არავითარ შემთხვევაში დაუსჯელი არ დარჩეს ის, ვინც ეს საშინელი დანაშაული ჩაიდინა, – ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გუშინ ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში მომხდარ შემთხვევას, როდესაც საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. მესაზღვრეებმა საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოქალაქე მოკლეს.
”ეს არის ამაზრზენი შემთხვევა. მართლაც უდიდესი ტრაგედიაა, რომ ადამიანი, მით უმეტეს, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოკლეს უმოწყალოდ. რა თქმა უნდა, ეს არის უდიდესი ტრაგედია, მაგრამ კიდევ უფრო დიდი ტრაგედიაა, რომ ამით ცდილობენ, ხელი შეუშალონ იმ პროცესს, რომელიც ახლა მიდის. ჩვენ ვდგამთ რაღაც ნაბიჯებს, რომ აღვადგინოთ ნდობა ქართველებსა და აფხაზებს, ქართველებსა და ოსებს შორის. მე გამოვთქვამ რწმენას, რომ უპირელეს ყოვლისა, დამნაშავე დაისჯება ძალიან მკაცრად, ჩავრთავთ ყველა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორს ამ პროცესში და აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე ამ საქმეს, რომ არავითარ შემთხვევაში დაუსჯელი არ დარჩეს ის, ვინც ეს საშინელი დანაშაული ჩაიდინა”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
გიორგი კვირიკაშვილი იზიარებს ოჯახის მწუხარებას და იმედოვნებს, რომ თვითონ აფხაზებიც შეხედავენ ამ შემთხვევას, როგორც იმ პროცესის საწინააღდმეგოდ მიმართულ პირდაპირ პროვოკაციას, რომელიც ახლა მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, გიგა ოთხოზორია გუშინ, ხურჩაში, საოკუპაციო ხაზთან, საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. მესაზღვრის მიერ საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოკლეს. სუს-ის ინფორმაციით, ინციდენტში ოთხმა შეიარაღებული პირი მონაწილეობდა, რომელთაც ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილოდ დაჭრეს გიგა ოთხოზორია. დაზარალებული მუცლის არეში მიყენებული მრავლობითი ჭრილობებით სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა გადაიყვანა ზუგდიდის ჰოსპიტალში, სადაც მოგვიანებით გარდაიცვალა.
გამოძიებას სსსკ-ის 108-ე მუხლით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის დეპარტამენტი აწარმოებს.

