ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის მიერ გამოქვეყნებული წერილის შეფასებისას ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა, რომ წერილში საუბარი იყო გაწეულ სამუშაოებზე, დაგეგმილ, მიმდინარე რეფორმებზე, ასევე მოყვანილი იყო ციფრები:
“ვფიქრობ, ბატონი ბიძინა არის რეალისტი ადამიანი და ჩვენც რეალურად უნდა შევაფასოთ არსებული სიტუაცია. რეფორმა, თავისთავად პროგრესის და ხარვეზის ერთობლიობაა. მით უფრო, მეტია პროგრესი, რაც უფრო მალე აღმოვაჩენთ ხარვეზს.
ძალიან კარგია მაგალითად, ჯანდაცვის რეფორმა, რომელიც განხორციელდა. თუმცა გამოიკვეთა რაღაც სახის ხარვეზები, რომლის კორეაქციაც პარალელურად მიდის. შედეგი კი უკვე თვალნათლივ ჩანს – ადამიანები უსახსრობის გამო არ იხოცებიან საავადმყოფოების კარებთან”, – განაცხადა კალაძემ ტელეკომპანია “იმედის”, გადაცემა “ქრონიკაში” პირდაპირი ჩართვის დროს. მისი თქმით, იგივე სიტუაციაა იმ სექტორში, რომელსაც პირადად ის ხელმძღვანელობს. “ენერგეტიკაში ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება დავიწყეთ. შემიძლია, დეტალურად მოვიყვანო ყველა მაგალითი, თუ რა პროექტი განვახორციელეთ ბოლო წლების განმავლობაში. ძალიან მასშტაბური პროექტებიც არის დაგეგმილი, რომლებიც განხორციელდება და ეს რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის განვითარებას”, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა.