ე.წ. კაბელების საქმეზე მსჯავრდებულთა ადვოკატები მთავარ პროკურორს ირაკლი შოთაძეს დებატებში იწვევენ. როგორც ე.წ. კაბელების საქმეზე მსჯავრდებულთა ადვოკატებმა ლევან სამუშიამ და სოსო ბარათაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადეს, დღეს პროკურატურის მხრიდან მოხდა სიცრუის კიდევ ერთხელ ტირაჟირება.
“ჩვენ მოვუწოდებთ მთავარ პროკურატურას, ასევე მთავარ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს, ნუ იმალებიან და ნუ საუბრობენ მხოლოდ ერთი მხრიდან. გამოვიდნენ საჯაროდ ნებისმიერ დებატებში, თუნდაც წამყვანად მოიყვანონ მოსამართლე ბუგიანიშვილი. ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ დროს და ეს საზოგადოებამ შეაჯეროს, ვის მხარეს არის სამართალი, ვინაიდან სასამართლოს ნდობა არ გააჩნია, ჩვენ ავირჩიეთ მსგავსი ფორმატი“. – განაცხადა ადვოკატმა ლევან სამუშიამ.
სამუშიამ მთავარი პროკურის განცხადებებიც შეაფასა.
„შოთაძემ ერთ წინადადებაში 10 სიცრუე განაცხადა”.
შეგახსენებთ, მთავარმა პროკურორმა გუშინ კაბელების საქმის კომენტარებისას თქვა, რომ ჯერჯერობით საქმეზე არ არსებობს სამოტივაციო განაჩენი და მისთვის გაუგებარია რატომ საუბრობენ საქმის პოლიტიკურ მოტივებზე.
„საჯარო ეთერის საშუალებებით რიგი პოლიტიკური ძალების არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების და სხვათა მხრიდან ეს გადაწყვეტილება უკვე მონათლულ იქნა დაუსაბუთებელ გადაწყვეტილებად. მე მაქვს კითხვა – რით ხელმძღვანელობენ ეს ადამიანები, როდესაც საუბრობენ გამამტყუნებელი განაჩენის დაუსაბუთებლობაზე და უკანონობაზე, როდესაც ეს განაჩენი ჯერ თვალით არავის არ უნახავს. ცალსახაა, რომ ამ ხალხს ამოძრავებს პირადი მოტივაცია, რათა ამ საქმეს მისცენ პოლიტიკური ელფერი, სრულიად უსაფუძვლოდ მოახდინონ მართლმსაჯულების პროცესის და პროკურატურის დისკრედიტაცია,“ – განაცხადა შოთაძემ.