ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ზუგდიდელი გარემოვაჭრეები აქციებით ქუთაისში გადაინაცვლებენ

ზუგდიდის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე გარევაჭრობის აღდგენის მოთხოვნით, მოვაჭრეებმა ქალაქის ცენტრალურ გზაზე მსვლელობა მოაწყეს. როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, ისინი ქუთაისში გაემგზავრებიან, რათა პროტესტი პარლამენტთან გააგრძელონ.

გარემოვაჭრეებმა საპროტესტო აქციების გამართვა მას შემდეგ დაიწყეს, რაც 11 მაისს ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე დახლები ადგილზე არ დახვდათ. ისინი მერიის გადაწყვეტილებას უკანონოდ მიიჩნევენ. განმარტავენ, რომ სესხები აქვთ და ოჯახებს სხვანაირად ვერ არჩენენ.

11 მაისს ზუგდიდის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა, ნუკრი ესართიამ ჟურნალისტებს გარემოვაჭრეებთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა, რომ საპროტესტო აქციის მონაწილეების თხოვნის საფუძველზე ზუგდიდის მერიამ გარემოვაჭრეებს უფლება მისცა დროებით იმუშაონ ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე. ამასთან, მათ უფლება აქვთ დაიკავონ ტროტუარის მხოლოდ ნაწილი, რათა არ შეუშალონ ხელი ტრანსპორტის თუ ქვეითის გადაადგილებას. თავის მხრივ მოვაჭრეებისთვის ეს წინადადება მიუღებელი აღმოჩნდა. მათი განმარტებით, გამოყოფილი ადგილი საკმარისი არ არის.

ნუკრი ესართიას განმარტებით კი, გარევაჭრობა კანონით არის აკრძალული და მერია ვერ დაუშვებს კანონდარღვევას.

პარალელურად საპროტესტო აქცია 18 მაისს ბაზრის შიდა ტერიტორიაზე დასაქმებულებმაც გამართეს. ისინი გარევაჭრობის აკრძალვას ითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში თავადაც გარევაჭრობის დაწყებით იმუქრებიან.

მოვაჭრეების თქმით, ბაზრის მიმდებარედ განთავსებულია პროდუქტები და შიდა ტერიტორიაზე მყიდველი არ შედის.

 

იტვირთბა....