„მეტრონომის“ ექსკლუზიური ინტერვიუ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილთან
საქალაქო სასამართლოს მოსამართლის ბესიკ ბუგიანიშვილის მიერ გამოტანილი განაჩენი თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმეში პოლიტიკური მნიშვნელობა შეიძინა. სხვადასხვა ოპოზიციურმა პარტიებმა ღიად დააფიქსირეს თავიანთი პოზიცია, რომ ამ საქმეში მმართველი ძალის ინტერესი აშკარად იკვეთება. ე.წ „კაბელების საქმე“ ეხება სახელმწიფოს თავდაცვისა და კიბერუსაფთხოების უმნიშვნელოვანეს კომპონენტს: თბილისი-კოჯორი-წალკა-ახალქალაქი-ახალციხე-ხულო-ბათუმის მიმართულებით ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის გაყვანას, შესაბამისი ქსელური აპარატურის შეძენითა და მონტაჟით. ბრალდება ამტკიცებდა, რომ 2013 წლის სექტემბერში, დაკავებულებმა წინასწარი შეთანხმებით, საიდუმლო ტენდერში – კომპანია „სილქნეტს“ გაამარჯვებინეს. ჯამში, სახელმწიფოს ეს პროექტი 6 720 877 ლარი დაუჯდა, როცა იგივე მომსახურების მიღება , ბრალდების მტკიცებით, „სილქნეტის“ კონკურენტ „დელტაკომისგან“ (სწორედ ამ კომპანიამ იჩივლა 2014 წლის აპრილში – ზ.წ) გაცილებით იაფად – 2 618 004 ლარად შეიძლებოდა. შესაბამისად, დაკავებულებს ბრალად დაედოთ, სხვაობის – 4 102 872 ლარის გაფლანგვა.
„მეტრონომთან“ სასამართლოს გადაწყვეტილება ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ ზაზა ხატიაშვილმა შეაფასა.
მეტრონომი: ე.წ კაბელების საქმეზე გუშინ მოსამართლე ბესიკ ბეგიანიშვილმა გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა და თავდაცვის სამინისტროს ყოფილ თანამდებობის პირებს საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის გამო 7 წელი პატიმრობა მიუსაჯა. ირაკლი ალასანია საქმეს პოლიტიკურ ჭრილში მაშინვე განიხილავდა. თქვენი აზრით, იყო სასამართლო მიკერძოებული აღნიშნული საქმის განხილვისას?
ზაზა ხატიაშვილი: დარწმუნებული ვარ, მოსამართლე მიკერძოებული იყო. მურუსიძის წინააღმდეგ ბრძოლა როცა გამოვაცხადე, მოვუწოდე სამოქალაქო საზოგადოებას გვერდით დამდგომოდნენ, ირაკლი ალასანია ერთ-ერთი იყო, რომელიც ჩვენს გვერდით დადგა, რადგან მისთვის მურუსიძეების სასამართლო მიუღებელი იყო. რატომ ვაპროტესეტბდი ლევან მურუსიძის სასამართლოში დატოვებას? ჩემი შეფასებით, მურუსიძე სააკაშვილის რეჟიმს ემსახურებოდა. ერთი მიზეზით ვხსნიდი ამას, რომ ის წინასაარჩევნოდ ხელისუფლების ხელში გახდებოდა ისეთივე დასაყრდენი, როგორც სააკაშვილის რეჟიმის დროს იყო. ვნახეთ, რომ ლევან მურუსიძეს მხარი დაუჭირა „ქართული ოცნების“ მიერ არჩეულმა იუსტიციის საბჭოს სამმა წევრმა: ევა გოცირიძემ, კახაბერ სოფრომაძემ და ვახტანგ თორდიამ. ხელისუფლება პირდაპირ ლევან მურუსიძეზე დებდა ფსონს.
ე.წ კაბელების საქმე, „რუსთვი 2“, რომლის უკანაც დგას ხელისუფლება, განაჩენს გამოიტანენ არა ის მოსამართლეები, რომლებიც საქმეს განიხილავენ, არამედ ლევან მურუსიძე.
