კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა ჟურნალისტების კითხვას იმის შესახებ, თუ რატომ, გადაწყდა, მსოფლიო ტენორის, ხოსე კარერასის კონცერტი ყოფილიყო უფასო, უპასუხა, რომ უფასო თუ ფასიანი კონცერტები მაინც კრიტიკას იწვევს და ეს უცნაურია:
“უცნაურია, ფასიანია თუ უფასოა, მაინც კრიტიკაა. ლოგიკა იყო შემდეგი – ამ მასშტაბის და ხარისხის კონცერტი რეგიონში პრაქტიკულად პირველად ტარდება. ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია ამ კონცერტმა. ქუთაისის მერისგან და გუბერნატორისგან ვიცი, რომ პრაქტიკულად მთელი რეგიონი აპირებს ქუთაისში ჩასვლას, გვინდოდა შეზღუდვა არ ყოფილიყო რაოდენობრივად და ყველას მისცემოდა საშუალება ამ კონცერტზე დასწრების“, – განაცხადა გიორგაძემ.
კითხვაზე, შეიძლებოდა თუ არა იგივე ლოგიკით რობი უილიამსის კონცერტიც ყოფილიყო უფასო, გიორგაძემ უპასუხა, რომ „ლოგიკა განსხვავებულია და დიდი მნიშვნელობა აქვს“.
შეგახსენებთ, რომ ხოსე კარერასი ქუთაისში, 18 ივნისს, კონცერტს გამართავს. კონცერტზე დასწრება უფასოა.