იურიდიულმა კომიტეტმა იძულებითი ნარკოტესტირების გაუქმებას მხარი არ დაუჭირა. დადებითი გადაწყვეტილების მისაღებად 7 დეპუტატის ხმა იყო საჭირო, კანონპროექტს კი მხარი მხოლოდ ხუთმა დაუჭირა.
მანამდე კომიტეტის სხდომაზე პოლიტიკური ცენტრის, „გირჩის“ ერთ-ერთმა წევრმა, გოგა ხაჩიძემ ჭიქა მიიტანა, რომელშიც შარდის შეფერილობის წვენი ესხა.
„ამ კანონპროექტის მთავარი არსი არის ის, რომ აღარ ხდებოდეს ქუჩებიდან, უბნებიდან სხვადასხვა ადგილებიდან მოქალაქეების აყრა და წაყვანა ნარკოტესტირებაზე. ტყუილია ის, რომ თუ მოქალაქეს არ უნდა, მას შარდს არ ჩააბარებინებენ“, – განაცხადა გოგა ხაჩიძემ.
ხაჩიძემ ქუთაისში მომხდარი შემთხვევაც გაიხსენა, როცა 56 წლის ლევაბ აბზიანიძეს შარდმდენები დაალევინეს, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა.
„ტყუილია ის, რომ თუ მოქალაქეს არ უნდა ჩაბარება შარდის, არ ჩააბარებინებენ. თუ თქვენ მხარდამჭერები, ადვოკატები არ გყავთ, პრესა არ მოვარდა და ხმაური არ ატეხეთ, მშვენივრად ჩაგაბარებინებენ. შეიძლება წაგითაქონ კიდეც და ისე ჩაგაბარებინონ. ჩვენ გვინდა, რომ ეს მარაზმი, ტონობით შარდის შეგროვება და ანალიზის გაკეთება სახელმწიფოს მიერ დამთავრდეს. წელიწადში დაახლოებით 15 მილიონი ლარი იხარჯება ამ სისულელეში, რომ სახელმწიფომ მოქალაქეებს შარდი შეუმოწმოს და დაადგინოს ნარკოტიკებს მოიხმარს თუ არა. შარდის ანალიზების კეთება არ უნდა იყოს სახელმწიფოს საქმე. ამას ითხოვს ჩვენი კანონპროექტი“, – განაცხადა გოგა ხაჩიძემ.