მურუსიძე პირდაპირ შეასრულებს ხელისუფლების დაკვეთებს. კაბელების საქმეზე მიღებულია პოლიტიკური გადაწყვეტილება. მურუსიძეს უჭირავს ხელში იუსტიციის საბჭო და სასამართლო სისტემა. აქედან გამომდინარე ვამბობ, რომ ძალიან ბევრი პოლიტიკური გადაწყვეტილებები იქნება.
წინასაარჩევნო პერიოდში ლევან მურუსიძე დანიშნეს სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ პალატაში. ადმინისტრაციული პალატა სააპელაციო სასამართლოს საარჩევნო დავების ბოლო ინსტანციაა. ამ პალატის გადაწყვეტილება აღარ საჩივრდება, ანუ მურუსიძეს მისცა ხელისუფლებამ კარტბლანში. როცა ვხედავთ, რომ ასეთი უკანონო ქმედებები ხორციელდება და ეს ხელისუფლებისთვის ნათელია, ნათელია სამოქალაქო საზოგადოებისთვის… ამის შემდეგ ცხადია, რომ იმ საქმეებზე, რომლებზეც ხელისუფლებას გარკვეული ინტერესი აქვს, გამოვა პოლიტიკური გადაწყვეტილება.
– მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ ცოტა ხნის წინ განაცხადა , რომ კაბელების საქმეზე გამამტყუნებელ განაჩენს ელის. გვახსოვს ივანიშვილის სატელევიზიო ინტერვიუც, მან ამ საქმის შესახებ დეტალურად ისაუბრა. აღსანიშნავია, რომ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმეს მალევე დაედო გრიფი. თქვენი აზრით, რატომ გაკეთდა წინასწარ ასეთი განცხადებები? რამდენად სწორი იყო შოთაძის მხრიდან ცოტა ხნით ადრე, განაჩენის დააანონსება?
– ეს იყო პოლიტიკური განაჩენი. გრიფი ედო საქმეს და ადვოკატებს არ ჰქონდათ წვდომა. თუმცა, ივანიშვილი გამოდის და ტელევიზიით საუბრობს ამ ფაქტის დეტალებზე. მეტიც, ბატონი საგანელიძე, რომელიც უმრავლესობის ლიდერი იყო აცხადებდა, რომ პარლამენტში მოიტანეს სისსხლის სამართლის საქმე, ვნახე და დანაშაულის ნიშნები აღმოვაჩინეო.
პირველად მაშინ გავიგე ასეთი ვუნდერკინდი იურისტის შესახებ, რომელსაც შეუძლია ნახოს საქმე და რამდენიმე წუთში გადაწყვიტოს ყველაფერი და დარწმუნდეს დანაშაულის შემადგენლობაში. მაშინვე მქონდა ამ ფაქტზე რეაგირება, თუმცა მაშინ პოლიტიკური სპექტრი არ ამყვა და ეს საქმე მიიჩქმალა.
როდესაც ივანიშვილი იცნობს საქმის დეტალებს ე.ი არაფორმალური ლიდერი დაინტერესებულია საქმის შედეგით. მაშინვე მოვუწოდე პირებს, ვისაც საქმესთან შეხება ჰქონდათ, ივანიშვილსა და საგანელიძეზე საჩივარი შეეტანათ და მოეთხოვათ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება. ვხედავდი, რომ ამ საქმეზე მსგავის განაჩენი დადგებოდა. ზუსტად იმიტომ სჭირდებოდათ მურუსიძე, რომ მსგავსი განაჩენი დამდგარიყო.
– ახვლედიანზე მინდა გკითხოთ.. მამუკა ახვლედიანს იუსტიციის საბჭომ უფლებამოსილება შეუჩერა. ახვლედიანიც თვლის, რომ მის მიერ გაკეთებულ განაცხადებებს შეეწირა მისი თანამდებობა. ის იყო პირველი სისტემის შიგნით, რომელმაც სასამართლო სისტემაში არსებულ დარღვევებზე ფაქტებით დაიწყო საუბარი.
