საზოგადოება სპორტი

რატომ გაშორდა ცოლს თორნიკე ოქრიაშვილი: რა ხდება ესპანეთთან თამაშის გმირის პირად ცხოვრებაში

 

საქართველო-ესპანეთის ამხანაგური მატჩის მთავრი გმირი, ქართველი ფეხბურთელი, თორნიკე ოქრიაშვილია, რომელმაც ერთადერთი და გადამწყვეტი გოლი გაიტანა ესპანეთის კარში. თორნიკე ჟურნალ „რეიტინგთან” 2013 წელს მიცემულ ინტერვიუში აღნიშნავდა, რომ ფეხბურთის თამაშით ბავშვობიდან დაინტერესდა, თუმცა ერთი პერიოდი მას თავიც კი დაანება:

თორნიკე ოქრიაშვილი: ბავშვობიდან სულ ბურთით ვთამაშობდი. დედასა და მამას ფეხბურთი მოსწონდათ. რადგან ჩემშიც ინტერესი დაინახეს, ექვსი წლის ასაკში მიმიყვანეს ფეხბურთზე. თავიდან ”ირაოზე” დავდიოდი, ”გაგრაშიც” ვიყავი ერთი პერიოდი. ”გაგრის” პრეზიდენტს, ბესო ჩიხრაძეს, ჩემს ფეხბურთელობაში დიდი წვლილი მიუძღვის. იყო პერიოდი, როცა ფეხბურთზე გული ამიცრუვდა. თხუთმეტი წლის რომ ვიყავი, გადავწყვიტე, რომ ფეხბურთის თამაში აღარ მინდოდა.

– რატომ დაანებე თამაშს თავი?

– უბრალოდ, აღარ მინდოდა ფეხბურთი. დედაჩემისა და მამაჩემის თხოვნით ისევ გავაგრძელე თამაში და ახლა მათი მადლობელი ვარ. გარდატეხის პერიოდში დაახლოებით რვა თვე თავი მქონდა დანებებული თამაშისთვის. მერე ”გაგრაში” მივედი. პირველი ლიგიდან გადავედით უმაღლეს ლიგაში და ასე ნელ-ნელა მოვედი დღემდე.

– დედმამიშვილი გყავს?

– უფროსი ძმა მყავს. ხუთი წელი დადიოდა ფეხბურთზე, მერე თამაშს თავი დაანება.

– ცნობილია, რომ ფეხბურთელები სწავლით თავს არ იკლავენ. შენც მათ რიცხვში ხარ?

– ვიცოდი, რომ მაგას მკითხავდი (იცინის). თავს არასდროს ვიკლავდი სწავლით. გაუნათლებელი ნამდვილად არ ვარ. თერთმეტი კლასის განათლება მაქვს.

– რამდენი წლის ხარ? არ გაქვს სწავლის გაგრძელების სურვილი?

– უმაღლესში ჩაბარება რომც მოვინდომო, დრო არ მაქვს, რომ ყოველდღე წიგნებთან დავჯდე და მერე გამოცდაზე გავიდე. ჩემთვის რომ დავჯდე და ვიკითხო, ეს უფრო შემიძლია და უფრო გამომადგება, ვიდრე ის, რომ ორმოცი წლის ასაკში დიპლომი მქონდეს. ორმოც წლამდე ფეხბურთს ვითამაშებ და მერე ატესტატი არ დამეხმარება რამე ახალი საქმის დაწყებაში. ამიტომ მირჩევნია, ფეხბურთი ვითამაშო და თან ვიკითხო. რა თქმა უნდა, ვხვდები, რომ უმაღლესში ჩაბარება უკეთესი იქნებოდა, მაგრამ ამდენს ვერ ”გავქაჩავ” .

– სხვა ფეხბურთელებისგან იმითაც გამოირჩევი, რომ ბევრი სვირინგი გაქვს...

– ხელებსა და ფეხებზე მართლა ბევრი სვირინგი მაქვს. მომწონს სვირინგი. რაიმე ნახატი რომ მომეწონება, ვიხატავ ხოლმე. ქურდული რაღაცები არ მახატია. ჩემი სვირინგები შეიძლება, ბევრს არ მოსწონდეს. უახლოეს მომავალში რამდენიმე ნახატს კიდევ გავიკეთებ. ამოსვირინგებული მაქვს ანგელოზი და აფროდიტა, არწივი. მკლავზე დიდი თვალი მაქვს დახატული, მაგრამ აღარ მომწონს. მინდა, მოვიშორო. ამოსვირინგებული მაქვს ჩემი და ჩემი ყოფილი ცოლის ინიციალები ”თ” და ”ლ” ძველქართულად.

