ავიაკომპანია EgyptAir-ის კუთვნილი ლაინერის, A320-ის ფრაგმენტები ხმელთაშუა ზღვაში აღმოაჩინეს. ინფორმაციას „როიტერი“ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, ფრაგმენტები ნაპოვნია 80 კილომეტრში იმ ტერიტორიიდან, სადაც ლაინერი რადარებიდან გაქრა.
ბოლო რამდენიმე საათია, ხმელთაშუა ზღვაში სამძებრო ოპერაცია მიმდინარეობს.
ჯერჯერობით არც ეგვიპტის და არც საფრანგეთის ხელისუფლებას მომხდარის შესახებ ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია, თუმცა ცოტა ხნის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე ეგვიპტის ავიაციის მინისტრმა არ გამორიცხა, რომ ლაინერის გაუჩინარება შესაძლოა, მექანიკურ დაზიანებას ან ტერაქტს უკავშირდებოდეს.
თვითმფრინავის ბორტზე, რომელიც პარიზიდან კაიროში მიემგზავრებოდა, 66 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის 56 მგზავრი და ეკიპაჟის 10 წევრი.

