„მინისტრმა მღებრიშვილმა მათი დარწმუნება ვერ შეძლო… სავარაუდოდ ამის შედეგებს ვიმკით დღეს…“
საქართველოში ივლისისთვის ევროკავშირის ქვეყნებთან თავისუფალი მიმოსვლის თაობაზე გადაწყვეტილებას ელიან, თუმცა ბოლოდროინდელი ინფორმაცია იმედს არ იძლევა. ევროსაბჭოს ე. წ. „კორპერში“, ანუ ევროკავშირის მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტში არაა კონსენსუსი საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციაზე დადებითი გადაწყვეტილების თაობაზე.
ჯერ კიდევ 2 ივლისს “როიტერი” წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ ევროკავშირის მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტი (კორეპერი) ისევ ვერ შეთანხმდა საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხზე. ვიზის ლიბერალიზაციის საკითხს საფრანგეთისა და გერმანიის წარმომადგენლები ეწინააღმდეგებიან.
ევროკავშირის წარმომადგენლები საქართველოსთან და უკრაინასთან მიმართებით ხედავენ საფრთხეს და მოითხოვენ გარკვეული ბერკეტების უზრუნველყოფას კანონმდებლობაში, რაც შესაძლებელს გახდის ვიზალიბერალიზაციის პროცესი მომენტალურად დამუხრუჭდეს და შეჩერდეს ნებისმიერი გაუთვალისწინებელი საფრთხის აღმოჩენისას.
მიმდინარე კვირაში კორეპერი ისევ უნდა შეიკრიბოს, რომელიც ამზადებს გადაწყვეტილებას ევროკავშირის მინისტრთა საბჭოსთვის. ევროკავშირის (მინისტრთა) საბჭოს სხდომა 9-10 ივნისს უნდა გაიმართოს, რომელმაც უნდა განიხილოს და კენჭი უყაროს საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის ამოქმედების საკითხს.
პროცესის გადადების მიზეზად გერმანიაში მოქმედი ქართული კრიმინალური დაჯგუფებებიც სახელდება.
„საქართველოდან გერმანიაში სულ უფრო მეტი ბანდიტები შემოდიან, თუმცა, ამის მიუხედავად, ევროკავშირს სურს საქართველოსთვის უვიზო რეჟიმი დააწესოს. გერმანიაში კი ამ სავარაუდო გადაწყვეტილებისადმი წინააღმდეგობა იზრდება“, – სწორედ ასე იწყება გაზეთ „ბილდ“-ში გამოქვეყნებული სტატია.
როგორც გერმანელი ექსპერტები ამბობენ, ევროკომისიისაგან განსხვავებით, უპირველეს ყოვლისა, გერმანიამ ყურადღება უნდა მიაქციოს იმ პრობლემას, რომელსაც ქვეყანას ქართველებს შორის დამნაშავეობის მაღალი დონე უქმნის. ექსპერტ არმინ შუსტერის აზრით (ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირი): „ქართველი იმიგრანტები, სხვებისაგან განსხვავებით, ძალიან ღრმად არიან ჩაბმულნი ორგანიზებულ დამნაშავეობაში. ახლა, ჩვენ უვიზო რეჟიმი რომ შემოვიღოთ, კრიმინალური სიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდება“. არმინ შუსტერი პოლიციის ოფიცერია და მიიჩნევს, რომ ქართველი ბანდიტების შეჩერება და გერმანიაში ბინების ძარცვის რაოდენობის დაკლება მხოლოდ ამ გზითაა შესაძლებელი.
სტატიის ავტორი ფედერალური სისხლის სამართლის პოლიციის სტატისტიკური მონაცემებით სარგებლობს, რომელთა თანახმად, გასულ 2015 წელს გერმანიაში მომხდარი ძარცვის 167 ათასი ფაქტიდან ყველაზე მეტი „ქართულმა მაფიოზურმა დაჯგუფებების წევრებმა“ ჩაიდინეს.
