ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ის კაპიკები, რასაც ჩვენ რუსები გვაძლევენ არაფერია იმასთან შედარებით, რაც ჩვენ მივეცით”

სოხუმის დე ფაქტო მერი ადგურ ხარაზია ადგილობრივ გამოცემა „Нужная Газета”-სთვის მიცემულ ინტერვიუში რუსეთის მიმართ უკმაყოფილებას გამოთქვამს და აცხადებს, რომ რუსეთი აფხაზეთში უზარმაზარი ტერიტორიით სარგებლობს და ამისთვის აფხაზებს „კაპიკებს” უხდის.

„ერთი მხრივ, ჩვენ საკუთარი ძალების იმედი გვაქვს, მაგრამ მეორე მხრივ, რუსეთთან ურთიერთობა უფრო გამჭვირვალე უნდა გავხადოთ. ისინი კაპიკებს გვაძლევენ და უზარმაზარი ტერიტორიით სარგებლობენ, რომელიც სამხედრო ბაზებისთვის მივეცით. მათ ეს ბაზები მხოლოდ ჩვენს დასაცავად არ გაუხსნიათ. პირველ რიგში, ეს ბაზები სჭირდებათ რუსეთის ნატო-სგან დასაცავად. რატომ არ უნდა გადაგვიხადონ ამისთვის? რატომ არ უნდა გადავიტანოთ ჩვენი ურთიერთობა ცივილიზებულ ჭრილში? მთელი მსოფლიო ასე ცხოვრობს, რატომ უნდა არსებობდეს რუსეთ-აფხაზეთის ურთიერთობებში განსაკუთრებული წესები? რუსებს ჰგონიათ, რომ საჩუქარს გვიკეთებენ. მაგრამ აქ არანაირ საჩუქარზე საუბარი არ არის. ის კაპიკები, რასაც ჩვენ გვაძლევენ არაფერია იმასთან შედარებით, რაც ჩვენ მივეცით . რატომ არ გვექცევიან როგორც მოკავშირეებს? ჩვენ რა, ამერიკაში მივდივართ? ჩვენ მხოლოდ ერთს ვაცხადებთ, რომ გვსურს რუსეთთან ერთად გავაგრძელოთ გზა. ამიტომ რუსეთი სხვანაირად უნდა გვიყურებდეს”, – აცხადებს სოხუმის დე ფაქტო მერი.

მისივე თქმით, ე.წ. პარლამენტთაშორისი კომისიის წევრობის დროს მან აღნიშნული საკითხი დააყენა და მხარდამჭერები იპოვა კიდეც.

შეგახსენებთ, ადგურ ხარაზია 2014 წლიდან სოხუმის მერის მოვალეობას ასრულებდა. 2016 წლის 31 მაისს კი, ამ თანამდებობაზე ის ოფიციალურად დაინიშნეს.

იტვირთბა....