ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

„მეტრონომის“ რეპორტაჟი დღევანდელი აქციიდან: „თავისუფლება ჯარისკაცებს“

აქცია პროკურატურასთან: „თავისუფლება ჯარისკაცებს“ (ფოტორეპორტაჟი)

„თავისუფლება ჯარისკაცებს“, „ჯარისკაცები ქვეყნის სამსახურში და არა ციხეში“, „ ჩვენ არ მიგატოვებთ“ – ამ და სხვა ლოზუნგებით აქცია დღეს საქართველოს მთავარ პროკურატურასთან გაიმართა. აქციის ორგანიზატორი პარტია „თავისუფალი დემოკრატები“ იყო. ისინი ე.წ. კაბელების საქმეზე ხუთი ჯარისკაცის უკანონოდ დაპატიმრებას აპროტესტებდნენ.

მოგვიანებით მათ ოცდაათამდე არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები შეუერთდნენ. აქციაზე ასევე იმყოფებონენ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრი, გიორგი ვაშაძე და პაატა ბურჭულაძის ახალი პოლიტიკური მოძრაობის ერთ-ერთი წევრი მერაბ მეტრეველი.

როგორც „მეტრონომს“ „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა, ირაკლი ალასანიამ განუცხადა, სასამართლომ და პროკურატურამ შეთანმხებით, პოლიტიკური დაკვეთით ეს ადამიანები ციხეში გაუშვა.

„დღეს ყველანი, ეს მოქალაქეები, შევიკრიბეთ ერთადერთი მიზეზით, დიდი უსამართლობის განცდა გვაქვს ყველას, რომ უდანაშაულო ადამიანი სასამართლომ და პროკურატურამ შეთანხმებით და პოლიტიკური დაკვეთით გაუშვა ციხეში. პირველ რიგში ეს არის სოლიდარობის აქცია ოჯახების მიმართ. მე თავიდანვე ვთქვი, რომ ეს არ არის პოლიტიკური აქცია, პოლიტიკური პარტიის მიერ ორგანიზებული მხოლოდ. მათ სჭირდებათ ასეთი თანადგომა, იცოდნენ, რომ საზოგადოება არ მიატოვებს არცერთ გაჭირვებულს და აბსოლუტურად უსამართლოდ ციხეში ჩასმულ ხალხს. მეორე, ეს არის პროტესტი ამ უსამართლობის მიმართ ხელისუფლების წინააღმდეგ, იმიტომ, რომ ხელისუფლება არის პასუხისმგებელი. დუმილი და შეგუება ნიშნავს იმას, რომ ისინი თანამონაწილეები არიან ამ დანაშაულებრივი აქტის. მესამე, რაზეც დღეს უნდა ვისაუბროთ არის ის, თუ როგორ ვხედავთ ამ ბიჭების გამოხსნას ტყვეობიდან. მათ შესაწყალებელი არაფერი სჭირთ, დანაშაული არ ჩაუდენიათ, ისინი უნდა გათავისუფლდნენ. სწორედ ამაზე გვექნება საუბარი და იმაზე, რომ ხელისუფლება როცა ასე და ამდენ უსამართლობას აკეთებს როგორ უნდა გავისტუმროთ ოქტომბრის არჩევნებით“- განუცხადა „მეტრონომს“ ირაკლი ალასანიამ.

აქციაზე 30 არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად იმყოფებოდა  „სამართლიანი არჩვენებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ კონსულტანტი სამართლებრივ საკითხებში, ნინო ლომჯარია, რომელმაც „მეტრონომს“ უთხრა, რომ მათ აქვთ შეკითხვები და მიაჩნიათ, რომ მართლმსაჯულება არ განხორციელდა ეფექტურად.

„იმ  ინფორმაციის საფუძველზე, რასაც ჩვენ ვფლობთ და პროკურატურა რასაც ასაჯაროებს, ჩვენ ნამდვილად გვაქვს განცდა იმისა, რომ ამ საქმესთასნ დაკავშირებით არსებობდა სასამართლოს მიმართ პოლიტიკური ხასიათის ზეწოლა. ჩვენ ნამდვილად გვაქვს შეკითხვები და მიგვაჩნია, რომ მართლმსაჯულება არ განხორციელდა ეფექტურად აღნიშნულ საქმესთან. არსებობს მთელი რიგი სამართლებრივი საკითხები, რაზეც ვფიქრობთ, რომ არ იყო სასამართლოს მიერ საკმარისად დასაბუთებული და ეჭვმიტანილთა მიმართ არ იყო გამოყენებული, გაბათილებული ყველა ის არგუმენტი რაც საკმარისია იმისათვის, რომ ადამიანი ცნონ დამნაშავედ, ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ აქცენტი კეთდება იმაზე, რომ დანაშაულის ჩადენის მოტივი ფაქტობრივად ვერ დაადასტურა პროკურატურამ, რაც მნიშვნელოვანი შემადგენელი კომპონენტია დანაშაულის ჩადენისათვის. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული საქმე არ იყო სრულყოფილად და ობიექტურად გამოძიებული. მოგეხსნებათ, ჩვენ აქტიურად ვაწარმოებთ კამპანიას „სამართალი ითხოვს“ და სწორედ ამ კამპანიის ფარგლებში 30-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია სოლიდარობას ვუცხადებთ საკავებულებს“- განუცხადა „მეტრონომს“ ნინო ლომჯარიამ.