– ახვლედიანმა რაც თქვა, მეც იგივეს ვამბობდი ექვსი წლის განმავლობაში. ოღონდ მე მტკიცებულება არ მქონდა. რაზეც ვსაუბრობდი ახვლედიანმა ზუსტად ის თქვა. მინდა გითხრათ, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შემდეგ საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი ყველაზე გავლენიად მიიჩნევა, რადგან ის ყველაზე დიდი სასამართლოს თავმჯდომარე იყო. გამოდის სასამართლოს თავმჯდომარე და ამბობს, რომ ტესტები გაიყიდა, მეგობარს რომ მისცე ესეც კორუფციაა. კორუფციისთვის მაინცდამაინც ფულის აღება არაა საჭირო. სამწუხაროა, რომ გვენეტაძე დღეს ლევან მურუსიძის მხარდამჭერია. ძალიან ბევრს უხაროდა გვენეტაძის უზენაესი სასამართლოში მოსვლა, თუმცა კოტე კუბლაშვილი რასაც არ აკეთებდა, საბოლოოდ ამ ადამიანმა გააკეთა. გვენეტაძემ როცა დაინახა, შეიძლებოდა მურუსიძის ჭაობში ჩათრეულიყო, მე მას გადადგომისკენ მოვუწოდე, თუმცა გვენეტაძემ თანამდებობა არჩია. იმედი მაქვს, ოდესმე გვეყოლება ნორმალური ხელისუფლება და მოვაწყობთ ნიურნბერგის პროცესს.
– კონკრეტულად ვის გავასამართლებთ?
– დაისჯებიან პროკურორები, მოსამართლეები და ის პოლიციელები ვისაც წამებაში აქვთ მონაწილეობა მიღებული. ნიურნბერგის პროცესი რომ არ ყოფილიყო გერმანიაში, დღეს ის იქნებოდა სამართლებრივად ჩამორჩენილი სახელმწიფო. თუ ჩვენ არ შევაფასებთ სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენებს სააკაშვილისა და ახლა, ამ ფეოდალის ივანიშვილის დროს, მიკერძოებული პოლიტიკური გადაწყვეტილებებით, ეს ქვეყანა ვერ განვითრდება.
ივანიშვილი სააკაშვილზე უფრო მეტად მატყუარა გამოდგა. სააკაშვილი ამბობდა, რომ ყველა ციხეში და მართლაც ძალიან ბევრი შევარდნაძის პერიოდის მაღალჩინოსანი კორუმპირებული პირი დაიჭირეს.
როცა ესენი მოვიდნენ, ის პროკურორები, რომლებთანაც ყველაზე მეტი პრეტენზია გვქონდა, დააწინაურეს. ყაჩაღობაში ბრალდებული პირი დაგვინიშნეს მთავარ პროკურორად, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების ზეწოლით გადადგა და თუ პოლიტიკოსებს დავუჯერებთ, დღესაც განუსაზღვრელია ფარცხალაძის გავლენა პროკურატურაში.
საქართველოში „სააკაშვილის რეჟიმი 2“ მივიღეთ. ეს სახელმწიფოსთვის ძალიან ცუდია, თუმცა, ხალხის თვითშეგნებისთვის კარგია. არ მგონია თბილისში ივანიშვილმა გაიმარჯვოს თუ არ გააყალბა. თუ გააყალბა მაშინ მას ელოდება ის, რაც ძალიან ბევრ დიქტატორს. არ მინდა რომ ასეთი სცენარით განვითარდეს მოვლენები. უსისხლოდ როგორც სააკაშვილმა დატოვა საქართველო და ვერ შემოდის ქვეყანაში, ასევე ივანიშვილიც ვერ შემოვა საქართველოში. ის ტერიტორიები, რაც მან უკანონოდ იყიდა აუცილებლად საქართველოს დაუბრუნდება, რადგან ისინი თბილისის ჟანგბადია. ივანიშვილი ამ ქვეყანას განიხილავს თავის შ.პ.ს – რაც ქვეყნის კატასტროფაა.
– თქვენ სასამართლო სისტემაზე და მურუსიძის გავლენაზე ბევრი ისაუბრეთ, თუმცა მურუსიძის უკან ადამიანები არიან, რომელთაც სასამართლოს დამოუკიდებლობა არ სურთ. მე მახსოვს ვინ დაგვპირდა სასამართლოს რეფორმას, ეს წულუკიანი იყო. კონკრეტულად, ვინ არის ხელისუფლებაში ისეთი, ვინც ამ პროცესებს მართავს?
