არასამთავრობო ორგანიზაციები ე.წ. კაბელების საქმეზე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. განცხადებას ხელს საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო (TI Georgia); ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC); ინფორმაციის თავისუფლებისა განვითარების ინსტიტუტი (IDFI); პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR); სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED); საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI); კონსტიტუციის 42-ე მუხლი და დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბი.
„2016 წლის 16 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ “კაბელების საქმეში” დამნაშავედ ცნო თავდაცვის სამინისტროს 5 მაღალჩინოსანი და სასაჯელის სახედ მსჯავრდებულებს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ. ამ ეტაპისთვის სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილება ხელმისაწვდომი არ არის, თუმცა, წარმოდგენილი განცხადება ეფუძნება იმ გარემოებებისა და ფაქტების შეფასებას, რაც პროცესის მონაწილე მხარეების მიერ არის გასაჯაროვებული, ასევე პროცესის მიმდინარეობისას მიღებულ ინფორმაციას, ღია წყაროებსა და ანგარიშებში მოხსენიებულ ცნობებს.
აღნიშნული საქმის განვითარებას საზოგადოება ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში აკვირდებოდა და უნდა ითქვას, რომ როგორც ბრალის წარდგენის ეტაპი, ასევე პროცესის მიმდინარეობისას განვითარებული მოვლენები საზოგადოებაში აჩენდა კითხვებს ბრალის დასაბუთების, აღკვეთის ღონისძიების საფუძვლიანობის, საქმეში უტყუარი მტკიცებულებების არსებობისა და საქმის სამართლიანი განხილვის შესახებ. საერთო ჯამში, ამ გარემოებებმა შექმნა არასრულფასოვანი მართლმსაჯულების განხორციელებისა და პროცესის პოლიტიზირების განცდა.
ხსენებულ ეჭვებს საწყისი ეტაპიდანვე აძლიერებდა საქმის განვითარების პარალელურად არსებული კონტექსტი და ვითარება. ბრალის წარდგენას წინ უსწრებდა ღია დაპირისპირება მაშინდელ თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიასა და ყოფილ პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშვილს შორის, რაც საბოლოოდ ირაკლი ალასანიას გადადგომით დასრულდა. პროცესესის მიმართ უნდობლობა ასევე გაზარდა ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების განცხადებებმაც. განსაკუთრებით საყურადღებო იყო ყოფილი პრემიერ მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ინფორმირებულობა საქმის დეტალების შესახებ, მაშინ როდესაც საქმის ნაწილს იმ მომენტისთვის გრიფი საიდუმლო ედო. საზოგადოებისთვის გაუკრვეველი დარჩა რატომ და რა გზებით ფლობდნენ ინფორმაციას საქმის დეტალების შესახებ პირები, რომლებიც გამოძიებაში არ იყვნენ ჩართულები და საქმის მასალებზე წვდომა არ უნდა ჰქონოდათ.
აღსანიშნავია ისიც, რომ თავდაპირველად “კაბელების საქმეს” პროკურატურის გადაწყვეტილებით სრულად მიენიჭა გრიფი საიდუმლოს სტატუსი, რის შედეგადაც დაცვის მხარეს სისხლის სამართლის მასალებზე დაშვება გარკვეული პერიოდის განმავლობაში შეფერხებული ჰქონდა. აღნიშნულს სახალხო დამცველიც გამოეხმაურა და მოუწოდა პროკურატურას მოეხდინდა საქმის მხოლოდ იმ მასალის დასაიდუმლოება, რომელიც შეიცავდა „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ინფორმაციას, სხვა დანარჩენი კი საჯარო უნდა ყოფილიყო, იმისთვის რომ უზრუნველყოფილი ყოფილიყო დაცვის მხარისთვის სისხლის სამართლის საქმის მასალებზე ხელმისაწვდომობა. უნდა ითქვას, რომ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანიდან მცირე დროში თავად პროკურატურის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ნაჩვენებია სტრატეგიული საიდუმლო ინფრასტრუქტურის ქსელის შესახებ ინფორმაცია, რაც მათ შორის ამ საქმის გასაიდუმლოების ერთ-ერთი საფუძველი იყო.
რაც შეეხება წარდგენილ ბრალდებას, პროკურატურა თავდაცვის სამინისტროს მოხელეებს ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით სახელმწიფო თანხების გაფლანგვას ედავება. ამასთან მიმართებით კითხვებს ბადებს რამდენიმე გარემოება:
- მსჯავრდებულების თანამდებობები და მათი სამსახურებრივი სტატუსი მიუთითებს, რომ ისინი არ წარმოადგენენ თავდაცვის სამინისტროს უმაღლესი რანგის თანამდებობის პირებს, ამდენად მათ უშუალო მფლობელობასა და გამგებლობაში ვერ იქნებოდა ის ქონებრივი სიკეთე, რომლის გაფლანგვაზეც პროკურატურა აპელირებს;
- მსჯავრდებულების თანამდებობების მიხედვით ისინი ასევე მოკლებული იქნებოდნენ შესაძლებლობას საბოლოო გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიეღოთ. ამდენად გაურკვეველია რა საფუძვლით გამორიცხა ამ საქმეში პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს მაშინდელი მაღალი თანამდებობის პირების შესაძლო ჩართულობა და რატომ არ დაუსვა არც ერთი შეკითხვა ყოფილ თავდაცვის მინისტრს;
- როგორც ცნობილია, “კაბელების პროექტი” საქართველოს მთავრობის მიერ იქნა განხილული და დამტკიცებული, თანხა კი გადაირიცხა ფინანასთა სამინისტროს მეშვეობით, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს ამ საქმეში მსჯავრდებული პირების ჩართულობის ხასიათზე და ხარისხზე და ასუსტებს პროკურატურის არგუმენტაციას. წარდგენილ ბრალში შესაბამისი დამაჯერებლობით არ არის დასაბუთებული მსჯავრდებული პირების მიერ ორგანიზებული ჯგუფის სახით მოქმედება;
- წარდგენილი ბრალი სათანადო ხარისხითა და დამაჯერებლობით ვერ ასაბუთებს მსაჯვრდებულების ანგარებით მოტივებს და განზრახვებს, რაც ამ ტიპის დანაშაულის ბრალად შერაცხვისთვის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს;
- ნიშანდობლივია ის გარემოებაც, რომ მოსამართლემ 18- თვიანი განხილვის შემდეგ მხოლოდ 2 არასამუშაო დღეში მიიღო გადაწყვეტილება.
ხსენებული სამართლებრივი გარემოებები და წარდგენილ ბრალთან დაკავშირებული კითხვები, ასევე მსჯავრდებულების დაკავების წინაპირობები და საქმის განვითარების დროს არსებული კონტექსტი, საქმის განხილვის პერიოდში გამოვლენილ ცალკეულ ხარვეზებთან ერთად ერთობლიობაში ქმნის განცდას, რომ “კაბელების საქმეში” მართლმსაჯულება არასათანადოდ და მიკერძოებულად განხორციელდა, რაც შესაძლოა პოლიტიკური გავლენებით ყოფილიყო განპირობებული. არასამთავრობო ორგანიზაციები აგრძელებენ ამ საქმეზე დაკვირვებას და დეტალური შეფასებები სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების შესწავლის შემდეგ განხორციელდება“- ნათქვამია განცხადებაში.