სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის ლევან იზორიას თქმით, ხელისუფლება ხურჩაში მომხდარ ფაქტს რეაგირების გარეშე არ დატოვებს და ჟენევის ფორმატში მკვლელობაში დამნაშავის უმკაცრესად დასჯის საკითხს დააყენებს.
„ჩვენი ზოგიერთი ოპონენტი, სამწუხაროდ, ამ ფაქტს იყენებს საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის, როცა ამბობს, რომ მსგავს შემთხვევებს თითქოსდა ადგილი არ ჰქონია. მართლაც, 2012 წლიდან ასეთ ფაქტს ადგილი არ ჰქონია, თუმცა 2008 წლიდან, სამწუხაროდ, ათეულობით გახმაურებულ ფაქტს ჰქონდა ადგილი,რომელიც ლეტალური შედეგითაც დასრულდა. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ განვახორციელოთ პატრულირება და ვახორციელებთ ამ პროცესს დღესაც. პატრულირება უფრო გაძლიერებულად იქნება მომავალში. თქვენ იცით, რომ ახლო მომავალში, IPRM -ი ჩატარდება გალში, ოთხწლიანი პაუზის შემდეგ. გუშინ მე მქონდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელთან შეხვედრა, სადაც ვთქვი, რომ პირველი საკითხი და მოთხოვნა, რაც ჩვენი მხრიდან იქნება გაჟღერებული, იქნება დაკავშირებული სწორედ იმასთან, რომ დამნაშავე, რომელიც უკვე დადგენილია იქნას უმკაცრესად დასჯილი. ასე რომ, ჩვენ ყველანაირ ფორმატს, იქნება ეს ჟენევის ფორმატი თუ IPRM, გამოვიყენებთ იმისთვის, რომ ეს მოთხოვნა, მანამ, სანამ ის არ შესრულდება, მუდმივად დავაყენოთ”.-განაცხადა იზორიამ.
შეგახსენებთ, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ, ოთხმა შეიარაღებულმა პირმა, ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილოდ დაჭრა გალის რაიონის სოფელ ბარღების მკვიდრი გიგა ოთხოზორი