არასდროს მიტრაბახია საქველმოქმედო პროექტებით თუ წამოწყებებით, -ეს განცხადება ბიძინა ივანიშვილმა 2016 წლის 30 მაისს გამოქვეყნებულ ღია წერილში გააკეთა:
„არასდროს მიტრაბახია საქველმოქმედო პროექტებით თუ წამოწყებებით მაგრამ, ვინაიდან, ამდენი ცილისწამება მოედინება, იმისათვის, რომ ჩემს თანამოქალაქეებს ზუსტი ინფორმაცია და შესაბამისად მართებული გადაწყვეტილებების მიღების საშუალება ჰქონდეთ, კიდევ ერთხელ სრული პასუხისმგებლობით მინდა ვთქვა, რომ არანაირი ბიზნესინტერესი საქართველოში არ მაქვს. ყველა ის პროექტი, რომელსაც ვახორციელებ, მხოლოდ იმას ემსახურება, რომ ჩვენი ქვეყანა უფრო სანდო და საინტერესო გახდეს ინვესტორებისთვის, უფრო მიმზიდველი – ტურისტებისთვის, ეს ყველაფერი ძალიან ადვილად შესამოწმებელია.
ყველა ბიზნესში ჩახედულმა იცის, რომ უცხოელი ინვესტორი გაცილებით სწრაფად იღებს გადაწყვეტილებას და უფრო გაბედულად იწყებს საქმიანობას, როდესაც მას ადგილობრივი პარტნიორი ხვდება და ფინანსურ თანამონაწილეობას სთავაზობს. სწორედ ინვესტორთა დამატებითი სტიმულირებისთვის ჩემი ინიციატივით დაფუძნდა თანაინვესტირების ფონდი, რომელმაც გაცხადებული 5 მილიარდი დოლარის დიდი ნაწილი უკვე აითვისა, რითაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით და ბევრ ინვესტორს გაუხდა პარტნიორად ეკონომიკის სხვადასხვა სფეროში – დაწყებული სოფლის მეურნეობიდან, დამთავრებული ჰესების მშენებლობით.“