ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

გახმაურებული კონფლიქტის შემდეგ პოლიციის უფროსებს თანამდებობები დაატოვებინეს

 

ტყიბულისა და ზესტაფონის პოლიციის უფროსები ერთმანეთთან პირადი კონფლიქტის გამო თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს:

”შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ჩაატარა სამსახურებრივი შემოწმება 2016 წლის 7 მაისს, ქალაქ ონში შს სამინისტროს მოსამსახურეებს – ზაზა ჩუბინიძესა და პავლე ბუბულაშვილს შორის მომხდარი კონფლიქტის თაობაზე. შედეგად: შს სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ტყიბულის რაიონული სამმართველოს უფროსი ზაზა ჩუბინიძე და შს სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზესტაფონის რაიონული სამმართველოს უფროსი პავლე ბუბულაშვილი დათხოვნილი იქნენ შს ორგანოებიდან; შს სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს შეეფარდა დისციპლინური სახდელი – თანამდებობიდან ჩამოქვეითება: ხოლო შს სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს გამოეცხადა შენიშვნა. ეს უკანასკნელი, ასევე, ჩამოქვეითებულია თანამდებობიდან.

შესაბამისად, ერთ-ერთი მედიასაშუალებით გავრცელებულ სატელევიზიო ანონსში 2016 წლის 7 მაისს მომხდარი ინციდენტის პოლიციის დღესთან დაკავშირება, (რომელიც 2016 წლის 2 ივნისს აღინიშნა), სრულიად შეუსაბამოა. ამასთან, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ კონფლიქტის დროს პოლიციის აწ უკვე ყოფილ თანამშრომლებს შორის მოხდა მხოლოდ სიტყვიერი და არა ფიზიკური დაპირისპირება, მით უფრო, ნივთის (როგორც მედიასაშუალებით გაჟღერდა – ხელკეტის) გამოყენებას ადგილი არ ჰქონია. ამას ადასტურებს შსს-ს გენერალური ინსპექციის მიერ სამსახურებრივი შემოწმების დროს დაკითხულ პირთა აბსოლუტური უმრავლესობა, მათ შორის, თვითმხილველები და მოწმეები. გამოკითხულია ასევე ჟურნალისტი იმერეთის რეგიონიდან, რომელმაც პირველად გაავრცელა აღნიშნული ინფორმაცია. ფაქტის (ხელკეტების გამოყენება) სარწმუნოობას ვერც იგი ადასტურებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მედიის წარმომადგენლებს, უწყებაში გადაამოწმონ მათთვის საინტერესო ყველა ინფორმაცია, რათა არ მოხდეს საზოგადოების შეცდომაში შეყვანა”, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

იტვირთბა....