ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

წულუკიანი გაასაჩივრებს: 12 000 ევრო მერაბიშვილის სასარგებლოდ

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ექს-პრემიერის ივანე მერაბიშვილის წინასწარ პატიმრობაში დატოვების შესახებ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-5 მუხლის მესამე ნაწილი დაირღვა, რომელიც თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლებას ეხება. სასამართლომ მერაბიშვილის სარჩელი სახელმწიფოს წინააღმდეგ ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

სასამართლომ დაადგინა, რომ ასევე დაირღვა ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-18 მუხლი, რომელიც უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლებს ეხება და ადგენს, რომ „ხსენებულ უფლებათა და თავისუფლებათა კონვენციით დაშვებული შეზღუდვები გამოიყენება მხოლოდ და მხოლოდ მათთვის გათვალისწინებული მიზნებისათვის“.

საქართველოს დაევალა, მომჩივანს გადაუხადოს 4 000 ევრო და დამატებით ხარჯები, რომლებიც შესაძლოა არამატერიალური ზიანის სახით არსებობდეს. ასევე, 8000 ევრო და შესაძლო გაწეული ხარჯების ანაზღაურება.

მერაბიშვილთან დაკავშირებით კომენტარი მისმა ადვოკატმა ოთო კახიძემაც.

“ეს არის ძალიან დიდი გამარჯვება. ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს ისტორიაში სულ არის 6 საქმე, როდესაც დადგინდა კონვენციის მე-18 მუხლის დარღვევა. ეს არის მე-7 საქმე, ეს არის უიშვიათესი შემთხვევა, როდესაც ამგვარი დარღვევა დგინდება 100 ათასობით საქმიდან. მე ასევე მინდა განვაცხადო, რომ ვანო მერაბიშვილი არის მე-3 პოლიტიკოსი – იულია ტიმოშენკოს და ბატონი ლუცენკოს შემდეგ, რომელზეც მე-18 მუხლის დარღვევა დადგინდა. ევროპის სასამართლომ (ერთხმად ყველა მოსამართლემ, ვინც განიხილავდა პალატაში საქმეს) დაადგინა, რომ ვანო მერაბიშვილს დაუსაბუთებლად შეეფარდა პატიმრობა, აპელაციაშიც, ვანო მერაბიშვილის პატიმრობა ასევე დაუსაბუთებელი განჩინებით გამოვიდა, ასევე, ვანო მერაბიშვილს დაუსაბუთებლად გაუგრძელდა წინასწარი პატიმრობა და რაც ყველაზე მთავარია, ვანო მერაბიშვილის პატიმრობა, მისი სისხლის სამართლებრივი დევნა, მისი პატიმრობის გაგრძელება არ ემსახურებოდა კონვენციით გათვალისწინებულ მიზნებს, სასამართლომ გაითვალისწინა პოლიტიკური კონტექსტი, რაც მიუთითა პირდაპირ გადაწყვეტილებაში, გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ ვანო მერაბიშვილის გაყვანა ციხიდან მასზე ზეწოლის განხორციელების მიზნით არ იქნა გამოძიებული და ამ პოლიტიკური კონტექტიდან გამომდინარე დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა უხეშ დარღვევას თავისუფლების უფლებით. პრაქტიკულად, პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით. სასამართლოს გადაწყვეტილებიდან იკითხება, რომ ვანო მერაბიშვილი არის პოლიტიკური პატიმარი. საქართველოს ხელისუფლებას ეს გადაწყვეტილება აკისრებს პასუხისმგებლობას, რომ ამ პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით, რაც სასამართლომ უკვე დაადგინა, რაც სასამართლომ მხედველობაში მიიღო, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ვანო მერაბიშვილი პატიმრობიდან. ვანო მერაბიშვილის პატიმრობის ყოველი საათი არიის უაღრესად დამაზიანებელი საქართველოს სახელმწიფოსთვის, საქართვეოს სახელმწიფოს იმიჯისთვის, შესაბამისად, დაუყოვენებლივ უნდა მოხდეს ვანო მერაბიშვილის გათავისუფლება” – განაცხადა კახიძემ.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანიც ეხმაურება. მინისტრის თქმით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.

“სასამართლომ შავით თეთრზე თქვა, რომ მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა დაიწყო 2013 წლის მაისში და დასრულდა 2014 წლის თებარვალში, ანუ ორ წელიწადზე მეტი ხნის წინ და ეს არის კანონიერი. ეს იყო ჩვენთვის მთავარი. ასევე სასამართლომ თქვა, რომ პირველი ორი გადაწყვეტილება წინასწარი პატიმრობის შესახებ ქართველმა მოსამართლეებმა დასაბუთებულად გამოიტანეს გადაწყვეტილება, მითუმეტეს, მხედველობაში იმას თუ მივიღებთ რომ სახეზე იყო მაისურაძის გვარზე გაცემული მერაბიშვილის გაყალბებული პასპორტი. რაც შეეხება დარღვევებს, გადაწყვეტილება, რომელიც ქართველმა მოსამართლეებმა 2013 წელს ზეპირად, ერთი ფრაზით გამოიტანა წინასწარი პატიმრობის გირაოთი შეცვლის თაობაზე იყო არასაკმარისად დასაბუთებული და ეს ჩაითვალა დარღვევად. სტრასბურგის სასამართლომ მერაბიშვილის მიერ მოყოლილი ამბავი თითქოსდა 2014 წლის დეკემბერში მიიყვანეს დარბაისელთან და ფარცხალაძესთან ეს ინციდენტი არ იყო გამოძიებულიყო და ამიტომ ალბათ არის მე-18 მუხლის დარღვევა. ეს არის სულ. მთავარია, რომ ის წინასწარი პატიმრობა, რომელიც ორი წლის წინ დასრულდა კანონიერად არის აღიარებული. რაც შეეხება თანხის ნაწილს, ივანე მერაბიშვილი 15000 ათას ევროს ითხოვდა, მას მიანიჭეს 4000 ათასი ევრო. ადვოკატი ოთარ კახიძე 35 000 ათას ევროს ითხოვდა საადვოკატო მომსახურეობისთვის და მას ასევე 4 000 ათასი ევრო მიანიჭეს. ეს გადაწყვეტილება საბოლოო არ არის და ის ძალაში აგვისტოში შევა. აგვისტოში შევა ძალაში იმ შემთხვევაში თუ მე, როგორც იუსტიციის მინისტრი, ამ გადაწყვეტილებას არ გავასაჩივრებ. იუსტიციის სამინისტრო ამ გადაწყვეტილებას აუცილებლად გაასაჩივრებს.” – განაცახადა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, სტრასბურგის სასამართლო მსჯელობდა 2013 წლის 22 და 25 მაისს მიღებული გადაწყვეტილებების ადამიანის უფლებათა დაცვის კონვენციის მეხუთე თავის რამდენიმე პუნქტისა და მეთვრამეტე მუხლთან შესაბამისობაზე. მერაბიშვილის მხარის პოზიციით, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მისთვის აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით საფუძვლიანი დასაბუთების გარეშე მოხდა. მერაბიშვილის პოზიციით, მის წინააღმდეგ არსებული სასამართლო საქმეები პოლიტიკური შინაარსის მატარებელია.

იტვირთბა....