ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

,,რესპუბლიკელები“ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას მხარს არ დაუჭერენ

პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, “საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონში განხორციელებულ ცვლილებებს “რესპუბლიკელებმა“ მხარი არ დაუჭირეს და პრეზიდენტის მიერ ვეტოს გამოყენებისა და პროექტის კენჭისყრაზე ხელახლა დაყენების შემთხვევაში, მათი გადაწყვეტილება იგივე იქნება.

საქართველოს პრეზიდენტმა გუშინ ერთგვარი უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ “საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” კანონპროექტი პარლამენტს მისთვის ჯერ არ გადაუგზავნია.

„პროექტი გადის დამუშავების სტადიას პარლამენტში, რაც კანონით არის გათვალისწინებული და უახლოეს პერიოდში პრეზიდენტს გადაეგზავნება. შემდგომ მისი მომავალი და ბედი დამოკიდებულია იმ გადაწყვეტილებებზე რასაც პრეზიდენტი მიიღებს და რასაც მიიღებს პარლამენტი. პროექტი იგზავნება ვენეციის კომისიაში. კანონით და კონსტიტუციით დადგენილ ვადებში ყველა კანონი ყოველთვის ეგზავნება პრეზიდენტს, ასე მოხდება ახლაც, რაც შეეხება იმას, რომ პრეზიდენტმა ბრძანა მე ხომ არ ჩავიდე ქუთაისშიო, თუ დადგენილ ვადაზე უფრო ადრე სჭირდება მას რაიმე, რა თქმა უნდა ქუთაისში არა, თბილისში მობრძანდეს. კანონში შესატან ცვლილებებს „რესპუბლიკურმა პარტიამ“ და მისმა წევრებმა ხმა არ მივეცით, ეს ნიშნავს იმას, რომ პროექტს არსებული სახით ჩვენ მხარს არ ვუჭერთ, ბუნებრივია თუ ის პარლამენტში კენჭისყრაზე ხელახლა დადგება ჩვენ მას მხარს არ და ვერ დავუჭერთ“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

პარლამენტმა “საკონსტიტუციო სასამართლოს კანონში” ცვლილებები მესამე, საბოლოო მოსმენით 14 მაისს მიიღო. ოპოზიციას ცვლილებებთან დაკავშირებით შენიშვნები აქვს, რის გამოც პრეზიდენტს კანონზე ვეტოს დადებას ურჩევს.

 

იტვირთბა....