ქარელის რაიონში, სოფელ ავნევის განაპირას შეიარაღებულმა რუსმა ფორმიანებმა ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები დაამონტაჟეს. ავნევის მაცხოვრებლებს ამ ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო მიწები ჰქონდათ. მოსახლეობის განცხადებით, ამ ბანერების დაფიქსირების შემდეგ საკუთარ მიწის ნაკვეთზე შესვლას ვეღარ შეძლებენ. ამის შესახებ ინფორმაცია სააგენტო „ინტერპრესნიუსმა“ გაავრცელა. ინფორმაციას ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებელიც ადასტურებს.
„ე.წ. მესაზღვრეები რუსული საჯარისო დანაყოფის წარმომადგენლები, ”კამაზის” მარკის ავტომანქანებით გამოჩნდნენ სოფელ ავნევის განაპირას და ორი ახალი მწვანე ბანერი დაამონტაჟეს. აღნიშნულ ტერიტორიაზე სოფლის მოსახლეობა მიწის ნაკვეთებს ფლობს, ისინი ბოლო წლების განმავლობაში ჩვეულებრივ შედიოდნენ სასოფლო-სამეურნეო სავარგულებში და მოსავალი მოჰყავდათ, თუმცა ფაქტია, რომ ამ ბანერების დამონტაჟების შედეგად გადაადგილება შეეზღუდებათ“, – განაცხადა ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა გულიაშვილმა.