აქციაზე სიტყვით გამოვიდა ერთ-ერთი დაკავებულის მეუღლე, რომელმაც მთავარ პროკურორს ირაკლი შოთაძეს მიმართა და განაცხადა, რომ ის უმადურია.

„როდესაც უძვირფასესი კომპოზიტორის მიერ იწერებოდა ჰიმნი კეჭაყმაძის მიერ, გიზომ გულზე ხელი დაიდო და შეფიცა ქვეყანას, რომ ერთგული ჯარისკაცი და მეომარი იქნებოდა. მასთან ერთად იმ ოთხმა ადამიანმა, რასაც ამათზე ვერ ვიტყვი. ამათი ჰიმნი შარშან ღარიბაშვილმა დაწერა. არ გაქვთ უფლება კეჭაყმაძის დაწერილ ჰიმნზე გულზე ხელი დაიდოთ და ქვეყანას რამე სწორად დაუმტკიცოთ. მე მეამაყება, რომ გიზოსგან მყავს ორი არაჩვეულებრივი შვილი. მე მეცოდება მათი შვილები. მათ გიზოს რჩევით, ყელზე ჰასტუხები მოირგეს და სკამებს ვეღარ ეშვებიან. ბადაშვილზე მაქვს საუბარი, შოთაძეზე… უმადურები ხართ! მეტს ვერაფერს გეტყვით“- განაცხადა ერთ-ერთი დაკავებულის მეუღლემ აქციაზე.

„თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთმა წევრმა ალექსი პეტრიაშვილმა კი განაცხადა, რომ მათი მთავარი გზავნილი არის ის, რომ სამშობლოს სამსახური არ ისჯება. ეს კი ყველა უწყებამ უნდა გაიგოს, მათ შორის შოთაძის პროკუტატურამ და მურუსიძის სასამართლომ.

პაატა ბურჭულაძის ახალი პოლიტიკური მოძრაობის წევრმა მერაბ მეტრეველმა „მეტრონომს“ განუცხადა, რომ ისინი აღშფოთებას გამოხატავენ იმის გამო, რომ „ქართული ოცნება“ „ნაციონალურ მოძრაობას“ დაემსგავსა.

„ჩვენი პარტია, პაატა ბურჭულაძის მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“ ამ აქციას უერთდება და გამოვხატავთ აღშფოთებას იმის გამო, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დამარცხებიდან ოთხი წლის თავზე ჩვენ კვლავ გვიწევს ქუჩაში გამოსვლა, რომ გავაპროტესტოთ უკანონო პატიმრები. ეს ჩვენი აზრით კიდევ ერთხელ მოწმობს იმას, რომ „ქართული ოცნება“ დაემსგავსა „ნაციონალურ მოძრაობას“.

აქციის დასრულებისას პარტიის ლიდერმა ირაკლი ალასანიამ აღნიშნა, რომ ისინი დაიწყებენ ხელმოწერების შეგროვებას და მიმართავენ პრეზიდენტს თხოვნით, რომ უკანონოდ დაპატიმრებულები ციხიდან გამოუშვან. როგორც ალექსი პეტრიაშვილმა „მეტრონომს“ განუცხადა, აქციები ამით არ მთავრდება.

„დღეს გავაპროტესტეთ პროკურატურასთან, უახლოს ხანებში გავაპროტესტებთ სასამართლოსთანაც, იმიტომ, რომ ეს არის კიდევ ერთი ინსტიტუცია, რომელიც უკანონობის, უსამართლობის უკან დგას“- განაცხადა პეტრიაშვილმა.

აქციის ბოლოს კი „თავისუფალი დემოკრატების“ წევრებმა სცენაზე საქართველოს ჰიმნი აქციაზე მყოფ ხალხთან ერთად შეასრულეს.

ნინო ცხადაია

 

13

265710

14

იტვირთბა....