ტელეკომპანია „მაესტროს” გენერალური დირექტორი, ზურაბ ნაყეური „ბიზნესკონტაქტის”,”„საქმიანი დილის” და „ბიზნესკონტაქტის ანალიტიკის” ავტორისა და მენეჯერის გიორგი ისაკაძის გუშინდელ განცხადებებს ეხმიანება, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„თქვენ მიერ გუშინდელი მოვლენების გაშუქების შემდეგ ზოგადად შთაბეჭდილება იქმნება, რომ „ეძებთ ბნელ ოთახში კატას, მაშინ როდესაც ის იქ არ არის”. მიმაჩნია, რომ ჩემს განცხადებაში გათავისუფლების შესახებ გარკვევით და გასაგებად გამოვყავი ის სამი ძირითადი მიზეზი, რომლის გამოც მოხდა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა.
სამწუხაროა, რომ თქვენი ეთერით არ მომხდარა არც ამ მიზეზების ციტირება და არც მათი გარკვევით დაინტერესება.
სამართლიანობისა და ობიექტურობის პრინციპი მოითხოვს, ჩემი მხრიდან ამ საკითხებში ნათელის შეტანას. კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ დაუშვებლად მიგვაჩნია ნებისმიერი პირის მხრიდან “მაესტროს“ ქონებრივ თუ ინტელექტუალურ საკითხებზე ულტიმატუმის ენით საუბარი.
ყველაფერი იმით დაიწყო, რომ მიმდინარე წლის 5 მაისს ბატონმა გიორგი ისაკაძემ მომმართა წერილობითი განცხადებით, სადაც ის ყოვლად უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად ითხოვს 2014 წლის 2 ოქტომბრიდან დღემდე ყოველთვიურ 3 000-ლარიან კონპენსაციას განვლილ პერიოდზე, და მომავალშიც ამავე ოდენობით სახელფასო ზრდას. მას შემდეგ, რაც მან ამაზე ჩვენი მხრიდან დასაბუთებული უარი მიიღო, მან როგორც გადაცემის წამყვანმა, ცალმხრივად მიიღო გადაწყვეტილება ეთერში არგასვლაზე.
შთაბეჭდილება არის, რომ ადგილი ჰქონდა თქვენი გუნდის ხელმძღვანელის მხრიდან წასვლით მუქარას და ამ და სხვა აქტუალური თემებით „მაესტროს” მანიპულირება/დაშანტაჟებას.
იმედს ვიტოვებ, რომ ამჯერად მაინც უცვლელად მოახდენთ ჩემი განცხადების ციტირებას.
რაც შეეხება ისაკაძის ზეპირ მომართვას, რომელიც მან გუშინ „რუსთავი 2-ის” ეთერით გააკეთა, მიმაჩნია, რომ მისი შეთავაზება საინტერესოა და იმსახურებს ჩვენი მხრიდან საქმიან განხილვას.
სამწუხაროა, რომ დღემდე ვერ გავერკვიე თქვენი გუნდის პოზიციაში, ის ჩემთვის ამ დრომდე ბუნდოვანი და ორაზროვანი რჩება.
გთხოვთ განმარტოთ, სამომავლოდ აპირებთ თუ არა დაკისრებული მოვალეობების შესრულებას?”. – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, გიორგი ისაკაძე ტელეკომპანია “მაესტროდან” გუშინ გაუშვეს.