საზოგადოება

„არ ვიცი, რა ტვინში უნდა დაიბადოს აზრი, ადამიანს უთხრა, ელამი ხარ და ჩადრი ჩამოიფარეო“

ჟურნალისტი სალომე ასათიანი, რომელიც  ყურადღების ცენტრში ბიძინა ივანიშვილთან ჩაწერილი ინტერვიუს შემდეგ მოექცა, მომღერალ ირმა სოხაძის ქალიშვილია.

ირმა სოხაძე ჟურნალ „სარკესთან“ ინტერვიუში აღნიშნავს, რომ მისი ქალიშვილი მაღალი დონის პროფესიონალია:

“სალომეს კონკრეტულად ვინ დაურეკა, არ ვიცი, მაგრამ ინიციატივა ბატონი ბიძინასგან წამოვიდა. მას დიდ პატივს ვცემ და ძალიან მიყვარს. ამ ადამიანს სალომეც დიდ პატივს სცემს, მაგრამ მისი ჟურნალისტური ფუნქცია სულ სხვაა. სამწუხაროდ, იმ დღეს გარკვეული კომუნიკაციური გაუგებრობა შეიქმნა… მინდა გითხრათ, რომ ბატონმა ბიძინამ თავად მოისურვა სალომეს საავტორო გადაცემაში მისვლა. აქედან გამომდინარე, შეკითხვების სიმწვავე მისთვის მოულოდნელი არ უნდა ყოფილიყო, რადგან გადაცემა მწვავე ფორმატის არის… გული მწყდება, რომ ბატონმა ბიძინამ არ გამოიყენა საშუალება, ბევრი მწვავე საკითხისთვის მეტი სინათლე მოეფინა.

– საზოგადოებაშიც რადიკალურად განსხვავებული შეფასებები მოჰყვა ამ გადაცემას. ზოგი ჩარჩოებს გასცდა და ჟურნალისტის გარეგნობაზე გაამახვილა ყურადღება. ამ საქციელმა საზოგადოების დიდი ნაწილი აღაშფოთა და წარმომიდგენია, დედისთვის ამის მოსმენა როგორი იქნებოდა.

– ეს არის უსინდისო, უსაქმური და უინტელექტო ხალხი! ამ სიტყვების ხმარებისთვის სიტყვა “მაპატიე”-საც არ გეუბნებით. მათ მხოლოდ დეგენერატები და გონებრივად ჩამორჩენილები შემიძლია ვუწოდო, სხვა სიტყვებს ვერ ვპოულობ. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ დედა ვარ. სალომემ “ფეისბუქზე” სტატუსიც დაწერა, რომ რამდენიმე წლის წინ მას ბადურა ჩამოეშალა. სალომე არის ფანტასტიკური გოგო! არ ვიცი, რა ტვინში უნდა დაიბადოს აზრი, ადამიანს უთხრა, ელამი ხარ და ჩადრი ჩამოიფარეო. სალომე ეთერში სილამაზის სტანდარტების დასამკვიდრებლად არ ზის, ის უმაღლესი რანგის ჟურნალისტია და იმდენად კარგად აკეთებს თავის საქმეს, ბევრს რომ ვერც წარმოუდგენია.“-აცხადებს ირმა სოხაძე ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილის და სალომე ასათიანის ინტერვიუმ საზოგადოებაში სხვადასხვაგვარი რეაქცია გამოიწვია. ერთმა ნაწილმა ჟურნალისტი, როგორც არაპროფესიონალი, ისე გააკრიტიკა. თუმცა უმრავლესობის შეფასებით, სალომე ასათიანი ინტერვიუს ღირსეულად წარუძღვა.

იტვირთბა....