„ბილდის“ კორესპონდენტთან საუბარში პოლიციის წარმომადგენელი ანდრე შულცი ამბობს, რომ „დამნაშავეთა უკან ქართული მაფიის მოქმედება იკვეთება, რომელიც გერმანიაში ქურდებს მიზანმიმართულად აგზავნის. აქ ჩამოსვლის შემდეგ ისინი თავშესაფრის მიღებას ითხოვენ და სანამ მათი თხოვნა იხილება (8-12 თვის განმავლობაში), ქურდობენ და დანაშაულს სჩადიან. იგივე მოქმედებით არიან დაკავებულნი აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებიდანაც ჩამოსული პირებიც… გერმანია ქურდებისა და ბინის მძარცველებისათვის სამოთხის მსგავსი მიმზიდველი ქვეყანაა. ჩვენ ევროპის ყველაზე მდიდარი ქვეყანა ვართ და ეს ფაქტორი უცხოელ ქურდებზე მაგნიტივით მოქმედებს“.
საქართველოში კორპერის გადაწყვეტილების შეფასება პოლიტიკოსებმა აქტიურად დაიწყეს. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს ზვიად კვაჭანტირაძეს შეფერხების პროცესი ფილმ “შერეკილების” სიუჟეტს აგონებს და აცხადებს, რომ ევროსაბჭო დარწმუნებული იყო საქართველო ევროკომისიის მხრიდან დადებით შეფასებას ვერ მიიღებდა.
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლი აცხადებს, რომ გვაქვს დადებითი დასკვნა. თუმცა, არ არსებობს ამ დასკვნის იმპლემენტაციის მექანიზმები.
“ჩვენ შეგვიძლია სრული პასუხისმგებლობით განვაცხადოთ – საქართველოს მხრიდან მაქსიმალური გაკეთდა ტექნიკური თვალსაზრისით, რომ დაგვეკმაყოფილებინა ევროკავშირის მოთხოვნები ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით. დღეს ისეთი სიტუაციაა შექმნილი ”შერეკილებში” რომ არის – არავის ეგონა რომ გაფრინდებოდნენ, თუმცა ისხდნენ და მიფრინავდნენ. მე მგონი, ჩვენი ბევრი ევროპელი კოლეგაც ასე უყურებს ამ ვიზალიბერალიზაციის პროცესს. მივედით ბოლომდე, პრაქტიკულად ერთ ღილაკზე თითის დაჭერა რჩება და ზოგიერთი ახლა მოვიდა გონზე, რომ თურმე ჩვენ შეიძლება მართლა მივიღოთ ვიზალიბერალიზაცია. ამ დროს მთელი ამ წლების განმავლობაში, როგორც ჩანს, ჩვენ გაცილებით მეტი პასუხისმგებლობით ვეკიდებოდით ვიდრე ზოგიერთი ჩვენი კოლეგა ევროკავშირში. მე მინდა ჩვენმა მოსახლეობამ იცოდეს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა და აკეთებს იმისთვის, რომ ვიყოთ აბსოლუტურად პირნათელი ევროკავშირთან ურთიერთობაში და ხაზი გავუსვათ იმას, რომ ჩვენი ვალდებულებები, რაც გვქონდა აღებული, არის სრულყოფილად შესრულებული და სიტუაციის გაუარესების არანაირ რისკს არ შეიცავს არც ერთი მიმართულებით.” – ამბობს კვაჭანტირაძე.
სანამ ქართველი პოლიტიკოსები ქართული კინომატოგრაფიის სიუჟეტების შედარებითი ანალიზით არიან დაკავებული და ისტორიულ პარალელებს იხსენებენ, ერთ-ერთი გავლენიანი გერმანული გამოცემა Die Welt ვიზის ლიბერალიზაციის შეფერხების მიზეზებზე წერს.
გამოცემის ცნობით, გერმანიის მთავრობა ეწინააღმდეგება უვიზო რეჟიმის ამოქმედებას არა მხოლოდ საქართველოს, არამედ უკრაინისა და კოსოვოს მიმართაც, თუმცა საქართველოს ნაწილში განსაკუთრებულად პრობლემურად გამოიყოფა სწორედ კრიმინალური დაჯგუფებებიდან მომდინარე საფრთხეები.
ბერლინში შიშობენ, რომ უვიზო მიმოსვლის დაწესება ამ ქვეყნებისთვის გაზრდის თავშესაფრის მაძიებლების რაოდენობას გერმანიაში, რადგან უკვე დაფიქსირდა გასულ წლებში აპლიკანტების ასეთი მასობრივი რაოდენობა დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებიდან, როცა მათ მიმართ უვიზო მიმოსვლა დაწესდა.
ევროკავშირში საქართველოს ყოფილი წარმომადგენელი სალომე სამადაშვილი “მეტრონომთან” საუბარში ამბობს, რომ გაზრდილმა კრიმინალმა ქვეყნის შიგნით ვიზის ლიბელარილაზიციის პროცესზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა. ყოფილ დიპლომატს ხელისუფლების ჰიპერაქტიურობა ევროპაში დაგვიანებული ჰგონია.
“ვიზალიბერაიზაციის შეფერხების მთავარი მიზეზის გამოკვეთა რთულია, რადგან ეს კომპლექსური საკითხია და ის უკავშირდება მთელ რიგ საკითხებს. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის, ის რომ საქართველო გახდა ქვეყანა, სადაც სტაბილურობა მაინცდამაინც არ შეიმჩნევა. თქვენ ნახეთ ერთ-ერთ შემაფერხებელ ფაქტორად კრიმინალის ზრდა სახელდება ეს კი იმას ნიშნავს, რომ დღევანდელი სამართალდამცავი სტრუქტურები გამართულად ვერ მუშაობენ. არასტაბილური ქვეყნებისთვის საზღვირს გახსნა ევროპელებს ნაკლებად უნდათ. ამას ისიც ემატება, რომ საქართველოს ხელისუფლებამ არაფერი არ გააკეთა, რათა ქვეყანას პოლიტიკური მხარდაჭერა მოეპოვებინა. ბოლო დღეებში ხორციელდება უმაღლესი პირების ვიზიტები, მაშინ როცა ეს ვიზიტები დიდი ხნის წინ უნდა შემდგარიყო. რაც შეეხება მიგრაციის პროცესს, საქართველოს ორი წლის წინაც შეეძლო მიეღო ვიზალიბერალიზაცია, თუმცა დღევანდელმა ხელისუფლებამ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან დროის კარგვის მეტი არაფერი გააკეთა და ფაქტობრივად, ჩვენ ეს შანსი დავკარგეთ და მართლაც მიგრანტების საკითხი დღეს ევროპისთვის ბევრად უფრო მწვავედ დგას. შინაგან საქმეთა მინისტრო არაერთი ვიზიტით იმყოფებოდა პარიზსა და ბერლინში უკანასკნელი თვეების მანძილზე, ჰკითხეთ მას რა მიზეზით დადიოდა ის ამ ქვეყნებში და რატომ ვერ მოახერხა საკუთარი კოლეგების დარწმუნება იმაში, რომ მისი უწყება ისე გამართულად მუშაობს, რომ საქართველოსთან საზღვრის გახსნა ევროპისთვის პრობლემებს არ გამოიწვევს კრიმინალური კუთხით. როგორც ჩანს, მღებრიშვილმა მათი დარწმუნება ვერ შეძლო. სავარაუდოდ ამის შედეგებს ვიმკით დღეს”. – აცხადებს სამადაშვილი.
სამადაშვილს მიაჩნია, რომ ხელისუფლებამ ვიზალიბერალიზაციის პროცესის შეფერხების შესახებ შედარებით უფორ ადრე გაიგო და ამის არგუმენტად მოჰყავს სახელისუფლებო წრეებიდან ცოტა ხნის წინ დაწყებული მიზანმიმართული კამპანია, როცა მთავრობის წევრები ღიად ამბობდნენ, რომ ვიზალიბერალიზაციის საკითხს ხელს “ნაციონალური მოძრაობა” უშლიდა.
ცოტა ხნის წინ, “ევროპის სახალხო პარტიის” თავმჯდომარემ ჯოზეფ დოლიმ განაცხადა, რომ შენგენის ზონის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლა ზაფხულის დასაწყისში ვერ მოესწრება და რომ ამის გამო საქართველოს მოქალაქეებს გაწბილება ემუქრებათ. დოლის სატელევიზიო განცხადებას მმართველმა ძალამ კრიტიკით უპასუხა და ევროპარლამენტარი წინა ხელისუფლების ინტერესების გამტარებლად გამოაცხადა.
“არ მგონია საქართველოს ხელისუფლებისთვის მიულოდნელი ყოფილიყო ის შეფერხება რაც დღეს არის, რადგან ვინც თვალს ადევნებს საერთაშორისო ურთიერთობებს ყველა ნათლად ხედავდა ამის ნიშნებს. ამიტომ, შემიძლია ვთქვა, რომ ისინი იტყუებოდნენ, თქვენ გახსოვთ, როცა ხელისუფლება გააფთრებით ცდილობდა “ნაციონალური მოძრაობა” დაედანაშაულებინა თითქოს ისინი ამ პროცესს ხელოვნურად აფერხებდნენ და საერთაშორისო არენაზე საკუთარ გავლენას იყენებდნენ.” – ამბობს სამადაშვილი.
