„ნატო-ში საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანების საკითხზე ერთიანი პოზიცია არ არსებობს, თუმცა „ღია კარების“ პოლიტიკა კვლავ მოქმედებს“, – ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედგარ რინკევიჩმა განაცხადა.
„ნატოში ყოველთვის კეთდებოდა განცხადებები „ღია კარების“ პრინციპზე. მაგრამ ახლა, ჩვენ არ ვსაუბრობთ ახლო მომავალში ნატო-ში საქართველოს ან უკრაინის გაწევრიანებაზე. რა თქმა უნდა, იყო სამიტი ბუქარესტში, სადაც აღინიშნა, რომ ოდესმე მსგავსი რამ შეიძლება მოხდეს. თუმცა დღეს, ნატო-ში ამ საკითხზე ერთიანი პოზიცია არ არსებობს. ამასთანავე, მე ვთვლი, რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა გავუგზავნოთ კიევსა და თბილისს არასწორი სიგნალი და გაწევრიანების შესაძლებლობა საერთოდ გამოვრიცხოთ. ის ფაქტი, რომ მონტენეგრო ნატო-ს უერთდება, ნათელი დასტურია, რომ „ღია კარების“ პოლიტიკა კვლავ მოქმედებს. მაგრამ კანდიდატი ქვეყნები თავად უნდა მოემზადონ, გაატარონ რეფორმები. ეს ეხება არამხოლოდ თავდაცვით პოლიტიკას, არამედ ინფორმაციის უსაფრთხოების უზრუნველყოფას, კორუფციის აღკვეთას, სასამართლო სისტემისა და სახელმწიფო მართვის რეფორმირებას,“ – განაცხადა რინკევიჩმა.
როგორც მან პორტალ „დელფისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, ყველა ეს საკითხი ნატო-ს აინტერესებს. ამ მიმართულებით ორივე ქვეყანას ჯერ კიდევ ბევრი აქვს გასაკეთებელი“, – განაცხადა რინკევიჩმა.