სამოქალაქო სექტორის აზრით, მოსამართლე ნათია გუჯაბიძემ მასზე შესაძლო მანიპულირების გამო “რუსთავი 2-ის” საქმეზე უარი უნდა თქვას.
პარალელურად, არასამთავრობო ორგანიზაციები პროკურატურას გამოძიების დაწყებისკენ, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს კი არსებული დოკუმენტაციის გასაჯაროებისკენ მოუწოდებენ.
ცნობისთვის, „რუსთავი 2-ის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ინფორმაციით, მოსამართლე შესაძლო თაღლითობაშია შემჩნეული, ის თანხას ბიუჯეტიდან თბილისში ბინის ქირის ასანაზღაურებლად იღებდა, თუმცა, რეალურად საკუთარი დედის სახლში ცხოვრობდა.
გვარამიას ინფორმაციით, გუჯაბიძე პროკურატურაში საქმის აღძვრას, 2014 წელს იუსტიციის საბჭომ გადაარჩინა და საქმის მასალები საგამოძიებო უწყებაში არ გადაგზავნილა, ის მხოლოდ სარეკომენდაციო წერილით შემოიფარგლა. თუმცა, არ არის გამორიცხული, პროკურატურა ამ მასალებს ფლობდეს, რაც შესაბამისად, მოსამართლეზე მანიპულირების ძლიერ ბერკეტს წარმოადგენს.