწუხარება გამოხატა, შემდეგ კი შეხვედრა პირდაპირ კითვა-პასუხის რეჟიმით დაიწყო.

„ქართული ოცნების“ სოციალური მედიის კოორდინატორ, გიორგი უძილაურს ხელთ ეპყრა სია, რომელის მიხედვითაც შემთხვევითი შერჩევის პრინციპით აცხადებდა იმ მედიასაშუალებების თანმიმდევრობას, რომელთაც შეეძლოთ ივანიშვილისთვის კითხვა დაესვათ.

საუბარი შეეხო რამდენიმე თემას, მათ შორის ლარსაც. როგორც ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, „ლარი ძალიან კარგად იქცევა იმ ფონზე, რაც რეგიონში ხდება“. მისი თქმით, ლარის გამყარება გიორგი ქადაგიძის წასვლს არ უნდა მივაწეროთ.

რაც შეეხება ვიზალიბერალიზაციას, მას აქამდეც უთქვამს და დღესაც აღნიშნა, რომ თუ სექტემბრამდე ეს საკითხი არ გადაწყდა, არსებობს გარანტია, რომ ყველაზე გვიან ეს საკითხი წლის ბოლოს გადაწყდეს. ივანიშვილმა დასძინა, რომ საქართველო ამას იმსახურებს.

ივანიშვილს არ აქვს მოლოდინი, რომ სამთავრობო ცვლილებები კიდევ განხორციელდეს, თუმცა, არც ის იცის, როგორ მოიქცევა პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი. როდესაც ცვლილებებზე საუბრობდა მან ახსენა განათლების ახალი მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა. მისი თქმით, კვირიკაშვილმა მინისტრის შეცვლით ხაზი გაუსვა განათლების მნიშვნელობას. რაც შეეხება ძველ მინისტრს, თამარ სანიკიძეს, როგორც ყოფილმა პრემიერმა განაცხადა, მის მიმართ მკვეთრი კითხვები არ არსებობს.

შეხვედრაზე იმყოფებოდა გაზეთ „ქრონიკა+ -ის“ მთავარი რედაქტორი ელისო კილაძეც. როდესაც მან კითხვის დასმა დაიწყო და თავი წარადგინა, ივანიშვილმა მას ასე მიმართა: უი თქვენ ბრძანდებით ელისო კილაძე? მოგვიანებით კი როდესაც კილაძემ რამდენიმე კითხვის დასმა მოინდომა, ივანიშვილმა ჰკითხა, ჰქონდა თუ არა მას კითხვები პირადი ცხოვრების ამსახველ ფარულ კადრებთან დაკავშირებით და ისიც დააყოლა, რომ აღნიშული კადრების გავრცელება სწორედ ელისო კილაძის მონაწილეობით მოხდა.

„ელისო კილაძისთვის სიცრუე არის ეტალონი. სიცრუის ეტალონი და სიცრუის გამავრცელებელი ხართ“ – მიმართა მან კილაძეს, რაზეც ჟურნალისტმა განაცხადა, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით ის უკვე იმყოფებოდა პროკურატურაში, დაკავებული არიან კონკრეტული პიროვნებებიც და მან იმედი გამოთქვა, რომ საქმის გამოძიება დროზე დასრულდებოდა.

საუბარი შეეხო რუსეთ-საქართველოს ურთიერთობასაც. როგორც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, რუსეთთან მოლაპარაკებების ალტერნატივა არ არსებობს.

„რას გადაწყვეტს პუტინი და როგორ მოიქცევა, ამაზე საუბარი ჩემთვის რთულია, მაგრამ ჩვენ რა შეგვიძლია და რა უნდა გავაკეთოთ, ამაზე უნდა ვისაუბროთ. ჩვენ შეგვიძლია ქვეყანა გავაერთიანოთ და ეკონომიკა განვავითაროთ. მოლაპარაკების ალტერნატივა არ არსებობს. ჩვენ ავირჩიეთ სწორი სტრატეგია. დემოკრატიული ინსტიტუტები უნდა განვავითაროთ. გაძიერებულ და გამთლიანებულ სახელმწიფოში ჩვენს ძმებსაც გაუჩნდებათ სურვილი, ჩვენთან იყვნენ. ახლა რუსეთი აგრძელებს პროვოკაციებს, ეს დაგვიტოვა წინა ხელისუფლებამ. მიანიშნებენ, უნიათო ხელისუფლებააო, ამ დროს უნიათოები თვითონ არიან, ნახეთ რა დღეში დატოვეს სახელმწიფო“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

რა თქმა უნდა, ყოფილმა პრემიერმა ხშირად ახსენა წინამორბედი „ნაციონალური მოძრაობა“ და განაცხადა, რომ მათ ბევრი გაუაზრებელი შეხდომა დაუშვეს და ყველაფერი მხოლოდ რუსეთს არ უნდა დავაბრალოთ.