– ვინ იყო მეუღლე?

– ლიკა მუზაშვილი. გვყავს ერთი წლის შვილი – ალექსანდრე. მე და ლიკა ექვსი წელი ვიყავით ერთად. თხუთმეტი წლიდან ვხვდებოდით ერთმანეთს, წელიწად-ნახევრის წინ დავქორწინდით. ახლა უთანხმოება მოგვივიდა და დავშორდით. უთანხმოება ბევრჯერ მოგვსვლია, მაგრამ ახლა ყველაფერი სერიოზულადაა. მეგობრებად დავშორდით ერთმანეთს. ჩემი შვილის დედაა და სხვანაირად არც შეიძლება იყოს. შეგიძლიათ დაწეროთ, რომ თორნიკე თავისუფალია.

– ყოფილი მეუღლე როგორ გაიცანი?

– ჩემი მეგობრის დაბადების დღეზე შევხვდით ერთმანეთს და ძალიან მომეწონა. ლიკა მოცეკვავე იყო. ლიკა ჩემს თამაშებზე დადიოდა, მე – ლიკას კონცერტებზე.

– ალბათ, ლიკა შენს თაყვანისმცემლებზე ეჭვიანობდა.

– ჩვენს დაშორებაში ყველაზე დიდი როლი ეჭვიანობამ ითამაშა.

– არ ცდილობდი იმის დამტკიცებას, რომ საეჭვიანო არაფერი ჰქონდა?

– რამდენჯერმე ვეცადე დამტკიცებას. საეჭვიანო მართლა არაფერი ჰქონდა, მაგრამ მერე ერთი და იმავეს მტკიცება მომბეზრდა.

– საქართველოში რამდენიმე დღით ხარ ჩამოსული. ნახე ყოფილი მეუღლე?

– არ მინახავს. შერიგების შანსი ჯერჯერობით არაა და მგონია, რომ არც მომავალში იქნება.

– არის შენს ცხოვრებაში გოგონა, რომელიც გაინტერესებს?

– მეგობარი გოგონა არ მყავს. ამ ეტაპზე მთლიანად ფეხბურთით ვარ დაკავებული.

– მომავალში შენი პირადი ცხოვრება როგორ წარმოგიდგენია?

– პირად ცხოვრებაზე ბევრი მიფიქრია. ცოლს დავშორდი, მყავს ბავშვი. გადაწყვეტილი მაქვს, ფეხბურთს მივხედო. ცოლის მოყვანას არ ვიჩქარებ.

– გინდა, შვილი ფეხბურთელი გამოვიდეს?

– ჯერ პატარაა, მაგრამ თუ შევატყვე, რომ ჩემზე მაგარი ფეხბურთელი იქნება, შევუწყობ ხელს, რომ სპორტსმენი იყოს და თუ შევატყვე, რომ ჩემზე მაგარი ვერ იქნება, არ მენდომება, რომ ამ სპორტს გაჰყვეს. არ ვაწვალებ. ფეხბურთი რთული სპორტია. სხვას რომ უყურებ, ძალიან ადვილია კრიტიკა და იმის თქმა, გოლი რატომ ვერ გაიტანაო. ფეხბურთის თამაში ძალიან რთულია. ყველაფერი გამოვლილი მაქვს და ვიცი, როგორი რთულია ამ სპორტში რაიმეს მიღწევა. მით უმეტეს, როცა ბავშვობიდან ვარჯიშის პირობები არ გაქვს. მე, მაგალითად, ბავშვობაში ვარჯიშზე რომ მივდიოდი, ქვიშაზე ვთამაშობდი.

 

შეგახსენებთ, რომ გუშინ საქართველომ ამხანაგურ მატჩში ესპანეთის ნაკრები, მოქმედი ევროპის ჩემპიონი, საკუთარ ქვეყანაში დაამარცხა, ანგარიშით 1:0. გოლის ავტორი თორნიკე ოქრიაშვილია.

 

reitingi.ge

იტვირთბა....