ცემა-ტყეპას შეწირული სამმართველოს უფროსების სკამები იმერეთის რეგიონში kutaisitoday.com-ის ექსკლუზიური დეტალები საზოგადებისათვის. უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება თუ უკონტროლო სამმართველოს უფროსების ცემა–ტყეპა იმერულად. რამ გამოიწვია პოლიციის მაღალჩინოსნებს შორის გაღიზინება, რომელიც ერთმანეთის ცხვირ–პირის დასისხლიანებით დასრულდა. დაისჯებიან თუ არა ისინი სამაგალითოდ იმ პოლიციელების თუ საზოგადების წინაშე, რომლებსაც ისინი წესრიგის დაცვისკენ მოუწოდებენ.
ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ზესტაფონის სამმართველოს უფროსმა პავლე ბუბულაშვილმა და ტყიბულის სამმართველოს უფროსმა ზაზა ჩუბინიძემ ერთ-ერთ რესტორანში შელაპარაკების ნიადაგზე ერთმანეთი ხელჯოხებით სცემეს. დამტვრეულია ავეჯი და რესტორნის ინვენტარი.გავრცელებული ინფორმაციით ადგილზე რამდენიმე გასროლაც მოხდა. ამ დროისთვის უცნობია რესტორნის მდებარეობა, სადაც მათი ჩხუბი მოხდა.
იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი მერაბ ჩიხლაძე მათი ხელქვეითების უმსგავსო საქციელისთვის და ამავე დროს ხელმძღვანელი პირების არადროული ინფორმირებისათვის გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. ის ამ დრომდე კადრების დაქვემდებარებაშია გადაყვანილი.
საზოგადოებისათვის კარგად ცნობილი ზაზა ჩუბინიძეს 2006 წელს უწყებაში მუშაობა აეკრძალა, თუმცა ის პირველი ოქტომბრის შემდეგ ქუთაისის სამხარეო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსად დაბრუნდა.მან პოსტზე ზურაბ გამეზარდაშვილი შეცვალა.
kutaisitoday.com–ი საქმის ირგვლივ ინფორმაციის გადამოწმების მიზნით შსს საზოგადებასთან ურთერთობის სამსახურს მიმართა. სამსახურის წარმომადგენლის განცხადებით ზესტაფონის და ტყიბულის სამმართველოს უფროსები კადრების დაქვემდებარებაში არიან გადაყვანილი. მათ მიმართ შსს გენერალური ინსპექცია სამსახურებრივ შემოწმებას აწარმოებს.
წყარო: kutaisitoday