პოლიტოლოგი გია ნოდიასთვის ევროკომისიის დადებითი დასკვნა ბევრ არაფერს ნიშნავს, რადგან ევროკომისია მხოლოდ ტექნიკურ საკითხებში გვაფასებს და ხელისუფლებას აქცენტი უფრო პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოზე უნდა გაეკეთებინა.
“ფაქტია, ევროპაში ზოგადად არსებობს განწყობა, შეშფოთება ლტოლვილების მომრავლების გამო და საზოგადოება განწყობილია არა იმ მიმართულებით, რომ გაიღოს საზღვრები, პირიქით მოსახლეობას სურს უფრო ჩაიკეტოს ქვეყნის საზღავრი. ასეთია საზოგადოების განწყობა და ბუნებრივია, ამას პოლიტიკოსები მხედველობაში იღებენ. სამწუხადოდ, ევროპაში ძალიან ბევრი ქართველი კრიმინალი მოღვაწეობს და ეს ჩვენს იმიჯზე მოქმედებს. ეს არ ნიშნავს, რომ სამართლიანია ამის გამო ჩვენი ვიზალიბერალიზაციის საკითხი დაიბლოკოს, მაგრამ ეს ფაქტორები არსებობს. ევროკომისიის დასკვნა იყო იმაზე, საქართველომ რამდენად შეასრულა საშინაო დავალებები და ჩვენმა ქვეყანამ ამ მიმართულებით ნამდვილად შეასრულა დავალებები. ჩვენთან ხშირად არ ესმით ის, რომ ევროკომისია უფრო ტექნიკური ორგანოა, მასში უფრო არიან ბიუროკრატები, მოხელეები და არა პოლიტიკოსები. ევროკომისიის წევრები ბუნებრივია ნაკლებ გავლენას განიცდიან საზოგადოების მხრიდან. პარალელურად არსებობს ევროპის საბჭო, რომელმაც გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. საბჭო კი პოლიტიკურ გავლენებს აქცევს ყურადღებას და ამიტომ ისინი სხვაგვარად აზროვნებენ”. – ამბობს ნოდია.
შეგახსენებთ, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლისთვის შემდეგი პროცედურებია დარჩენილი:
ევროპარლამენტი კენჭს უყრის ცვლილებას და გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უბრალო უმრავლესობით (საჭიროა სულ მცირე 376 მომხრე, პარლამენტის 751 წევრიდან) და შემდგომ ევროკავშირის მინისტრთა საბჭოს უგზავნის კენჭისყრისთვის.
მინისტრთა საბჭო, რომელშიც შედიან ევროკავშირის წევრი ქვეყნების შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრები (მხოლოდ შენგენის ზონაში შემავალი ქვეყნების), კენჭს უყრიან ევროკომისიის წინადადებას. ოფიციალურად გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა 228 ხმა 309 ხმიდან (არაოფიციალურად, საჭიროა კონსენსუსი).
გადაწყვეტილება იბეჭდება ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში.
გადაწყვეტილება გამოქვეყნებიდან მე-20 დღეს შედის ძალაში.
ყველა ამ ეტაპის დასრულების შემდეგ შეეძლება ბიომეტრიული პასპორტის მქონე საქართველოს მოქალაქეს შენგენის ზონის ქვეყნებში ტურისტული მიზნით უვიზოდ გაემგზავროს და 180 დღის მანძილზე 90 დღე დარჩეს.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებული გზამკვლევის თანახმად, უვიზო რეჟიმის არეალი მოიცავს ევროკავშირის წევრ 22 ქვეყანას, ევროკავშირის არაწევრ 4 ქვეყანას და შენგენის ზონაში გაერთიანების კანდიდატ 4 ქვეყანას.
მიიღებს საქართველო ევოკავშირის ქვეყნებთან თავისუფალი მიმოსვლის უფლებას თუ ეს შესაძლებლობა გადავადდება არჩევნების შემდგომი პერიოდისთვის, ამ კითხვებს სავარაუდოდ რამდენიმე კვირაში გაეცემა პასუხი.
მარიამ ვარადაშვილი