ივანიშვილმა აქამდეც აღნიშნა და ახლაც გაიმეორა, რომ გიორგი კვირიკაშვილი მისთვის მისაბაძი პრემიერ-მინისტრია, რაც შეეხება პრეზიდენტ მარგველაშვილს, მან მისი იმედები ვერ გაამართლა.

„მე პატივს ვცემ კვირიკაშვილის პოზიციას და ანგრიშს ვუწევ, თუმცა, რა თქმა უნდა, იგივე პოზიცია მაქვს ახლაც, რომ მარგველაშვილმა ვერ გაუწია სამსახური და ვერ სცა პატივი პრეზიდენტის ინსტიტუტს. თუ მარგველაშვილზე გაჩნდება პოზიცია ნებისმიერი სხვა ქმედების, სჯობს მერე წამოვწიოთ. ეს კაცი გადაჭარბებით 10 მილიონს საზოგადოების ფულს ხარჯავს. თუმცა, ანგარიში გავუწიოთ კვირიკაშვილს და მის პოზიციას“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ერთ-ერთმა ჟურნალისტმა კითხვა ქორწინების საკითზე კონსტიტუციაში განსაზღვრის საკითზეც ჰკითხა, კერძოდ კი უჭერდა თუ არა ის მხარს აღნიშნულ თემაზე რეფერენდუმის გამართავას, რაზეც ივანიშვილმა უპასუხა, რომ დიახ, დაუჭერს მხარს, რადგან ტრადიციულ ოჯახებს უჭერს მხარს, თუმცა ისიც დაამატა, რომ „ცოტა ზედმერი აჟიოტაჟი აწიეს“.

კითხვაზე, თუ რა ბედი ეწევა ნიკო ფიროსმანის ტილოს „შველი წყლის პირას“, რომელიც ივანიშვილმა „სოტბის“ აუქციონზე შეიძინა, ყოფილმა პრემიერმა უპასუხა, რომ ის ამ ტილოს ხელოვნების მუზეუმს გადასცემს. მისივე თქმით, საცოდაობაა, რომ ფიროსმანი მარტო საქართველოში იყოს წარმოდგენილი, რადგან ის მსოფლიო დონის მხატვარია და მას მსოფლიო ამ სახით უნდა იცნობდეს.

როდესაც ჟურნალისტმა ივანიშვილს უთხრა, რომ სტრასბურგის სასამრთლომ ვანო მერაბიშვილი უკანონო პატიმრად აღიარა, უპასუხა, რომ „ყველაზე კარგად ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ ვინ იყო მერაბიშვილი და რა იყო. იქიდან როგორც არ უნდა მიგვითითონ რომ ის პოლიტპატიმარია, ძალიან უცნაური იქნება და ცუდ დღეში ჩაიგდებენ თავს, თუ იქ ”ნაციონალებმა” მოახერხეს კიდევ რაღაც სიცრუის ტირაჟირება და შეცდომაში შეიყვანეს, ამას შესატყვისი პასუხი გაეცემა”, – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

პრესკონფერენცია ორსაათნახევარი გაგრძელდა. ბევრ ჟურნალისტს კითხვის დასმის საშუალება არ მიეცა. უკმაყოფილება გამოხატეს რეგიონებიდან ჩამოსულმა ჟურნალისტებმაც, რომლებმაც აღნიშნეს, რომ ისინი სპეციალურად კითხვის დასასმელად ჩამოვიდნენ. კითხვის დასმის საშუალება არც „მეტრონომს“ მიეცა, რომელიც ყოველთვის ცდილობს ის საკითხები წამოწიოს წინა პლანზე, რომელიც საზოგადოებას ყველაზე მეტად აინტერესებს… აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ პრესცენტრის უფროსთან კომუნიკაცია ჯერ კიდევ წინა კვირის დასაწყისში გვქონდა, თუმცა, როგორც ჩანს, პრესცენტრი და მისი უფროსი ურთიერთობის სხვა სტანდარტებს ანიჭებს უპირატესობას…

იტვირთბა....