ხურჩაში მომხდარი მკვლელობა ე.წ. სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან დამონტაჟებულმა უსაფრთხოების სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა. ვიდეომასალაში ჩანს როგორ გადმოდიან ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე საოკუპაციო რეჟიმის სამხედროები და გიგა ოთხოზორიას ჯერ ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ, შემდეგ კი ესვრიან. კამერამ ბოლო საკონტროლო გასროლაც დააფიქსირა, რომელიც ახალგაზრდა მამაკაცს თავის არეში მიაყენეს. ამის შემდეგ, სამხედროები შემთხვევის ადგილს ტოვებენ და ე.წ. საზღვრისკენ ბრუნდებიან. ეს ვიდეომასალა ქართველმა სამართალდამცველებმა უკვე ამოიღეს.
გიგა ოთხოზორია ექსპერტიზის შემდეგ ზუგდიდში – მის საცხოვრებელ სახლში გადაასვენეს. ოჯახის წევრები ყვებიან, რომ კონფლიქტი საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებსა და გარდაცვლილს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც ე.წ. მესაზღვრეებმა მას პროდუქტის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადატანაზე უარი უთხრეს.
შეგახსენებთ, ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ, ოთხმა შეიარაღებულმა პირმა, ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილოდ დაჭრა გალის რაიონის სოფელ ბარღების მკვიდრი გიგა ოთხოზორია.