ახალი ამბები ინტერვიუ მთავარი პოლიტიკა

„არჩევნებზე სერია A-ში ქოცები, ნაცები და ჩვენ ვითამაშებთ“

ექსკლუზიური ინტერვიუ “თავისუფალი საქართველოს” ლიდერ კახა კუკავასთან

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ “პატრიოტთა ალიანსი” 5 პარტიასთან ერთად საარჩევნო ბლოკს ქმნის. საარჩევნო ბლოკს დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – პატრიოტთა ალიანსი -გაერთიანებული ოპოზიცია”. ერქმევა, რომელიც შემდეგ პოლიტიკურ პარტიებს მოიცავს: 1. დავით თარხან-მოურავი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი; 2. კონსტანტინე გამსახურდია – პარტია „თავისუფლება“; 3. კახა კუკავა – პარტია“თავისუფალი საქართველო“; 4. აკაკი ასათიანი – საქართველოს ტრადიციონალისტთა კავშირი; 5. გოჩა ჯოჯუა – პარტია „ახალი ქრისტიან-დემოკრატები“; 6. გია ბერძენიძე – ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა.

“პატრიოტთა ალიანსი” 2012 წელს შეიქმნა, თუმცა მალევე მოიპოვა საკმაო პოპულარობა, რაზეც თბილისის მერობის არჩევნები მოწმობს, სადაც მათმა კანდიდატმა ირმა ინაშვილმა ხმების 5%-ზე მეტი მიიღო.

პარტია იდეოლოგიურად მემარჯვენე-კონსერვატიული მიმართულებისაა. NDI-ის მიერ გამოქვეყნებულ ბოლო კვლევაში პარტიას 5%-იანი მხარდაჭერა აქვს, რაც პარლამენტში შესვლის რეალურ შესაძლებლობას გულისხმობს.

დღეს, ამ პარტიამ მასზე ნაკლები რეიტინგის მქონე პარტიები გააწევრიანა თავის რიგებში. რა შედეგს მოუტანს ეს ალიანსს; როგორ გადანაწილდება საარჩევნო სიაში კვოტები, ამის შესახებ “მეტრონომს” პარტია“თავისუფალი საქართველოს” ლიდერი კახა კუკავა ესაუბრა.

„მეტრონომი“: რა გახდა “პატრიოტთა ალიანსში” გაწევრიანების მიზეზი, თქვენთან შედარებით ალიანსს მაღალი რეიტინგი აქვს. თქვენ გჭირდებოდათ ინაშვილი თუ იანაშვილს თქვენ?

კახა კუკავა: ორივეს გვჭირდებოდა ერთმანეთი. რაც მთავარია ეს არის არა მხოლოდ პარტიულ ინტერესში. ხალხს აღარ სურს ხმა მისცეს „ნაციონალებს“ და „ოცნებას“. ამ ვითარებაში მესამე პოლიტიკურ ცენტრს ვერ არჩევს საერთო პალიტრაში. დღევანდელი განცხადება გაერთიანებული ბლოკის შესახებ სწორედ ამ ამომრჩევლისთვის არის. დღეს ჩამოვაყალიბეთ ეს გაერთიანებული ოპოზიციური ფლანგი, რომელიც საზოგადოებას სთავაზობს მესამე პოლიტიკურ არჩევანს. ეს არ არის არც დაბრუნება “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკურ წარსულში, თუმცა ეს იმავდროულად არ გულისხმობს არც „ოცნების“ ჭაობის გაგრძელებას. ჩვენ გვინდა პრინციპული, კარდინალური განახლება, როგორც ქვეყნის საშინაო, ისე საგარეო და ეკონომიკური პოლიტიკის მიმართულებით.

– როგორც მივხვდი გადაუწყვეტელ 60% პროცენტზე გააკეთებთ აქცენს. ამ სეგმენტის ამომრჩეველზე სხვა პოლიტიკური პარტიებიც იბრძვიან. შეძლებთ მათთვის კონკურენციის გაწევას?

– ვფიქრობთ ჩვენი მთავარი უპირატესობა იქნება სწორედ ის, რომ ეს გაერთიანებული ოპოზიცია იქნება. იმ 60%-დან ვინც მკაფიოდ გამოკვეთილი ლიბერალია, ხმას ალასანიას აძლევს, ვინც მკაფიოდ გამოკვეთილი რუსეთუმეა, ის მისცემს ბურჯანაძის პარტიას. ვფიქრობს, ის 60% დღემდე იმიტომ არ აკეთებდა არჩევანს, რომ ის ორიენტირებულია არა კონკრეტულ იდეოლოგიურ ნიშაზე, არამედ ცვლილებებზე და ცვლილებებს პარტია, რომელსაც 3-5% რეიტინგი აქვს ვერ შესთავაზებს. ცვლილებები რომ შესთავაზოს პოლიტიკურმა ძალამ ის პარლამენტში წარმოდგენილი უნდა იყოს საკმაოდ მასშტაბური სადეპუტატო კორპუსით. ამის შეთავაზება დღეს მხოლოდ გაერთიანებულ ოპოზიციას შეუძლია.