– იუსტიციის მინისტრმა რეფორმა ჩააგდო და რეფორმის მაგიერ დეფორმა ჩაატარა. მინდა გაგახსენოთ ამ ხელისუფლების უბინძურესი, ცინიკური ნაბიჯები. ივანიშვილი გამოვიდა და თქვა ვინც დაზარალდით პროკურატურას მიმართეთო. სულ 26 000 საჩივარი შევიდა. შემდგომ ამ 26 000 კაცს იუსტიციის სამინისტრომ პასუხი მისწერა ზარალების დამდგენელი კომისია შეიქმნებაო და თქვენი საჩივრებიც განიხილეობაო. ერთი წლის შემდეგ კი მიწერეს, რომ ასეთი კომისია აღარ შეიქმნებოდა და მათი საჩივრები დაუქვემდებარეს იმ პროკურორებს ვისაც ეს ხალხი უჩიოდა. იუსტიციის სამინისტროს მხრიდან ეს იყო ხალხის შეურაცხყოფა.
– ამ მთავრობის მთავარი არგუმენტი სისტემურ დანაშაულთან დაკავშირებით არის ის, რომ ასეთი პროცესები ახლა აღარ ხდება. თქვენ სავარაუდოდ უნდა იცოდეთ პენიტენციალურ სისტემაში მიმდინარე პროცესები. თქვენი ინფორმაციით, კიდევ ხდება პატიმრების წამება გაუპატიურების ფაქტები?
– წამება ხდება, მაგრამ არა იმ მასშტაბით, რა მასშტაბითაც ხდებოდა. გაუპატიურება აღარ ხდება. ივანიშვილმა ეს მწამებლები გამოაცხადა რეჟიმის მსხვერპლებად და დაიცვა.
– ვის გულისხმობთ?
– ლევან მურუსიძეს.
– მურუსიძე მწამებელი ხომ არ ყოფილა. ის გირგვლიანის საქმის მოსამართლე იყო..
– მურუსიძეებში ვგულისხმობ, იმას რომ ისინი მონაწილეობდნენ ნაწამებ ადამიანებზე განაჩენის დაყენებაში. ჩემთვის მწამებელსა და მათ დამცველს განსხვავება არ არის. სანამ ივანიშვილი მოვიდოდა, ევროსასამართლოში მოვიგე საქმე – დვალიშვილი საქართველოს წინააღმდეგ. ეს ადამიანი წყალტუბოს პოლიციაში აწამეს და ნაწამებ პატიმარს ფეხებში ხელი წაავლებინეს და „კოკაკოლა“ აალოკინეს. მწამებელი რევაზ ქობულიანი იყო, რომელიც ღარიბაშვილის დროს პოლიციის სამმართველოს უფროსად დაინიშნა. ეს ადამიანი დღესაც სამმართველოს უფროსია და წარმოგიდგენიათ, დღეს რას გააკეთებს?
– „თავისუფალი დემოკრატები“ აცხადებენ, რომ გუშინ ე.წ კაბელების საქმეზე გამოტანილი განაჩენი იქნება დასასრულის დასაწყისი ამ ხელისუფლებისთვის. თქვენც ფიქრობთ რომ მსგავს სამართლებრივ ქეისებს გადაყვება „ქართული ოცნების“ ხელისუფლება?
– ვფიქრობ უკვე გადაყვა.
– ჯერ კიდევ ხელისუფლებაში არიან და წინ არჩევნები გვაქვს…
– თუ ალასანია სწორად წარმართავს საარჩევნო პროცესს და მისი სლოგანი იქნება როგორ გათავისუფლდეს საქართველო მურუსიძეებისგან. იმდენად ეზიზღება ხალხს ეს მურუსიძეები, რომლებიც პოლიციაში, სასამართლოსა და პროკურატურაში არიან, რომ ეხ ხელისუფლება არჩევნებს წააგებს. თუ ეს ხელისუფლება არჩევნებს გააყალბებს, ხალხი ქუჩაში გამოვა და ნებისმიერი დასავლური სახელმწიფო ხალხის გვერდით დადგება, რადგან არჩევნების გაყალბებას ივანიშვილს არავინ არ შეარჩენს. მთავარია პოლიტიკური პარტიები გაერთიანდნენ და ერთად იბრძოლონ.
