საკონსტიტუციო სასამართლომ დღეს დაიწყო მსჯელობა მიიღებს თუ არა წარმოებაში თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას ახალ სარჩელს.
უგულავა რიგით მესამე სარჩელით მოითხოვს არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 14 ნორმა, მათ შორის იძულების, მითვისების, სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, გაფლანგვისა და სხვა რეგულაციებთან დაკავშირებით.
უგულავას ადვოკატი ბექა ბასილაია აცხადებს, რომ ნორმები ბუნდოვანია, ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა და არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას. მისივე თქმით, დაკმაყოფილების შემთხვევაში აღნიშნული საჩივარი სიკეთეს მოუტანს ყველა პირს, ვინც პოტენციურად შეიძლება გახდეს პოლიტიკური დევნის მსხვერპლი.
“ვასაჩივრებთ იმ ნორმებს, რომლებიც იძლევა შერჩევითად, პოლიტიკური მოტივაციით პირი იყოს ბრალდებული, მსჯავრდებული, თავისუფლება აღკვეთილი, რაც გიორგი უგულავას შემთხვევაში გვაქვს. ერთადერთი მოტივაცია და საფუძველი მისი ციხეში ყოფნის არის ის, რომ არის ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი. ამასთან ერთად, ჩვენ ვასაჩივრებთ მითვისება-გაფლანგვის ნორმას, რომელიც არის განუჭვრეტელი და არაკეთილსინდისიერად გამოიყენება დღეს მოქმედი პროკურატურის და სამართალდამცავი სტრუქტურების მხრიდან. ეს არის ნორმა, რომელსაც ყურს საიდანაც უნდათ იქედან აბამენ”. – აღნიშნა ბექა ბასილაიამ.