რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი მიიჩნევს, რომ როდესაც ქვეყნის სავაჭრო ბალანსის ძირეული გაუმჯობესება არ ხდება, ეს ნიშნავს, რომ ლარის მკვეთრი გამყარების საფუძველიც არ არსებობს და ლარის კურსის ასე უეცარი გამყარება ეკონომიკისთვის კარგი არ არის.
”არა ვარ ჩახედული, რატომ დადგა ამის აუცილებლობა ან რა ფაქტორები განაპირობებენ ეროვნული ვალუტის გამყარებას, თუმცა, როდესაც ქვეყნის სავაჭრო ბალანსის ძირეული გაუმჯობესება არ ხდება, ეს ნიშნავს, რომ ლარის მკვეთრი გამყარების საფუძველიც არ არსებობს. ნებისმიერი მიმართულებით ეროვნული ვალუტის მკვეთრი ცვლილება ეკონომიკის განვითარებას არ წაადგება. სჯობს საზოგადოებას ვაჩვენოთ, რომ ლარის გამყარების ნელი ტენდენცია არსებობს, ეს საზოგადოებისა და სამეწარმეო სუბიექტების ნდობას ლარისადმი აამაღლებს და რეზერვიც ავტომატურად გაიზრდება. თუ ლარი მცირედით, მაგრამ პერმანენტულად გამყარდება, მოქალაქეები, რომლებიც დოლარს შეშინებულები ინახავდნენ, უცხოური ვალუტის გაყიდვას დაიწყებენ. ეს ქვეყანაში დადებით ტრენდს შექმნის. ცუდი არაფერია იმაში, თუ ლარის ნახტომისებური გამყარება ხელოვნურად შეჩერდება, რადგან არ არის გამორიცხული, დოლარმა მატება ისევ დაიწყოს”.-განაცხადა ჯავახიშვილმა გაზეთ “კვირის პალიტრასთან” საუბრისას.