– ამ პროცესში „ნაციონალურ მოძრაობასაც“ გულისხმობთ?
– „ნაციონალური მოძრაობა“ მურუსიძეების წინააღმდეგ არ იბრძოლებს. „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა დაახლოებით 50 პარტიაა, თუმცა „ნაციონალებმა“ სიაში გიორგი ტუღუში შეიყვანეს და ვფიქრობ, რომ ის ერთ-ერთი საუკეთესო კანდიდატია. მისი დასკვნები რომ ნახოთ როდესაც ის სახალხო დამცველი იყო და რას წერდა პენიტენციალურ სისტემაში არსებულ ვითარებაზე, ფაქტობრივად სააკაშვილის რეჟიმის დროს, ეს კაცი სასიკვდილო განაჩენზე აწერდა ხელს.
გიორგი ტუღუშს 2011 წელს გაუპატიურების საქმეზე მივმართე და დამეხმარა, თორემ იმ საცოდავ კაცს მოკლავდნენ. ამ კაცს დიდ პატვის ვცემ, კომუნისტურ პარტიაშიც რომ წასულიყო მაინც პატივს ვცემდი. აქედან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ადვილად დასამარცხებელი ძალა არ იქნება. რომან გოცირიძეც ძალიან სერიოზული სახეა. „ქართული ოცნების“ სიაში ვოლსკის და ტრიპოლსკის მე კომკავშირელებსა და ცეკას ინსტრუქტორებს ვეძახი და წარმოიდგინეთ, აქეთ მხარეს საპირწონედ არიან გიორგი ტუღუში და რომან გოცირიძე.
ხალხმა უნდა დაინახოს, რომ ცეკას ინსტრუქტორებით აპირებს არჩევნების მოგებას. თუ საქართველოში იქნება საარჩევნო კულტურა ორმა პარტიამ ვერ უნდა გადალახოს საარჩევნო ბარიერი – “ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ქართულმა ოცნებამ“.
– იმის მიუხედავათ, რომ თქვენივე თქმით მათ კარგი სახეები ჰყავთ გოცირიძისა და ტუღუშის სახით?
– ვერ უნდა გადალახონ, რადგან მაინც „ნაციონალური მოძრაობაა“ და მაინც „ქართული ოცნებაა“.
სამწუხაროდ, ეს ორი პარტია სავარაუდოდ პირველ სამეულში ადგილს დაიკავებს. ერთადერთი ძალა, რომელსაც შეუძლია შეიტანოს გადაადგილება ამ ორ ძალას შორის ირაკლი ალასანიაა. ალასანიამ დატოვა თანამდებობა რათა წესიერ ოფიცერებს გვერდით დადგომოდა. ეს ძალიან კარგი ნაბიჯი იყო.
– თავისი ნებით დატოვა თუ იძულებული გახადა ასე მოქცეულიყო?
– ალასანიას რომ ეთქვა დანაშაული ჩაიდინეს და უნდა დაისაჯონო, ვერავინ ვერ შეეხებოდა. მან თქვა, რომ ეს ხალხი უდანაშაულოა და ახლა ამის გამო უსწორდებიან. მეორე ძალა, რომელიც ძალიან მომწონს პაატა ბურჭულაძის პარტიაა.
– ბოლოს ადვოკატ ავთანდილ ბუცხრიკიძეზეც მინდა გკითხოთ… თქვენ ადვოკატთა კორპუსის გაფიცვით იმუქრებოდით. შსს–ში მითხრეს, რომ ეჭვმიტანილი დაკავებულია..
– ადვოკატ ბუცხრიკიძის დის ოჯახის სახლი დაცხრილეს, შემდეგ როცა ადვოკატმა პოლიცია გამოიძახა ეს ადამიანი არ დააკავეს. ეს კაცი პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკია. მოგვიანებით ის ბრუნდება და ბუცხრიკიძეს ორჯერ ესვრის დამიზნებით. ამის შემდეგ მოხდა მისი დაკავება. ვსვამ კითხვას, კაცმა, რომელმაც 16 ტყვია ესროლა რატომ გაუშვეს? და რატომ მისცეს უფლება მისულიყო და ხელმეორედ ესროლა?!
მარიამ ვარადაშვილი