„უმუშევართა კავშირი დასაქმებისათვის“ თავმჯდომარე თამარ იოვაშვილი ენერგეტიკის მინისტრს და მეორე ვიცე-პრემიერს, კახი კალაძეს ღია წერილს უგზავნის, სადაც „უსახლკაროთა კანონპროექტის“ ინიცირებას ითხოვს:
„ბატონო კახა! მოგეხსენებათ, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია „უმუშევართა კავშირი დასაქმებისათვის“, მიმდინარე წელს დაფუძნების 5 წლისთავს აღნიშნავს. დღიდან დაარსებისა, ჩვენ ყოველთვის ვიყავით მოწინავე პოზიციებზე იმ რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში, რომელმაც ჩვენი ქვეყანა ტერორში და სრულ უფლებრივ განუკითხაობაში ჩააგდო, შექმნა ყველა პირობა იმისათვის, რომ საქართველოს მოსახლეობა სიღარიბის უფსკრულში გადაჩეხილიყო და გაჭირვების ყველაზე დაბალ დონეზე დაცემულიყო. 2015 წლიდან ჩვენმა ორგანიზაციამ მიიღო მიზნობრივი დაფინანსება და ახორციელებს პროექტს „სახით უსახლკაროებისკენ“. პროექტის მიზანი იყო (და არის) უსახლკაროთა შესახებ კანონპროექტის შემუშავება და მათი, როგორც სოციალურად ყველაზე უმწეო ადამიანთა კატეგორიაში შემავალი მოქალქეების უფლებების დაცვა. უკვე მეორე წელია, რაც ჩვენ ვცდილობთ პარლამენტის და მთავრობის ყურადღება, ამ პრობლემებს მივაპყროთ. ბოლო დროს, ჩვენ გავუგზავნეთ წერილები კანონპროექტთან ერთად, ყველა, 13-ვე საპარლამენტო ფრაქციას, პარლამენტის თავმჯდომარის აპარატს, ქალბატონ ეკა ბესელიას და ბატონი თამაზ მეჭიაურის კომიტეტებს. ასევე, ორი წერილი პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის სახელზე. თუმცა, პასუხად მხოლოდ სიჩუმე მივიღეთ. პარლამენტარები უბრალოდ არ აქცევენ ყურადღებას კორესპონდენციებს. ხოლო, პრემიერ-მინისტრს უბრალოდ, არ სცალია საკუთარი მოქალაქეებისთვის. ამიტომ, ჩვენ დავიწყეთ საპროტესტო აქციები. ასეთი გამოსვლები, დღეს უკვე მეოთხე იმართება, რომელთა მთავარი მოთხოვნა „უსახლკაროთა შესახებ“ კანონპროექტის ინიცირებაა. ჩვენ ვითხოვთ: „ქართულმა ოცნებამ“ გაიხსენოს საკუთარი წინასაარჩევნო დაპირებები. გაახსენდეს ის ადამიანები, რომლებმაც მას 2012 წლის არჩევნებზე ნდობის მანდატი გადასცეს. უსახლკაროთა პრობლემა გადაწყვეტას ახლავე და დაუყოვნებლივ ითხოვს !!! წინააღმდეგ შემთხვევაში ათასობით ოჯახი და ათიათასობით ადამიანი ქუჩაში აღმოჩნდება !!! ჩვენ ველოდებით პასუხს თქვენგან,მთავრობისგან, და, თუ 23 ივნისამდე არ იქნება შესაბამისი რეაქცია და გამოხმაურება, ჩვენი ორგანიზაცია დაიწყებს შიმშილობის აქციებს, რომლებიც გაგრძელდება მანამდე, სანამ არ იქნება გადადგმული ქმედითი ნაბიჯი უსახლკაროების პრობლემის მოსაგვარებლად. 2012 წლის 1 ოქტომბრის წინასაარჩევნოდ გაცემულ დაპირებებს, რომლებიც მხოლოდ სოციალურ ხასიათს ატარებს, თქვენივე (ქართული ოცნების) პროგრამიდან, თან ვურთავთ !!! ჩვენს მოთხოვნებს სრულად იზიარებენ და შესაბამისად, ჩაერთვებიან საპროტესტო აქციებში, არასამთავრობო ორგანიზაციები „თავისუფალი თაობა“ და „საქართველოში საბანკო და სამევახშეო სისტემის დაზარალებულთა უფლებების დაცვის კომიტეტი!!!“
აიიპ „უმუშევართა კავშირი დასაქმებისათვის“ თავმჯდომარე თამარ იოვაშვილი.