თქვენი გათვალა როგორია? მაინც რამდენი კაცის შეყვანას შეძლებთ პარლამენტში?

– ვნახოთ. წინასწარი პროგნოზების გაკეთება ნამდვილად არ შემიძლია და არც მგონია, რომ ეს სერიოზული იყოს. ერთადერთი შემიძლია გითხრათ, რომ დღევანდელი საქართველოს საარჩევნო პოლიტიკური ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში თამაშობს სამი პოლიტიკური ძალა. ესენია: “ნაციონალური მოძრაობა”; “ქართული ოცნება” და ჩვენ. ეს სამი პოლიტიკური ძალა იბრძოლებს გამარჯვებისთვის, ხოლო ყველა სხვა პოლიტიკური პარტია მხოლოდ ბარიერისთვის იბრძოლებს.

თქვენ პრორუსულ ძალად მხოლოდ ბურჯანაძე მოიხსენიეთ. “პატრიოტთა ალიანსსაც” პრორუსულ ძალად მიიჩნევენ. იზიარებთ პარტიის ყველა ხედვას, მათ შორის საგარეო კურსთან დაკავშირებითაც?

– გვაქვს ბევრი სხვადასხვაობები, თუმცა ჩამოვაყალიბებთ ერთიან საპარლამენტო პროგრამას. რაც შეეხება იმას, რომ “პატრიოტთა ალიანსი” პრორუსული ძალაა, ეს მე მათგან არასოდეს არ მსმენია და არც რაიმე კონკრეტული მტკიცებულებები არ არსებობს ამის დასადასტურებლად.

დღეს საქართველოში ერთადერთი პარტია, რომელიც ღიად, დეკლარირებულად პრორუსულია ბურჯანაძის პარტიაა. შესაძლოა ჯონდი ბაღათურიაც, სხვა პოლიტიკური ძალისგან მსგავსი განცხადებები არ მსმენია.

– ბურჯანაძეც არ ამბობს, რომ პრორუსულია. ის რუსეთთან პოლიტიკის შეცვლის მომხრეა და ინაშვილი-ბურჯანაძის განცხადებები რუსეთთან ურთიერთობის დალაგებასთან მიმართებაში, იდენტურია…

– არა, არ არის მსგავსი. გინახავთ ინაშვილი პუტინტან ერთად? თქვენ შესაძლოა თქვენი აზრი გქონდეთ, მაგრამ უნდა ვისაუბროთ იმაზე, რაც უდაოდ ვიცით. ჩვენ მოგვისმენია ბურჯანაძის განცხადებები, როცა ჟურნალისტმა ვერ ათქმევინა, რომ აფხაზეთი ოკუპირებული ტერიტორიაა. ჩვენს გუნდში არ არის არცერთი ძალა, რომელიც აფხაზეთის საკითხს სადაოს ხდის.

არჩევნებისთვის ფინანსური რესურსი მნიშვნელოვანია. ვინ იქნება თქვენი მთავარი დამფინანსებელი. თუ აუდიტის სამსახურის ბოლო რამდენიმე თვის ანგარიშებს ვნახავთ “პატრიოტთა ალიანსს” შემომწირველები საკმაოდ ბევრი ჰყავს.

– “პატრიოტთა ალიანსზე” მოვა მთავარი ფინანსური ტვირთი, რადგან ის იქნება გაერთიანებული ოპოზიციის წამყვანი ძალა, როგორც ფინანსური, ისე სხვა რესურსებიდან გამომდინარე.

როგორ გადანაწილდება პარტიულ სიაში კვოტები?

– ეს საკითხი მოგვიანებით გადაწყდება. ამასთან დაკავშირებით შიდა დისკუსიები გაიმართება.

– ბოლოს მინდა კონკურენტებზეც გკითხოთ. ვის მოიაზრებთ მთავარ კონკურენტად. ცოტა ხნის წინ რამდენიმე პოლიტიკური ძალა ახსენეთ და მათ შორის არ იყო ბურჭულაძე, რომელსაც დიდი პირადი რეიტინგი აქვს.

– ბურჭულაძეს პირადი რეიტინგი მაღალი აქვს, როგორც ოპერის მომღერალს, რაც შეეხება მის პარტიას, ჩვენი გამოკითხვების თანახმად თეორიული შანსიც კი არ აქვს ბარიერი გადალახოს. ამ არჩევნებზე “სერია ა”-ში ქოცები, ნაცები და ჩვენ, გაერთიანებული ოპოზიცია ვითამაშებთ.

მარიამ ვარადაშვილი

იტვირთბა....