პროკურატურამ გიგა ოთხოზორიას მკვლელობის ფაქტზე სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.
უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ 19 მაისს, დაახლოებით 14 საათსა და 15 წუთზე გიგა ოთხოზორიამ სოფელ ხურჩაში მდებარე ადმინისტრაციულ საზღვართან ნაცნობები მიიყვანა, გადავიდა ავტომანქანიდან ოკუპირებული ტერიტორიის მიმართულებით, სადაც სურდა მოლაპარაკებოდა იქ მყოფ პირებს, რომლებსაც პროდუქტი უნდა გადაეტანათ. საუბარი გადაიზარდა შელაპარაკებაში. კონფლიქტის თავიდან აცილების მიზნით, ოთხოზორია გამობრუნდა, თუმცა მას მუქარით დაედევნენ ე.წ. მესაზღვრეები. რამდენიმე მეტრის გავლის შემდეგ რაშიდ კანჯი-ოღლი დაეწია გიგა ოთხოზორიას და ცეცხლსასროლი იარაღიდან განზრახ მოკვლის მიზნით ესროლა. მიღებული დაზიანებების შედეგად დაჭირილი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურა რაშიდ კანჯი-ოღლის მიმართ აღკვეთის ღონისძიების – პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში მის მიმართ გამოცხადდება ძებნა როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე.