„ახალი ცოცხის“, დავით კოღუაშვილის პოზიციას „მეტრონომთან“ გია ხუხაშვილი აფასებს
„გადაწყვიტა ახალი ცოცხის პრინციპით ემოქმედა და ის დაავიწყდა, რომ ცოცხებს საქართველოში ცოტა სხვა ფუნქცია აქვთ და პოლიტიკაში სამწუხაროდ, სხვანაირად გამოიყენება“ – ასე აფასებს „მეტრონომთან“ საუბრისას ექსპერტი გია ხუხაშვილი „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს ახალ წევრს, დავით კოღუაშვილს და მის განცხადებებს.
პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობა პარტიამ 14 მაისს, ყრილობაზე დაამტკიცა. ესენი არიან: დავით ბაქრაძე, დავით კოღუაშვილი, მამუკა მდინარაძე, ირინე ფრუიძე, რომან კაკულია, სოფიო კილაძე, აკაკი ზოიძე და ზვიად გონაძე. მათგან ერთ-ერთმა, დავით კოღუაშვილმა საზოგადოებას თავი უკვე გააცნო თავისი სკანდალური განცხადებებით. „ქართული გაზეთისთვის“ მიცემულ ინტერვიუში კოღუაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ ციხეში მყოფ წევრებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყოფილ მერს, გიგი უგლავას შეუძლია გაცილებით მეტი სიკეთე მოუტანოს ქვეყანას გარეთ, ვიდრე საკანში.
„ალბათ, ეს საქმე გადაისინჯება და დარწმუნებული ვარ, ჩვენი სასამართლო შესაბამის რეგირებას მოახდენს. მე არ მგონია, რომ უგულავამ კიდევ დიდხანს დაჰყოს ციხეში და ვისურვებდი, მალე დაუბრუნდეს ოჯახს. მას შეუძლია გაცილებით მეტი სიკეთე მოუტანოს ქვეყანას გარეთ, ვიდრე საკანში“ – განაცხადა კოღუაშვილმა.
მან ვანო მერაბიშვილზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის გარემოების მსხვერპლია. გარდა ამისა, კოღუაშვილი უკვე გადაწვეტილებების მიღებაშიც ჩაერთო და პარტიაში არასასურველი წევრების ვინაობაც დაასახელა. როგორც მან განაცხადა, სიაში თამაზ მეჭიაურსა და გოგი თოფაძეს ვერ ხედავს.
მისმა ან განცხადებებმა არა მარტო „ქართული ოცნების“ წევრები, არამედ საზოგადოებაც დააბნია. მმართველ გუნდისგან მან კრიტიკული გამოხმაურებები დაიმსახურა. როგორც იცით, რამდენიმე დღის წინ პარტიის პლატფორმისთვის შეუსაბამო განცხადებების გამო, თამაზ მეჭიაური იძულებული გახდა „ქართული ოცნებიდან“ წასულიყო. ამიტომ, გაჩნდა აზრი, რომ შესაძლოა ამ განცხადებების გამო პარტიიდან კოღუაშვილიც გაერიცხათ. მოგვიანებით, პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ კოღუაშვილმა დაუფიქრებელი განცხადებების რეკორდი მოხსნა და დასძინა, რომ ამის მიუხედავად, მას საკმაო გამოცდილება და განწყობა აქვს, რომ ”ქართულ ოცნებასთან” ერთად გააგრძელოს საქმიანობა.
„დავით კოღუაშვილი ჩემი ძალიან ახლო მეგობარია, მას ნამდვილად ვერ დავწამებ, რომ რაიმე სენტენციებს განიცდის სააკაშვილის ხელისუფლების მიმართ, თუმცა უნდა ვთქვა, რომ ბოლო ორი დღის განმავლობაში, დაუფიქრებელი განცხადებების რეკორდი მოხსნა, – აღნიშნა კვირიკაშვილმა და დასძინა, რომ გამარჯვება, რომელიც მმართველმა გუნდმა მოიპოვა, გასაფრთხილებელია.
“მიუხედავად ბევრი მცდელობისა, პირადად მე ვუფრთხილდები, რომ არ გავაკეთო ისეთი განცხადებები, რომ შეურაცხყოფა არ მივაყენო, ან გული არ ვატკინო თანაგუნდელებს. კოღუაშვილის ბევრი განცხადება იყო საკმაოდ დაუფიქრებელი, პარტიაში ამაზე სრული კონსოლიდაციაა. წინა ხელისუფლების შეფასება ერთმნიშვნელოვანია“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.
როგორც ექსპერტმა გია ხუხაშვილმა “მეტრონომს” განუცხადა, კოღუაშვილის განცხადებები რეალობას საერთოდ აცდენილია.
„ვერ ვხედავ ვერც ლოგიკას და ვერც აზრს მის განცადებებში. საერთოდ აცდენილია რეალობას, პოლიტიკურ კონიუნქტურას. ეტყობა ძალიან დიდხანს იყო ჩუმად და როგორც კი მიეცა მიკროფონთან მისვლის საშუალება, გადაწყვიტა, რომ ჰიპერაქტიულობა გამოევლინა და ამით ეჩვენებინა, ვინ არის, თუმცა არც თუ კარგი ფორმით გვაჩვენებს ამას“ – განუცხადა „მეტრონომს“ ხუხაშვილმა.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ დავით კოღუაშვილი „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრი პრემიერის შეთავაზებისა და ყრილობის დამტკიცების შემდეგ გახდა. ახლო წარსულში კოღუაშვილი და კვირიკაშვილი „ახალ მემარჯვენეებში“ თანაგუნდელები იყვნენ. შესაბამისად, გია ხუხაშვილმა კითხვაზე, ხომ არ ცდილობს კვირიკაშვილი ყოფილი პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილივით საკუთარი გუნდი შემოიკრიბოს, გვიპასუხა, რომ შეიძლება ცდილობს, მაგრამ ძალიან უხარისხოდ.
„შეიძლება ცდილობს, მაგრამ ძალიან უხარისხოდ. იმიტომ, რომ ასეთი ადამიანები და ასეთი მექანიკური მოქმედებები იმ შედეგეს ვერ მოუტანს, რაც შესაძლოა ჰქონდეს და ამით უფლებაც აქვს, რომ პარტიაში რაღაც გარკვეული ბალანსი გააჩინოს, ვერტიკალი დაალაგოს. ამისთვის საყრდენები სჭირდება, მაგრამ არა ისეთი არასერიოზული და ზედაპირული, რაც შემოგვთავაზა. კოღუაშვილი ვერასოდეს გახდება მიზიდულობის ცენტრი, იმიტომ, რომ მისი პირველი განცხადებები იყო, მე ვიტყოდი, პოლიტიკურ ლოგიკას მოკლებული. ასე რომ, ჩვეულებრივი ამბავია, – როდესაც ადამიანს დიდი ხანია დაგუბებული ამბიციები აქვს და გამოსავალს ვერ პოულობს, შანსის მიცემისას ის ამას ან ჭკვიანურად გამოიყენებს, ან არაადექვატურად მოიქცევა“ – განაცხადა ხუხაშვილმა.
მისი თქმით, არჩევნების წინ ეს დაძაბულობა ჩვეულებრივი ამბავია და ისიც, რომ „ქართული ოცნება“ ცვლილებებს საჭიროებს, მაგრამ ეს ასე არ კეთდება, როგორც კვირიკაშვილმა გადაწყვიტა და თავისი ნაცნობ-მეგობრები მოიყვანა.
„კომპეტენცია, კვალიფიკაცია და გარკვეული გეგმა სჭირდება ამ რეფორმებს. საერთოდ, ჯობია, რომ როცა პარტიის თავმჯდომარედ მოდიხარ, თვითონ პარტიასთან დაამყარო კომუნიკაცია და არა გარედან მოიყვანო ვიღაცები და თავზე დაასვა, იმიტომ, რომ ამით შენ პარტიაში გარკვეული დაძაბულობა შემოგაქვს, რაც საბოლოო ჯამში ძალიან ძვირი დაგიჯდება“ – განაცხადა „მეტრონომთან“ ხუხაშვილმა.
კოღუაშვილმა მოგვიანებით თავადაც გააკეთა განცხადება და აღნიშნა, რომ მას არანაირი სენტიმენტები „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მიმართ არ აქვს და უნდა, რომ ამ თემაზე სპეკულაციები დასრულდეს.
„ნაციონალური მოძრაობის“, მისი თავკაცის, მიხეილ სააკაშვილის ჩათვლით, რა სენტიმენტები უნდა გამაჩნდეს?! ყოველთვის ვიყავი მოწინააღმდეგე. 2003 წლიდან დაწყებული არცერთი მომენტი არ გამიშვია ხელიდან, რომ მათთან მიმართებაში ჩემი პოზიცია არ დამეფიქსირებინა. ამიტომაც ვარ „ქართულ ოცნებაში“, რომელმაც 2012 წელს დაწყებული საქმე ბოლომდე უნდა მიიყვანოს და ჩვენ ამას მივიყვანთ. თუ ვინმეს უფლება იქნება დარღვეული, უგულავა იქნება ეს თუ უკანასკნელი მოძალადე და მის მიმართ ევროსასამართლოს მიერ სხვა განაჩენი იქნება გამოტანილი, ჩვენ, რა თქმა უნდა, როგორც სახელმწიფომ, ამაზე რეაგირება უნდა მოვახდინოთ. ჩვენ პოლიტდევნილი, პოლიტპატიმარი ციხეში არ გვჭირდება. ეს არის ჩემი პასუხი და ჩემი განწყობა.
იურისტები და საზოგადოების ჯანსაღი ნაწილი ამას ძალიან კარგად გაიგებს, ვისაც უნდა ახლა ამ თემით სპეკულაცია ეს მათი პრობლემაა. ამ თემაზე მეტი კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებ”, – განაცხადა გამოცემა “აიპრესთან” კოღუაშვილმა.
საბოლოო ჯამში, ამ ყველაფრიდან გამომდინარეობს, რომ პარტია „ქართულ ოცნებას“ ჩამოყალიბებული ერთიანი პოზიცია არ აქვს. ამას მოწმობს ცალკეული პიროვნებების მიერ, პარტიის პლატფორმას მოწყვეტილი განცხადებები, რომლის შეფასებისას თანაპარტიელები თავს იმართლებენ და ემიჯნებიან. არჩევნები უკვე ძალიან ახლოსაა, ასეთი ჩამოუყალიბებლობა კი ფაქტია, რომ „ქართული ოცნებას“ ამომრჩეველს აკარგვინებს.
ნინო ცხადაია